ბლოგი

12:05 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

”მილანი” ალეგრის შემდეგ

მასიმილიანო ალეგრის “მილანიდან” გაშვება განსაკუთრებული მოულოდნელობა ალბათ თვითონ ალეგრისთვისაც კი არ ყოფილა. ერთი არცთუ კორექტული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ალეგრი დიდი ხანია ”ლაფატკაზე იყო შემოდებული” და მისი მოხსნა მხოლოდ დროის ამბავი თუ იყო. ობიექტურები რომ ვიყოთ, არ უნდა ვქნათ ისე, რომ ”მილანის” ბოლოდროინდელი საშინელი თამაში მხოლოდ და მხოლოდ ალეგრის დავაბრალოთ. თუმცა, მწვრთნელის პასუხისმგებლობა ბუნებრივია ყველაზე მეტია და სწორედ ამიტომაც მოხდა ალეგრის გუნდიდან გაშვება.

და მაინც... რა შეეძლო ექნა მასიმილიანო ალეგრის გუნდში, რომელიც მაღალი კლასის ფეხბურთელებს თითქმის აღარ ყიდულობს და ერთ დროს გაუვალი დაცვით სახელგავარდნილი კლუბის უკანა ხაზში ისეთი ფეხბურთელები მიდი-მოდიან (სპეციალურად არ ვამბობ “თამაშობენო”, რადგან მილანის დაცვის მოქმედებას სწორედ აქეთ იქით სიარული ქვია) მათი კლასი რბილად რომ ვთქვათ ძალიან დიდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს. ალეგრიმ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, ”მილანის” ახალ მეპატრონეს, სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილს, ბარბარას არაერთხელ სთხოვა და მოსთხოვა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა, მაგრამ ბერლუსკონებმა ტრადიციულად სიძუნწე გამოიჩინეს და არსებული რესურსებით მოინდომეს ფონს გასვლა, რისი შედეგიც სატურნირო ცხრილში “მილანის” ათეულს მიღმა ყოფნაა.

წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა ძალიან ადვილი საქმეა, მაგრამ რაც არ უნდა ვაქილიკოთ ეს მასიმილიანო ალეგრი, ფაქტია, რომ დიდი ვერაფერიშვილი შემადგნელობით, სწორედ მან გააჩემპიონა ”მილანი” და ყველაფერი რომ მას დავაბრალოთ, იმას მაინც ვერ დავაბრალებთ, რომ კლუბის განახლება (როგორც ფეხბურთელების, ასევე მენეჯმენტის კუთხით) ლამის წარმოუდგენელ და შეუძლებელ ოცნებად იქცა.

მთელი ევროპული პრესა აგერ უკვე მერამდენე წელია ”მილანის” ვაიუშველებელზე და კლუბის კატასტროფულ მდგომარეობაზე წერს. თითქმის ყველამ ყველაფერი იცის და პრობლემის მიზეზებიც ცნობილია, მაგრამ როდესაც ბერლუსკონების ღრმა ჯიბიდან ფულის ამოღებაზე მიდგება საქმე, ყველაფერი ძველებურად რჩება. მთლად არც ისე მინდა გაიგოთ, რომ ბოლო ათწლეულებში ”მილანის” მიერ მოპოვებულ არაერეთ დიდი ჯილდოში სილვიო ბერლუსკონის დამსახურებას ვერ ვხედავთ და ამ კაცის სახელს მხოლოდ მაფიასთან ვაკავშირებთ, მაგრამ თუკი ბერლუსკონიზე არანაკლებ ოდიოზური მასიმო მორატი მიხვდა, რომ მისი დრო უბრალოდ წავიდა, არ იქნებოდა ურიგო ასეთ რამეზე სილვიო და მისი ქალიშვილიც თუ დაფიქრდებოდნენ.

”მილანი” ბერლუსკონების კლანის ოფიციალური კუთვნილებაა და კანონის ძალით რა თქმა უნდა, ვერავინ აიძულებს ამ ხალხს, რომ საკუთარი ქონება გაყიდონ და გაასხვისონ. მაგრამ იმას ვერავინ გაექცევა, რომ საფეხბურთო კლუბი მარმელადის ქარხანა არ არის და კლუბის უკან ასიათასობით ქომაგი დგას თავიანთი იმედებითა და მოლოდინებით.

ესეც არ იყოს, ახლა, როდესაც იტალიურ ფეხბურთში არცთუ დალხენილი სიტუაციაა, აპენინური ბურთაობის გამორჩეული გრანდების დასუსტება კალჩიოს საერთოდ გააპარტახებს და იტალიური ფეხბურთის პატრიოტი ადამიანები ბერლუსკონის მსგავსად არ უნდა იქცეოდნენ. თან, კლუბის ფლობა სულაც არ ნიშნავს მისი მენეჯმენტის ხელში აღებას. არაერთი კარგი და წარმატებული კლუბი ვიცით, რომელთა მფლობელები გუნდის მართვას დაქირავებულ მენეჯერებს ანდობენ და კლუბის მართვაში საერთოდ არ ერევიან. გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, თუკი ეს ადამიანს უნდა. მით უმეტეს, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული და სახელოვანი კლუბის – “მილანის” ბედი წყდება!


0.119708