სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:10 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” გაჭირვებით, მაგრამ მაინც ნახევარფინალშია

პირველი მატჩის სტუმრად წაგების (0:1) შემდეგ, “სპარტაკის” თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ განაცხადა: “მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში გადასვლაა, მაგრამ საპასუხო თამაშში ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთო”.

მართლაც, ცხინვალელებმა სიტყვა შეასრულეს და მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ, არავინ იცის მოედანზე მოვლენები როგორ განვითარდებოდა. პირველ ლიგაში მოასპარეზე “სპარტაკი” ორივე დაპირისპირებაში ღირსეულად გამოიყურებოდა და “მეტალურგს”ტოლი არაფერში დაუდო.

რუსთაველები თასის 1/2-ფინალში კი გავიდნენ, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ უნდა იყოს. მან მატჩის მერე აღნიშნა კიდეც: “პირველი ტაიმში ჩვენს კარში გატანილი გოლი ლოგიკური იყოო”. ძნელია არ დაეთანხმო, რადგან “მეტალურგმა” პირველი ტაიმი “ჩააგდო”. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ სტუმართა კარში ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის მიერ დაშვებული ბავშვურ შეცდომის შემდეგ გავიდა. საბოლოოდ, ყველაფერს ტაბლო წყვეტს და ქვემოქართლელებმა იმდენი მოახერხეს, რომ მათთვის სასურველი ანგარიში დააფიქსირეს.

“სპარტაკმა” 24-ე წუთზე დაწინაურდა, როდესაც უჩა ბურძენაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან არცთუ ძლიერად დაარტყა და ბედიაშვილს ბურთი იღლიის ქვეშ გაუძვრა – 1:0.

34-ე წუთზე, რუსთაველთა საჯარიმო დარტყმის შემდეგ, “სპარტაკის” ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი ვახტანგ კვარაცხელიას მიუვიდა, რომელიც მასპინძელთა კარს ხელსაყრელი პოზიციიდან დაემუქრა და ცხინვალელები ნახტომში გიორგი ნადირაძემ გადაარჩინა.

37-ე წუთზე, გიორგი ნარიმანიძემ შორიდან “გაისროლა” და “მეტალურგი” მეორე გოლის გაშვებისგან ხარიხამ “იხსნა”. 38-ე წუთზე, ზვიად ლობჟანიძემ მარჯვნიდან კუთხური მოაწოდა და კვარაცხელიას თავურმა მიზანს ვერ უწია.

ტაიმის მიწურულს, “სპარტაკის” საჯარიმოს ხაზიდან კვარაცხელიამ დაარტყა და ნადირაძემ კვლავ იყოჩაღა.

“მეტალურგმა” მეორე ტაიმი უფრო აქტიურად დაიწყო და მარცხნიდან კვარაცხელიას მიერ ჩამოწოდებული ბურთი, ლევან ჭაფოძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით შეაჩერა, მაგრამ გიორგი ვადაჭკორიამ აშკარა პენალტი არ დანიშნა. 51-ე წუთზე, ისევ კვარაცხელიამ იაქტიურა და მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად, მაგრამ ცოტა არაზუსტად დაარტყა.

76-ე წუთზე, გოგი ფიფიამ მარცხენა ფლანგიდან კუთხური მოაწოდა, ლუკა რაზმაძის ფეხიდან ბურთი კართან ახლოს მდგომ გიორგი გავაშელიშვილს მიუვიდა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა -1:1.

მე-80 წუთზე, კონსტანტინე ხიზანეიშვილმა წითელი ბარათი კურიოზულ სიტუაციაში მიიღო. მან უხეში თამაშისთვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ხაჩიძემ მის ნაცვლად, თამაზ მაქაცარიამ შეიყვანა. ამ დროს, “მეტალურგმა” შეტევა წამოიწყო და ხიზანეიშვილი თამაშში დაბრუნდა, რის გამო, “სპარტაკი” მოედანზე 12 ფეხბურთელით აღმოჩნდა. მსაჯმა “სპარტაკელს” მეორე “ყვითელი” უჩვენა, რაც ავტომატურად წითელ ბარათად “იქცა.

ვლადიმერ ხაჩიძე: “გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. წასაგები თამაში არ იყო. ჩვენთვის ფრე წაგების ტოლფასი იყო. “მეტალურგი” გამოცდილი გუნდია და მომდევნო ეტაპზე გავიდა”.

გიორგი ყიფიანი: “პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ვიცოდით, რომ იოლი თამაში არ იქნებოდა. მითუმეტეს, პირველი ლიგის გუნდს ყოველთვის მეტი მოტივაცია აქვს. “სპარტაკი” გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ის რომ გოლი გავუშვით ლოგიკური იყო. ეს ფეხბურთელებს პირველი ტაიმის შემდეგ ვუთხარი. მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შევიტანეთ. ბურთს უფრო მეტად ვაკონტროლებდით. მიხარია, რომ 1/2-ფინალში გავედით”.

სპარტაკი (ცხინვალი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:1 (1:0), პ.თ. 0:1

10 აპრილი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, მგელაძე, ლემონჯავა, შონია (კ), ვარლამ კილასონია (კემუხტაშვილი, 85), ხიზანეიშვილი (მაქაცარია, 78), ბურძენაძე (კაკაშვილი, 58), ნარიმანიძე, მეტრეველი.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ლობჟანიძე, სუხიაშვილი, ინწკირველი, გავაშელიშვილი, დავით საჯაია, რაზმაძე (კ), ახალკაცი (ჯაფარიძე, 86), ქავთარაძე (მენთეშაშვილი, 63), ფიფია, ვახტანგ კვარაცხელია (სიხარულიძე, 68).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

გოლები: 1:0 ბურძენაძე (24), 1:1 გავაშელიშვილი (77)

გაფრთხილებები: ქურდაძე (33), ნარიმანიძე (36), კაკაშვილი (70), ხიზანეიშვილი (80), ხიზანეიშვილი (80).

გაძევება: ხიზანეიშვილი (80).

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

  

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115311