ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გააღწია.
კვალიფიკაციაში მე-5 ნომრად განთესილმა მეტრეველმა გზიდან 2 ყაზახი მეტოქის ჩამოცილება მოახერხა. მან ჯერ ბოგდან ვალიევს მოუგო – 6:0, 6:0, შემდეგ კი, გაცილებით რთულ ბრძოლაში მე-11 რეიტინგის მქონე ალექსეი ნესტეროვს აჯობა – 6:2, 3:6, 6:2.
ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა, ის კი ცნობილია, რომ ალექსანდრე წყვილთა ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს.
ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეტრეველს 5 ქულით 1232-ე ადგილი უკავია, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილს გააჩნია, რომელიც 102 ქულით 386-ეა.