მესუთ იოზილი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მადრიდის “რეალიდან” ლონდონის “არსენალში” გადავიდა. “მეთოფეებმა” 24 წლის ნახევარმცველში 42,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ბრიტანული მედია მიიჩნევს, რომ ბეილის “ტოტენჰემიდან” წასვლის შემდეგ, იოზილის ლონდონში გადაბარგება ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი და მოულოდნელი ტრანსფერია. მთავარი კითხვა ისაა, თუ რატომ გაუშვა “რეალმა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სხვა გუნდში. ჟოზე მოურინიომაც თქვა, მქონდა ბედნიერება მესუთთან მემუშავა და გარწმუნებთ, მისი დარი ფეხბურთელი დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტა თუ მოიძებნებაო.
ასეა თუ ისე, იოზილი “მეთოფე” გახდა, გუნდის მაისურიც მოირგო და მისივე თქმით, არსენ ვენგერის გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებას აპირებს. გერმანული Bild-ის ცნობით კი, სანამ მესუთი გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების სათამაშოდ იმყოფება, მის მეგობარ გოგონას, მენდი კაპრისტოს ლონდონში ახლობელი გაუგზავნია, სამი მისამართი მიუცია და სახლის შერჩევა უთხოვია. სახლს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 6 ოთახისა, დიდი სააბაზანოთი და სამზარეულოთი. თვიური გადასახადი კი 6 500 გირვანქას არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა ბრიტანელმა ჟურნალისტებმა უკვე შეიტყვეს, რომ ერთ-ერთი სახლი ჩელსის რაიონში ყოფილა (მოგეხსენებათ, ჩელსი ლონდონის ყველაზე მდიდრული უბანია – რედ.), რაც “არსენალის” ფანებს ნამდვილად არ მოეწონებათ.
23 წლის მენდი კაპრისტოს პირველად ნიჭიერ ბავშვთა კონკურსში გაუთქვამს სახელი, შემდეგ ჯგუფ “მონროსის” წვრი გამხდარა, რომელსაც ბოლო 4 წელიდაში 3 მილიონზე მეტი დისკი გაუყიდია. შარშან აპრილში კი მას სოლო ალბომიც გამოუშვია. 2010 წელს ჟურნალ FHM-ის მკითხველებს ის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად დაუსახელებიათ. ბოლო დროს მენდი გერმანიაში ერთობ რეიტინგულ შოუ-პროექტში - “მოდი ვიცეკვოთ” - მონაწილეობს და სულ უფრო პოპულარული ხდება. ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლონდონში ის ისეთი ელიტარული საფეხბურთო ქალბატონების (Footballing WAGs) გვერდით დაიკავებს ადგილს, როგორებიც კოლინ რუნი, შერილ კოული, ები კრაუჩი და რა თქმა უნდა, ვიქტორია ბექჰემი არიან.
მესუთს და მენდის ერთმანეთი თურმე ძალიან უყვართ, ფეისბუქში საერთო გვერდიც კი გაუხსნიათ და მეგობრებთან სულ სიყვარულზე საუბრობენ. მხოლოდ საინტერესო ისაა, როგორ იცხოვრებენ ისინი შეუღლების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, თურქული წარმომავლობის იოზილი მორწმუნე მაჰმადიანია, დღეში რამდენჯერმე ლოცულობს და ყურანიდან რაღაც-რაღაცეები კრიშტიანუ რონალდუსთვისაც უსწავლებია. “თამაშის წინ ყოველთვის ვლოცულობ და ჩემმა თანაგუნდელებმა იციან, რომ ამ დროს არ უნდა შემაწუხონ, - ამბობს იოზილი, - ალაჰს ყოველთვის ვევედრები დამიფაროს და გზა გამინათოს. სწორედ ეს არის ჩემი წარმატების საიდუმლო.”
მოკლედ, ამათი ისტორია ერთ ძველ ამბავს წააგავს. ხომ გახსოვთ ყურბან საიდის ცნობილი მოთხრობა “ალი და ნინო,” იქ მუსლიმ აზერბაიჯანელს, ალი ხან შირვანშირს, ქრისტიანი, ქართველი ნინო ყიფიანი შეუყვარდება. მათი სასიყვარულო და ფათერაკებით სავსე თავგადასავალი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული. მაგრამ ის ამბავი პირველი მსოფლიო ომის დროს ხდება, ახლა კი 2013 წელია, ამიტომ მესუთს და მენდის, ალბათ მშვიდად შეუძლიათ გააგრძელონ ურთიერთობა. თუმცა...…