ფეხბურთი

18:29 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგის” მაღალი მიზნები

მომავალ სეზონში, რუსთავის “მეტალურგი” საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მაღალ მიზნებს ისახავს. ამის შესახებ სამშაბათს, რუსთავში, სტადიონ “ფოლადის” საპრესკონფერენციო დარბაზში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, “მეტალურგის” ახალმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ განაცხადეს.

ზაზა დოლიძე: “წინასასეზონო პერიოდში რუსთავის “მეტალურგში” როგორც ადმინისტრაციული, ასევე, სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ახალი მთავარი მწვრთნელი გელა სანაია გვყავს. თითქმის ყველა რგოლში ფეხბურთელები დავიმატეთ. საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლებთ. კლუბის ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენი გენერალური სპონსორი, რუსთავის მეტალურგიულო ქარხანა ყველაფერში ხელს გვიწყობს. ახალ სეზონს იმედით ვხვდებით”.

გელა სანაია: “მადლობა “მეტალურგის” ხელმძღვანელობას მთავარ მწვრთნელად მიწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პატივია, “მეტალურგის” მსგავსი სერიოზული გუნდის სათავეში ვიდგე. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. თურქეთში, “ფენერბაჰჩეს” ბაზაზე საუცხოო პირობებში ვემზადებოდით. თითქმის ყველა რგოლში ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. კონკურენციის ზრდა მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ხელს შეგვიწყობს”.

- მაღალ მიზნებში რას გულისხმობთ? ქვეყნის ჩემპიონობას, თასის მოპოვებას თუ სამეულში მოხვედრას?

- სეზონის წინ ბრძოლას ყველა მიმართულებით ვგეგმავთ - როგორც ჩემპიონობისთვის, ასევე თასისთვის. თუმცა, სეზონის მსვლელობისას კონკრეტული მიზნები უფრო გამოიკვეთება. პირველ ყოვლისა, მოწინავე ექვსეულში უნდა მოვხვდეთ და შემდეგ გამოჩნდება, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ თუ საპრიზო ადგილებისთვის.

- გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია?

- ამ ეტაპზე დაკომპლექტება დასრულებულია. მოლაპარაკებას არავისთან ვმართავთ. 90-95 პროცენტით დაკომპლექტებულები ვართ. ამ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.

- რაც რუსთავის “ოლიმპი” ჩამოყალიბდა, ხოლო შემდეგ “მეტალურგი” დაერქვა, სეზონი ბოლომდე გუნდის არცერთ მთავარ მწვრთნელს არ დაუსრულებია...

ზაზა დოლიძე: “სანაიასთან ერთად მრავალწლიანი პროექტის განხორციელება გვაქვს ჩაფიქრებული. რუსთავში და მთლიანად რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას ვგეგმავთ. გვსურს, ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელები გავუზარდოთ. სანაიასთან მიდგომა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტური იქნება”.

გელა სანაია: “გუნდში ჩვენი მუშაობა შედეგზეა დამოკიდებული. ხელმძღვანელობისგან სრული კარტბლანში გვაქვს. შევეცდებით, თქვენს მიერ ნახსენები ტრადიცია დავარღვიოთ. შეიქმნება პრეცედენტი, რომ სეზონს რომელი მწვრთნელიც დაიწყებს, ის დაასრულებს”.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, დოლიძემ და სანაიამ გუნდის ახალწვეულებს მუდმივნომრიანი მაისურები გადასცეს, რომლებითაც ისინი მომავალ სეზონში იასპარეზებენ.

გიორგი ბერიაშვილმა 9-ნომრიანი მაისური მიიღო, გიორგი მაისაშვილმა – 8-ნომრიანი, ლევან კაკუბავამ – 27-ნომრიანი, დავით კირკიტაძემ – 18-ნომრიანი, გურამ გურეშიძემ – 77-ნომრიანი, გიორგი ვასაძემ – 5-ნომრიანით, სერგი ორბელაძემ – 24-ნომრიანი, ნიკოლოზ შერმადინმა – 12-ნომრიანი.

0.218999