თუკი ესპანეთში აღმოჩნდით, ქუჩაში მიმავალს გზა სრულიად უცნობმა ლამაზმანმა გადაგიღობათ და უფრო მეტიც – ჯიქურ მოგვარდათ და გაკოცათ, ნუ დაფრთხებით და აცუნდრუკდებით, რადგან დიდი შანსია, რომ ეს ქალბატონი ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, მიკელ არტეტას მეუღლე - ლორენა ბერნალი იყოს, რომელიც ესპანეთის ტურისტული სააგენტოს სახედ მუშაობს. ცოტა ხნის წინ, ლორენამ თავად წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული სააგენტოს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ერთობ უცნაური ნოვაცია, რომელიც პირენეს ნახევარკუნძულზე ტურისტების მოსაზიდად, ესპანელი ლამაზმანების კოცნას გულისხმობს.
ლორენა ბერნალი და მის ჯგუფში გაწევრიანებული ასეულობით მშვენიერი ესპანელი გოგონა, ესპანეთის სხვადახვა ქალაქის ქუჩებში გადანაწილდებიან და გეგმიურად დაიწყებენ უცხოელებზე კოცნით “თავდასხმას“. ამ პროექტის იდეის ავტორების აზრით, ეს ტურისტ მამაკაცებში ესპანეთისადმი განსაკუთრებულ თბილ გრძნობებს გამოიწვევს და თავიანთ სამშობლოში ჩასულები, მეგობრებთან აუცილებლად ისაუბრებენ იმაზე, თუ რა საოცარი ქვეყანაა ესპანეთი და როგორ ძალუმად იკოცნებიან უმშვენიერესი ქალები შუა ქუჩაში. ეს ესპანეთისადმი ინტერესს სხვა მამრებსაც გაუჩენს და ისედაც ტურისტმრავალ ესპანეთს, ამ გზით, შესაძლოა, მომავალში მართლაც უფრო მეტი სტუმარი ეწვიოს.
უკვე მესამე წელიწადია, მიკელ არტეტას მეუღლე ესპანეთის ტურისტული სააგენტოს სახეა და ამ დროის განმავლობაში, მრავალ საინტერესო და ორიგინალურ პიარაქციაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქუჩებში უცნობი მამაკაცების “ჩაპროშვნა“ მაინც განსაკუთრებული სიახლეა და ვერ ვიტყვით, რომ მსგავსი იდეა სხვა ქვეყნებში ბევრს აწუხებს. თუმცა, სხვა საქმეა, თავად არტეტას რამდენად მოეწონება იმის ნახვა, თუ როგორ აწებებს მავან შვედ ტურისტ ბაბუას მისი მშვენიერი მეუღლე ტუჩს ტუჩზე.