ინტერვიუები

12:57 | 1.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

"მესის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მესია"

მესის სიდიადეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. არგენტინელი ვარსკვლავი ფენომენალურ თამაშს, გოლებსა და დრიბლინგებს აგრძელებს, ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს და როგორც პიროვნება, MARCA-ს ინტერვიუდანაც ჩანს. მესი თავმდაბალ ადამიანად რჩება, რომელსაც არ უყვარს სკანდალი. ეს ბევრს აღიზიანებს, ბევრმა სცადა მისი მწყობრიდან გამოყვანა, მაგრამ ის რჩება იმად, რაც არის.
- როგორია თქვენი პირველი მოგონებები ფეხბურთზე?
- მახსოვს, სამი-ოთხი წლის რომ ვიყავი, მაშინ ვთამაშობდი რაიონში. მაქვს ფოტოები, სადაც ასეთი პატარა ვარ და ბურთი მაქვს ფეხში.
- და რაიონის გუნდში ისწავლეთ, თუ როგორ უნდა გაერიდოთ სარმებს?
- ბავშვობაშიც ეს სტილი მქონდა. სიმართლე გითხრათ, ფეხებში თუ მირტყამდნენ, სულ არ მაღელვებდა.
- "ბარსელონას" აკადემიაში რომ მოხვედით, ის პერიოდი ტკბილ მოგონებად გრჩებათ თუ მწარედ?
- ორივე. ერთის მხრივ, ამხელა კლუბის აკადემიაში მოხვედრა მიხაროდა, მეორეს მხრივ, არგენტინიდან შორს ყოფნა მიჭირდა. ნულიდან ვიწყებდი, ახალი მეგობრები უნდა გამეცნო, ყველაფერს უნდა შევჩვეოდი. თანაც, მაშინ ვერ ვთამაშობდი, რადგან დაშავებული ვიყავი. პრობლემები იყო ჩემს დოკუმენტებთან დაკავშირებითაც. მოკლედ, თავიდან ძალიან მიჭირდა.
- ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელი მოგწონდათ იმ დროს?
- პაბლო აიმარი "რივერ პლეიტში" და "ვალენსიაშიც". მომწონდა მისი სტილი.
- დაბალი იყავით და ამის გამო ხომ არ გრძნობდით უხერხულობას?
- არასოდეს. არადა, ყოველთვის ყველაზე დაბალი ვიყავი - სკოლაშიც და საფეხბურთო გუნდებშიც.
- რა მოგცათ "ბარსელონამ", რა მოიმოქმედა თქვენს დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში?  
- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყოველთვის ერთ სტილში ვთამაშობდი. "ბარსამ" ფუნდამენტური წარმოდგენა შემიქმნა დიდ ფეხბურთზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი, რა კანონებით უნდა იცხოვროს. აქ მასწავლეს მუშაობა, აზროვნება და აქ გავიგე, თუ რა არის ტაქტიკა. არგენტინაში მხოლოდ დავრბოდი, ვერთობოდი - ეს იყო ჩემი დავალება "ნიუელს ოლდ ბოისში".  
- 2005 წელს ჟოან გამპერის თასზე ფაბიო კაპელომ შეგამჩნიათ და ძალიან შეგაქოთ. ის მაშინ "იუვენტუსში" მუშაობდა და თქვენი ყიდვა მოისურვა.
- კაპელოს თბილი სიტყვები დღესაც მახსოვს. ასეთი დიდი მწვრთნელისგან ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. კაპელოს დიდი გამოცდილება აქვს და ბევრი ტიტული მოუგია. ბევრი როდი დაიკვეხნის მისი მსგავსი მიღწევებით. ასეთი პიროვნებებისგან ქება სტიმულს იძლევა.
- თითქოს ფრანკ რაიკარდის გაწვრთნილი "ბარსელონაც" არანაკლებ მოსწონდათ, ვიდრე დღევანდელი. რა მოხდა მაშინ, რატომ ვერ გააგრძელა რაიკარდის გუნდმა წარმატებების სერია?
-  მიჭირს თქმა. ჯერ "რეალმა" მხოლოდ ბურთების სეფარდებით გაგვასწრო და ჩემპიონი გახდა, შემდეგ სეზონში სულაც მესამეზე გავედით და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი წავაგეთ "მანჩესტერთან"... ცვლილებები საჭირო გახდა.
- რონალდინიო და დეკუ ასე უცებ რატომ ჩაქრნენ?
- ვერ განვსჯი. ვიტყვი მხოლოდ ისა, რომ ჩემი გუნდში მისვლის პირველივე დღიდან, რონალდინიო და დეკუ ბევრს მეხმარებოდნენ. მათი მადლობელი ვიქნები სიცოცხლის განმავლობაში. არა მარტო მათი, არამედ სილვინიოსი და მოტასი.
- ბევრს საუბრობენ თქვენს განსაკუთრებულ დიეტაზე. გაგვანდობთ სიმართლეს?  
- დიახაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ სენსაციურს ვერაფერს გეტყვით. მართალია, გარკვეული შეზღუდვები მაქვს, მაგრამ მთლიანობაში, რაციონი ჩვეულებრივია. ეგაა, ბევრ თევზს ვჭამ.
- მესის ქება არ წყდება. როგორ ერევით დიდებისგან თავბრუსხვევას?
- ძალიან იოლად: თვითკრიტიკული ვრჩები. ვფიქრობ, მესის ყველაზე დიდი გამკრიტიკებელი სწორედ მესია. დამიჯერეთ, სხვებზე უკეთ ვიცი, თუ როდის ვთამაშობ კარგად და როდის - ცუდად.
- როცა ბურთს იღებთ, ინსტიქტურად მოქმედებთ თუ საუკეთესო გადაწყვეტილებაზე წინასწარ გაქვთ ნაფიქრი?
- ჯერ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობ და მინდა, რომ მეტოქის კართან ახლოს მივიტანო ბურთი, შემდეგ კი ყველაფერი თავისით ხდება.   
- სატრენაჟორო დარბაზში დიდ დროს ატარებთ?
- ყოველთვის ვცდილობ, რომ ფიზიკურად მაღალ დონეზე ვიყო მომზადებული, ჩემს სუსტ მხარეებზე ვმუშაობ. ამასთან, ვერ გეტყვით, რომ სატრენაჟორო დარბაზში ვატარებ თავისუფალ დროს. დიდ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მანიჭებს ფიზიკური ვარჯიში - ისევე, როგორც სხვებს.
- როცა მესიზე ლაპარაკობენ, ჩავისა და ინიესტასაც ხშირად ახსენებენ.
- დიდი ფეხბურთელები არიან. მათგან ყოველთვის შეიძლება სწავლა. ისინი ერთმანეთს რაღაცით ჰგვანან. რა თქმა უნდა, ჩავის თავისი ჩვეულებები აქვს, ინიესტას კი თავისი, თუმცა ფეხბურთის მხრივ, ერთი ცომისგან არიან მოზელილნი.
- ვინ დავასახელოთ "ბარსას" ლიდერად - მესი, ჩავი თუ ინიესტა?
- ლიდერს პირდაპირი გაგებით თუ ავიღებთ, ასეთი "ბარსას" არ სჭირდება. ყველამ იცის თავისი მოვალეობა მინდორზე და ესაა უმთავრესი.
- ვარჯიშზე, ჩვეულებრივი ორმხრივი თამაშისას თუ აგებთ, საშინლად ბრაზდებით და სჯობს, არავინ მოგეკაროთ - ასეა?
- ამასვე ვიტყოდი "ბარსას" ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე. ვარჯიშის დროს წაგებასაც კი ყველა მტკივნეულად განიცდის. ეს გუნდს ეხმარება და მოგების წყურვილს მატებს. რაც შემეკითხეთ, დიახ, ასეა და ასეც უნდა იყოს.
- არგენტინაში როგორ ატარებთ ხოლმე თავისუფალ დროს?
- ძალიან მიყვარს შინაური ატმოსფერო, როცა ბევრნი ერთ მაგიდასთან ვიკრიბებით. ოჯახის წევრები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები.
- 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე ფიქრობთ?
- მსოფლიოს ჩემპიონობა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და კარიერის პიკია. არგენტინელისთვის კი, განსაკუთრებით. ის ფაქტი, რომ მუნდიალი ბრაზილიაში ტარდება, მხოლოდ ინტრიგას მატებს არგენტინისთვის.
- რას გრძნობთ, როცა პელესა და მარადონას გადარებენ და ბევრნი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც მიგიჩნევენ?
- არ მოვიტყუები, ამის მოსმეა ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, ვფიქრობ, დასკვნის გაკეთების დრო ჯერ არ მოსულა.
- თქვენი შვილი ფეხბურთელი გამოვა?
- რასაც მოისურვებს, ის გამოვა. ჯერ გაიზარდოს, შემდეგ კი ვნახოთ, რას გადაწყვეტს თავად და რა მოუნდება დედამისს. რა თქმა უნდა, მამამისსაც...    

 

0.116541