სერია A-ს მე-8 ტურს „რომა“ უდანაკარგოდ შეხვდა. ერთ-ერთი გუნდი, რომელთანაც რუდი გარსიას შეგირდებს თავისი რეალური ძალა უნდა ეჩვენებინათ, „ნაპოლი“ იყო და „მგლებმა“ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
რომში გამართული შეხვედრის გმირად მირალემ პიანიჩი იქცა, ხოლო ანტიგმირად - პაოლო კანავარო. ეს უკანასკნელი მოედანზე 45-ე წუთზე შევიდა. ნეაპოლელთა კაპიტანმა თამაშის წესები სულ 2-ჯერ დაარღვია. ორივე ჯარიმას კანავაროსთვის ყვითელი ბარათის ჩვენება და პიანიჩის საგოლე დარტყმა მოჰყვა. პირველად ეს შესვენებამდე მცირე ხნით ადრე მოხდა, როდესაც ბოსნიელმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა კარგად. 71-ე წუთზე, კანავარომ თამაშის წესები უკვე საკუთარ საჯარიმოში დაარღვია და გარდა იმისა, რომ მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა, პიანიჩმა მოირიგი ზუსტი დარტყმა შეასრულა და „რომა“ წინ 2:0 გავიდა. უნდა ითქვას, რომ პიანიჩს, ალბათ, კარიერაში საუკეთესო კვირა ჰქონდა. მისმა ბოსნიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად გააღწია, ხოლო თავად ფეხბურთელმა, სერია A-ში, დუბლი პირველად გაიფორმა.
„რომამ“ სეზონის სტარტზე ზედიზედ 8 თამაში მოიგო და ის შედეგი დააფიქსირა, რომელიც, აქამდე, სერია A-ს მოგების გარანტია იყო ხოლმე. გარდა ამისა, დედაქალაქელებმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს და აქამდე 4 გუნდის მიერ დაფიქსირებული რეკორდი გაიმეორეს.
რომა-ნაპოლი 2:0 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, პიანიჩი, დე როსი, სტროოტმანი, ფლორენცი (მარკინიო 81), ტოტი (ბორიელო 33), ჟერვინიო (ლიაიჩი 57).
მწვრთნელი: რუდი გარსია.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი (კანავარო 45), მესტო, ბეჰრამი, ინლერი (ჯემაილი 83), კალიეხონი, ჰამშიკი, ინსინიე, პანდევი (იგუაინი 68).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 1:0 პიანიჩი (45+3), 2:0 პიანიჩი (71, პენ).
გაფრთხილებები: პიანიჩი 74, ბენატია 90+2 - პანდევი 25, კანავარო 45+2, ინლერი 74.
გაძევება: კანავარო 70.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 13 (4)-15 (3), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 13-11.