ფეხბურთი

0:23 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეებმა ფრე ლოგიკურად მიიჩნიეს

სატურნირო ცხრილის მეზობელთა შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამოცდილ ბოლნისელებს ევროლიგაზე მოხვედრა განუზრახავთ. ქობულეთის ,,შუქურასაც” იგივე მიზანი ამოძრავებს, თანაც საინტერესო იყო როგორ წარმოჩინდებოდა აჭარელთა გუნდი ახალი დამრიგებლის ამირან გოგიტიძის ხელში.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო.  მასპინძელთა პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. ბოლნისელები საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. სტანდარტული ჩელებაძემ შეასრულა, რომლის დარტყმულს მიმართულება ტუღუშმა შეუცვალა. მერლანს უკვე დაწყებული ჰქონდა მოძრაობა, მართალია მან სცადა საპირისპირო მხარეს მიმქროლავ ბურთზე რეგირება, მაგრამ უხერხულად დაეცა და თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა – 1:0.

როგორც აღმოჩნდა ქვემოქართლელთა კიპერმა ამ მომენტში ტრავმა მიიღო და მალე მისი ადგილი ბათიაშვილმა დაიკავა.

აჭარელთა სადებიუტო უპირატესობა ნელ-ნელა გაქრა და სტუმრებმა თამაშიც და ანგარიშიც მალევე გაათანაბრეს. მე-12 წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ლობჯანიძე ჩალაძემ აკრძალული ილეთით შეაჩერა. შეხვედრის არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ უყოყმანოდ ხელი თერთმეტმეტრიანი  ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის შესრულება ხიზანეიშვილმა ითავა, მაგრამ მის დარტყმულს ჯიოევმა ალღო აუღო და ნახტომში ბურთი მუშტებით მოიგერია. ბოლნისელებმა თავიანთი გაცუდებული საქმე ორ წუთში გამოასწორეს. მარცხენა ფლანგიდან გოგობერიშვილის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე უგულავა აღმოჩნდა, მან მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია – 1:1.

ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. ჩელებაძის დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ბადეს ზემოდან დაეცა. ხიზანეიშვილის სახიფათო საჯარიმო ჯიოევმა უვნებელყო. ნახევარი საათის მიწურულს თუხარელის კარგი შეტევა თანაგუნდელებმა სათანადოდ ვერ დააგვირგვინეს.

ეს იყო და ეს. ტაიმის ბოლომდე მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც იგივე სცენარით გაგრძელდა. მართალია მეტოქეები ბრძოლას არ ერიდებოდნენ, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

თამაშის განახლებისთანავე სამი წუთის ინტერვალში ზედიზედ ორჯერ ურტყამდა გაფრინდაშვილი, მაგრამ მისი მცდელობა ორივეჯერ უშედეგო გამოდგა. განუგრავას შორეული გასროლა მეკარემ მოიგერია.

რაც შეეხება აჭარლებს, მათ შეტევებს დამამთავრებელ ფაზაში სიმწვავე აკლდა, ამიტომ მცველები შედარებით იოლად უმკლავდებოდნენ. სხვებზე მეტად თუხარელი აქტიურობდა, თუმცა მისი ჩაწოდების კარში გადამისამართება შეცვლაზე შესულმა კომახიძემ ვერ მოახერხა.

მიუხედავად ამისა, მატჩის მიწურულს მასპინძლებს შეეძლოთ შეხვედრა გამარჯვებით  დაესრულებინათ. შეტევაში ჩართული ბერუაშვილის დარტყმული ბურთი ფოფხაძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა და თავისიანებს ქულა შეუნარჩუნა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის წარმომადგენლებს კომენტარი ჩამოართვა:

ლადო ბურდული (,,სიონი”) - ,,ქობულეთში 3 ქულის მოპოვება ყველა გუნდისთვის ძნელი იქნება, თან ჩვენ სხვადასხვა მიზეზების გამო ძირითადი შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელი გვაკლდა. ვფიქრობ კარგი თამაში გამოვიდა და ფრე ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია.“

ამირან გოგიტიძე (,,შუქურა”) - ,,ჩემი ხელმძღვანელობით გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა. ძალიან მსურდა გამარჯვება, მაგრამ რას იზამ. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ. დიდი მადლობა მათ ამისთვის. იმედი მაქვს თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ და უკეთესი შედეგიც გვექნება.”

 

შუქურა (ქობულეთი) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (1:1)
12 სექტემბერი
. 16:00 სთ. ,,ჩელე არენა”. 1000 მაყურებელი.                                   

შუქურა:  ჯიოევი, ჩალაძე, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გ. გურული, კუტალია, კუხიანიძე (ლობე 79), თუხარელი, ჩაფიძე (მეტრეველი 53), ჩელებაძე (კ), ზ. ტუღუში (კომახიძე 61);

მთავარი მწვრთნელი:  ამირან გოგიტიძე

სიონი:  მერლანი (ბათიაშვილი 7), გ. კვარაცხელია, ხიზანეიშვილი, კანდელაკი, ფოფხაძე, ცხადაია, განუგრავა, გოგობერიშვილი (კ) (უგრეხელიძე 67), ლობჯანიძე, გაფრინდაშვილი (გურეშიძე 64), უგულავა;

მთავარი მწვრთნელი:  არმაზ ჯელაძე

გოლები:  1:0 ზ. ტუღუში (2),  1:1 უგულავა (14);

გაფრთხილება:  კანდელაკი (27), გ. კვარაცხელია (42), განუგრავა (59), ბათიაშვილი (67), უგრეხელიძე (90);

გამოუყენებელი პენალტი:  ხიზანეიშვილი (12, მეკარე);

მსაჯი:  ლევან კვარაცხელია

0.82643