რუსთავის "მეტალურგმა" პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც მიმოიხილეს თურქეთში გავლილი შეკრება და ამასთან, ახალწვეულებიც წარადგინეს. "მეტალურგის" მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა აღნიშნა, რომ შეკრებით კმაყოფილია და ის ფაქტი, რომ გუნდი ქვედა ექვსეულშია, მოტივაციაზე არ იმოქმედებს. "მეტალურგი" საქართველოს თასზე შეეცდება წარმატების მიღწევას.
"შეკრება ნაყოფიერი გამოდგა. სავარჯიშო პროცესში და თამაშებშიც სხვადასხვა სქემებს ვიყენებდით. ანუ, ერთგვარი ექსპერიმენტები ჩავატარეთ. დროდადრო უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი კონდიციები. ვცდილობით, უარყოფითის აღმოსაფხვრელად მაქსიმალურად გვემუშავა. მზადებით კმაყოფილი ვარ".
იყო პრობლემები: მაგალითად, გამოცდილი ლევან კორღალიძე თურქეთში ვერ ვარჯიშობდა, ახლაც მუხლი აწუხებს და დაახლოებით ერთ თვეში შეეძლება თამაშის დაწყება. მანამდე კი, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. ასევე, გუნდთან ერთად ვერ ემზადება გიორგი მიქაბერიძეც.
"ოთხი ახალი ფეხბურთელი გვყავს და მჯერა, ისინი გუნდს გამოადგებიან. შესაძლოა, კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება მოვახერხოთ, მაგრამ ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა ეს საკითხი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები და ბალანსს ვინარჩუნებთ", - თქვა ყიფიანმა.
"მეტალურგის" სპორტულმა დირექტორმა კახა კოპალეიშვილმა ახალწვეულები წარადგინა, თავიანთი მაისურებით: 21. მეკარე მიხეილ ალავიძე; 10. ნახევარმცველი ლევან კორღალიძე; 33. ნახევარმცველი გოგი ფიფია; 9. ფორვარდი რომან ახალკაცი.
ამას გარდა, "მეტალურგმა" დუბლებიდან დააწინაურა სამი ფეხბურტელი: დაჩი ცნობილაძე, დავით საჯაია და ივანე ხაბელაშვილი, რომელსაც სეზონის პირველ ნახევარშიც უწევდა ძირითად გუნდში თამაში.
"მეტალურგის" საიტის ფოტოები