ინტერვიუები

18:31 | 25.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

მესუთ ოზილი: “თურქებმა ყველაზე მეტად იციან ოჯახისა და მეგობრების სიყვარული”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მესუთ ოზილმა ინტერვიუ მისცა პოპულარულ ესპანურ ყოველთვიურ ჟურნალ GQ-ს. გამოცემის კორესპონდენტისა და ფეხბურთელის საუბარი სექტემბრის ნომერშია დასტამბული და ოზილის ინტერვიუ ჩვენი ვებგვერდის მკითხველსაც გვსურს შევთავაზოთ.


- მადრიდის “რეალი” მეტად პოპულარული გუნდია, თუმცა, გასვლით მატჩებში “მტრული” ტრიბუნების პირისპირ გიწევთ თამაში. არ გიჭირთ ამგვარ პირობებში ასპარეზობა?
- როდესაც მწვანე საფეხბურთო მინდორზე გავდივარ, ორგვლივ არსებულ მდგომარეობას ყურადღებას არ ვაქცევ. მხოლოდ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. რასაკვირველია, როცა კუთხურიდან ან აუტიდან ბურთის თამაშში შესაყვანად ტრიბუნებს ვუახლოვდები, მოწინააღმდეგე გუნდის ფანების შეურაცხმყოფელი ფრაზები კარგად მესმის, მაგრამ ვცდილობ უღირს ადამიანებს არ ავყვე და ჩემი პროფესიული ვალი მოვიხადო. მე ხომ ფეხბურთის თამაში უზომოდ მიყვარს. ეს სიყვარული კი ზუსტად ისეთივეა, როგორიც გელზენკირხენში, თანატოლებთან ბურთაობისას მქონდა.
- ამბობენ, საფეხბურთო ვარსკვლავი რომ გახდე, ნიჭზე მეტად შრომაა საჭიროო...
- შრომისმოყვარეობას არასდროს ვუჩიოდი, ამასთან, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვიყავი და ყოველთვის მეტისთვის მსურდა მიმეღწია. თავდაპირველად უფროსი ძმისთვის მინდოდა მეჯობნა, შემდეგ მეგობრებისთვის. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ და ვყალიბდებოდი, როგორც ფეხბურთელი. როგორც კი ზიდანის ასპარეზობას ვნახავდი, ქუჩაში გავრბოდი და ზიზუს მიერ შესრულებული საფეხბურთო ელემენტების გამეორებას ვცდილობდი. ამბიციური გახლავართ და ადრეული ასაკიდან არ მიყვარდა, რომელიმე ფეხბურთელი ჩემზე უკეთ თუ თამაშობდა.
- საიდან ასეთი ამბიცია?
- როდესაც ჭაბუკთა გუნდებში ვთამაშობდი, ყველა მაქებდა. სახლში მისულს კი მამა გვერდით მომისვამდა და მეუბნებოდა, არ დაუჯერო მაყურებელს, ჯერ კიდევ ძალიან შორს ხარ ნამდვილი ფეხბურთელობისგანო. იგი დაუფარავად მიმითითებდა ნაკლზე, რასაც მწვრთნელებიც კი ერიდებოდნენ.
- გულშემატკივრებში გავრცელებული სტერეოტიპული აზროვნების თანახმად გერმანია ყოველთვის “მძიმე თამაშით” გამოირჩევა, არადა სამხრეთ აფრიკის შარშანდელ მუნდიალზე ბუნდესნაკრებმა სულ სხვა ასპარეზობა აჩვენა...
- ჩემთვის ფეხბურთის თამაში სიამოვნების მიღების ყველაზე კარგი საშუალებაა. ახლაც კი, ქუჩაში ბურთს რომ დავინახავ, პატარა ბავშვივით ყველაფერს ვივიწყებ და თამაშს ვიწყებ. არადა, ამის გამო შესაძლოა, მნიშვნელოვან საქმეზე დავიგვიანო. გერმანიის ნაკრებს რაც შეეხება, ჩვენთვის შედეგთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ლამაზ სტილში ასპარეზობა.
- გასულ წელს სადებიუტო სეზონი გქონდათ “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ჯერჯერობით “ბარსელონა” გჯობნით...
- ესპანეთის “სამეფო თასის” მოგებამ დაგვარწმუნა, რომ “ბარსელონას” ძლევა “რეალის” ძალას არ აღემატება. ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში უტიტულოდ არ დავრჩებით.
- უფრო მეტად რა მოგწონთ, როდესაც კრიშტიანუ რონალდუს შედეგიან გადაცემას უკეთებთ თუ თავად გაგაქვთ ბურთი მოწინააღმდეგის კარში?
- ერთიც დიდ სიამოვნებას მგვრის და მეორეც. კრიშტიანუსა და სხვა მადრიდელი პარტნიორების გვერდიგვერდ თამაში უდიდესი სიამოვნებაცაა და შთაგონების წყაროც. თანაგუნდელთა უმრავლესობამ კარგად იცის, როდის და რა მიმართულებით უნდა გაიხსნას. ასეთ დროს მათთვის პასის მიცემა იოლია – პარტნიორები თავად მთავაზობენ შეტევის საუკეთესო გაგრძელების ვარიანტს.
- ჟოზე მოურინიოს ირგვლივ დებატები არ წყდება. ერთნი მას უდიდეს საფეხბურთო სპეციალისტად თვლიან, მეორენი, მარტივად რომ ვთქვათ, ცუდ ადამიანად და ფეხბურთის მკვლელად...
- ძალიან მიკვირს ამგვარი კატეგორიის გულშემატკივრების. სეუ ჟოზე მართლაც რომ განსაკუთრებული პიროვნება და მწვრთნელია. იგი ძალიან სათუთად ეპყრობა ფეხბურთელებს. განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეებს. ჩვენთვის იგი არა მარტო დამრიგებელი, არამედ მეგობარიცაა.
- გელზენკირხენში ინტერნაციონალურ კვარტალში გაიზარდეთ. როგორი მოგონებები გაკავშირებთ ბავშვობის წლებთან?
- ლიბანელ, ტუნისელ, თურქ და გერმანელ ბიჭუნებთან ერთად ვთამაშობდი და ვმეგობრობდი. სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან მიხდებოდა ურთიერთობა. ამიტომ როდესაც წამოვიზარდე, არც ერთ კლუბში პარტნიორებთან გაუგებრობა არ მომსვლია.
- თავს უფრო მეტად თურქად მიიჩნევთ თუ გერმანელად?
- ჩემი მშობლები თურქეთში დაიბადნენ, მე კი სამყაროს გერმანიაში მოვევლინე და ალემანთა ქვეყანაში აღვიზარდე. თავს გერმანელად ვთვლი, მაგრამ ვამაყობ თურქული ფესვებით. თურქებმა ყველაზე ძლიერ იციან ოჯახისა და მეგობრების სიყვარული.

გოჩა კაჭარავა
 

0.119161