იტალიაში, შესაძლოა, ფეხბურთელებისადმი მიძღვნილი ძეგლების ბუმი დაიწყოს. ჯერ იყო და, ”რომას” ტიფოზებმა ქალაქ რომის მერს მიმართეს ფრანჩესკო ტოტის ძეგლის დადგმის ნებართვისათვის. რაკი რომის მერი ”ლაციოს” ქომაგი გახლავთ, იტალიელების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამიტომაც აჭიანურებს ფრანჩესკოს ძეგლის დადგმის ნებართვის გაცემას და ამით, რომის მოქალაქეთა დიდი ნაწილის გულისწყრომას იწვევს.
სულ ახლახანს კი, ლომბარდიელი ტიფოზების გულისნადები გამჟღავნდა. ”მილანის” გულშემატკივრების ერთ ნაწილს ძალიან სურს, რომ სტადიონ “სან სიროს” მიდამოებში, მათი საყვარელი კლუბის ლეგენდარული მცველის, პაოლო მალდინის სკულპტურა იხილონ და ამისათვის, სპეციალური ფონდიც კი დაუარსებიათ. ფონდში თანხის გადარიცხვა ”მილანის” ნებისმიერ ქომაგს შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
სხვათა შორის, ორი წლის წინათ, როდესაც პაოლო მალდინიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ლომბარდიაში მაშინაც გაჩნდა სახელმწიფო ხარჯებით მისი ძეგლის დადგმის სურვილი. თუმცა, ლეგენდარულმა მცველმა ამ წინადადებაზე თავად თქვა სასტიკი უარი. ახლა კი, თუკი ძეგლის აგება გულშემატკივრებს შორის შეკოწიწებული სახსრებით მოხერხდა, ფრანჩესკო ტოტის ძეგლის შემთხვევის მსგავსად, იდეის ავტორებს ძეგლის დადგმის უფლების აღება ქალაქის მერიიდან მოუწევთ. ქალაქ მილანის მერზე ვერაფერს გეტყვით და, იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი იქნება თუ არა ამ იდეის განხორციელებაზე თანახმა, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს.