ბლოგი

10:42 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მიდით ბიჭებო, მიაწექით!

თუკი პსჟ-სა და “მონაკოს” ქომაგების ერთ ნაწილს (და არა ყველას) არ ჩავთვლით, საფრანგეთში თითქმის არავის უხარია გალიის უპირველეს საფეხბურთო ჩემპიონატში ბოლო დროს დიდი ფულის გამოჩენა. უფრო მეტიც, საფრანგეთში უამრავი ადამიანი აპროტესტებს ნავთობითა და გაზით გადაღებული აზიელი თუ რუსი მილიარდელების ფეხბურთში ხელის ფათურს და იმ დროს მისტირიან, როდესაც საფრანგეთის პირველი დივიზიონი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და შეუცნობელი ჩემპიონატი იყო.

როდესაც ფრანგების რეაქციებზე ვკითხულობ, ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე ქართველი ქომაგების იმ ნაწილს, რომლებსაც ქართული ფეხბურთის ერთადერთ ხსნად ფული წარმოუდგენიათ და ოღონდ ფული გაჩნდეს, თუნდაც ავადსახსენებლ ვოლანდს აფათურებინებენ ხელს ფეხბურთში და შესაბამისად მათ სულებშიც. ფეხბურთის განვითარებისათვის ფული რომ მნიშვნელოვანი რამაა, ამაზე მგონი არავინ კამათობს, მარამ ჩვენი ფულის მიმართ ფეტიშიზმი ფრანგთა გონიერების ფონზე ცოტა უცნაურად და არცთუ საამაყოდ მოსჩანს.

თქვენი აზრით, რატომ დებს ევროპულ ფეხბურთში ფულს მავანი რუსი, არაბი ანდა პაკისტანელი მილიარდელი? ამ ფენომენის ახსნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მიღებული თეორიაა, რომ ზემოთხსენებულ პატივცემულ მილიარდელს ცხოვრების გახალისება სურს და საფეხბურთო კლუბის ყიდვაც იმიტომ მოიწადინა, რომ ფეხბურთით გაერთოს და საკუთარი კლუბის წარმატებებით დატკბეს. ჯერ ერთი არავინ იცის ვის თავში რა აზრები ტრიალებს და ვის რა უდევს გულში. მარამ ეს ასეც რომ იყოს და იმ ჩვენს ტკბილ და კოხტა მილიარდელს მართლაც მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე მიბმული ფეხბურთის სიყვარული რომ ამოძრავებდეს, განა ეს არ ქმნის ერთგვარ უხერხულობას?

თავისუფალი ბაზრის პირობებში ვისაც რა სურს და როგორც სურს ისე და იმნაირად ყიდულობს, მაგრამ როდესაც მავანი მონაკოელი კლოდი ხარ და საფეხბურთო კლუბ “მონაკოს” აქამდე შენი წინაპრები და იმათ გარდა კიდევ, გრაფები და ჰერცოგები ქომაგობდნენ და აფინანსებდნენ, ახლა კი ვიღაც “გაზის კაცთა” საჯლიგინო ადგილად ქცეულა, ბუნებრივია არ მოგეწონება ეს ამბავი და ცხვირსაც გვარიანად აიბზუებ. მერე რა, რომ ბევრი ფული კარგი ფეხბურთელების ყიდვას და კლუბის რეკლამირებასაც ნიშნავს...

ახლა ის ხალხიც მინდა გავიხსენო, რომლებიც დაუზარებლად იმეორებენ, რომ ფეხბურთი ფულის საჭრელი მანქანა გახდა და ძველი ხიბლი და პეწი დაკარგაო. ამ დროს კი თვითონ მშვენივრად მიესალმებიან საყვარელ კლუბში ფულით გაზულუქებული სირისტიანი ხალხის მისვლას, რომელთაც კლუბის ისტორიაც, წარსულიცა და ხიბლიც ბოდიშით და სულ ცალ ფეხზე კიდიათ. სწორედ ორმაგი სტანდარტებია ის, რითაც ჩვენში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. სიტყვით მორალისტი, ქცევით ამორალური. სიტყვით საამო, საქმით ამაზრზენი. თქვენ გინდა დემოკრატია ეძახეთ ამას და გინდა სიტყვის თავისუფლება, ფაქტია, რომ მსოფლიო ფეხბურთში გაქსუებულთა თარეშს სწორედ ის ადამიანები მიესალმებიან, რომლებიც გამუდმებულად წუწუნში და კვნესაში არიან: ”ადრე რა კარგი იყო ფეხბურთი, ახლა კი ყოფა გვეტირაო”... სწორედ ესაა უბედურება!

 ახლა ამ ჩვენი შემოდგომის თბილისიდან ალავერდს მინდა გადავიდე ყველა იმ პარიზელ თუ მონაკოელ ქომაგთან, რომლებსაც მიუხედავად მათი კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებებისა, საყვარელი გუნდების ფულის ტომრებად წარმოსახვა მაინც არ მოსწონთ და ამას გამუდმებით აპროტესტებენ. მინდა ამ ხალხს ალავერდში ვუთხრა, რომ ისინი მარტონი არ არიან და სწორედ მათთვის არსებობს ფეხბურთი, სწორედ მათთვის ღირს ფეხბურთის ცქერაში ღამეების ტეხვა! მიდით ბიჭებო, მიაწექით!


 

0.119938