ინტერვიუები

16:36 | 6.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

მესუთ ოზილი: “რეალი” ნომერ პირველი კლუბია”

ბოლო პერიოდში, მადრიდის “რეალის” გერმანელი შუახაზელი მესუთ ოზილი კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდა, რასაც მის მიერ თუნდაც პრიმერა დივიზიონში გასულ შაბათს ჩატარებული მატჩიც მოწმობს. “სამეფო კლუბმა” “ხეტაფეს” 1:0 მოუგო, გოლი კი სერხიო რამოსმა სწორედ მესუთის პასის შემდეგ გაიტანა. ესპანურმა გაზეთებმა დაწერეს, ოზილის “რადიომართვადი” ჩაწოდება რამოსმა თავურით გოლად გარდასახაო. გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ინტერვიუ ჩამოართვა მესუთს, რომლის შემოკლებულ ვარიანტს ჩვენი ვებგვერდის მკითხველს ვთავაზობთ.

- “რეალი” 7 ქულით უსწრებს “ბარსელონას”. როგორ გგონიათ, “სამეფო კლუბმა” პირველობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ უპირატესობას უკვე მიაღწია?
- თუკი სეზონის ბოლომდეც ამგვარ წარმატებულ თამაშს განვაგრძობთ, კატალონელები ჩემპიონობას ნამდვილად ვეღარ შეგვეცილებიან. ისე კი, კარგად გვესმის, ყურადღების მოდუნება არცერთ მატჩში რომ არ შეიძლება.
- თქვენი აზრით, მაინც რომელია უფრო ძლიერი – პრიმერას გათამაშების ცხრილში პირველ პოზიციაზე დამაჯერებლად მყოფი “რეალი”, თუ მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა”?
- ლა ლიგაში მოწინავე პოზიციაზე ვართ, ამიტომაც “რეალი” ესპანეთში ნომერ პირველი გუნდია. “სამეფო კლუბი” ბოლო 100 წლის ყველაზე დიდი და წარმატებულია.
- იანვარში გოლი გაიტანეთ და 6 შედეგიანი გადაცემა შეუსრულეთ პარტნიორებს. იქნებ აგვიხსნათ მიზეზი, რის გამოც ახალი წლიდან კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდით...
- ზამთრის პაუზამ ჩემზე სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა. თურქეთში ვიყავი, ოჯახის წევრებთან ერთად გულიანად დავისვენე. არც ფეხბურთზე მიფიქრია და უცხო ადამიანებთან კონტაქტიც არ მქონია. დასვენების შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თავს უკეთ ვგრძნობ. ამჟამად უფრო ძლიერად და სტაბილურად თამაში შემიძლია.
- ესპანური პრესა თქვენი შეფასებისას “არასტაბილურია”. ჩვენი კოლეგები ხან დითირამბებს გიძღვნიან, ხანაც “ფეხბურთის არმცოდნედ” მოგიხსენიებენ. ბოლო პერიოდში პირენელმა ჟურნალისტებმა “გენიალური ჯადოქარი” გიწოდეს. მასმედიელთა ამგვარი ცვალებადობა თქვენ სათამაშო განწყობაზე არ მოქმედებს?
- “რეალის” ნებისმიერმა ფეხბურთელმა იცის – ნორმალურ დონეზე თამაშის შემთხევეაშიც კი პრესის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლი არ ასცდება. მადრიდელი გულშემატკივრებისთვისაც ეს ჩვეულებრივი ამბავია. აი, თუკი კარგად იასპარეზებ, შესაძლოა, ქების ტალღამ ღრუბლებამდე აგისროლოს. ყოველმხრივ უნდა შეეცადო, არ აყვე ამ უკიდურესობებს და სიმშვიდე შეინარჩუნო. თავისუფალ დღეებში, ვცდილობ, არც პრესას გავეცნო და ფეხბურთსაც არ ვუყურო. სიმშვიდესა და სიჩუმეში ძალის აღდგენას უკეთ ვახერხებ.
- ამასწინათ “მარკამ” დაწერა, ოზილს “რეალში” კარგა ხნით დარჩენა სურსო. მართალს ამბობენ ჩვენი კოლეგები?
- ასეა. კარიერის დასრულება “რეალში” მინდა. ეს ადვილი სულაც არ იქნება, რადგანაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” წლების განმავლობაში დარჩენა იოლი საქმე არაა. “სამეფო კლუბი” ლამის ყოველწლიურად ახალ-ახალ ვარსკვლავებს იზიდავს და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება წარმოუდგენლად რთულია. ისე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, “რეალი” ყველა დროის უდიდესი კლუბია და კარიერის სხვაგან გაგრძელებაზე რატომ უნდა ვფიქრობდე?
- გუნდში დიდი კონკურენციაა. კაკას მწყობრში ჩადგომის შემდეგ თითქოს თქვენსა და ბრაზილიელს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი ჟოზე მოურინიოს, თუმცა, სადღეისოდ ორივენი სასტარტო შემადგენლობის წევრები ხართ...
- მე და კაკამ დავამტკიცეთ, რომ ერთდროულად მინდორზე ყოფნით “რეალისთვის” საკმაო სარგებლობის მოტანა შეგვიძლია. კაკას თამაშის დროსაც კარგად ვუგებ და მინდვრის გარეთაც. ბრაზილიელი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ვფიქრობ, “რეალი” მხოლოდ მოგებული დარჩება, თუკი მე და კაკა ერთდროულად ვიქნებით ძირითადში.
- ევროპის მომავალ ჩემპიონატზე გერმანიას პორტუგალიასთან ერთ ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა. “რეალის” ბუნდესნაკრებელები და პორტუგალიელთა ეროვნული გუნდის წევრები კრიშტიანუ რონალდუ, კოენტრაუ და პეპე ერთმანეთის მეტოქეები გახდებით...
- როდესაც კონტინენტის პირველობის კენჭისყრა მიმდინარეობდა, “რეალის” მოთამაშეები ავტობუსში ვისხედით და იქ ვეცნობოდით წილისყრის შედეგებს. როდესაც ჩვენმა პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა შეიტყვეს, რომ მოწინააღმდეგედ გერმანია ერგოთ, ხასიათი გაუფუჭდათ. ყველამ იცის ბუსდესნაკრების ჭეშმარიტი ძალა. საქვეყნოდ ვაცხადებ – გერმანია პოლონეთ-უკრაინაში მხოლოდ ჩემპიონობის მოსაპოვებლად გაემგზავრება, ამიტომაც პორტუგალიელთა დამარცხებაც “მოგვიწევს”.
 
მოამზადა გოჩა კაჭარავამ
 

0.126015