გულშემატკივრის სვეტი

14:18 | 20.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მესის უხერხულობანი

არგენტინელი ლეო მესი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა. განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! ”ანტიბარსელონისტებიცა” და “ანტიარგენტინელებიც” კი აღიარებენ, რომ ლეო მესის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და მისი ბრწყინვალების ციალს ძნელია თვალი გაუსწორო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ფიფას გალა-წარმოდგენის შემდეგ, როდესაც მესი მსოფლიოში საუკეთესოდ ცნეს, აღმოჩნდა, რომ ლეო მესის წარმატება არც მეტი, არც ნაკლები, ყველაზე მეტად, ”ბარსელონას” ქომაგებს ეწყინათ. უფრო სწორად, კი არ ეწყინათ, უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ აღნიშნული ტიტული ლეოზე მეტად სხვა კატალონიელი ფეხბურთელებისათვის – ხავისა და ინისეტასთვის ემეტებოდათ. ბოლოს და ბოლოს, შარშან ამ ორმა კატალონიელმა ჯეელმა ხომ ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, მსოფლიოს თასის მოგებაც შეძლო და ამას გარდა, როგორც “ბარსელონას“ ასევე “ფურია როხას“ შემადგენლობაში, უდავოდ გამორჩეულნი იყვნენ.   
 ლეო მესის დიახაც, რომ აღმერთებს კატალონიური კლუბის ქომაგობა და ჭკუათმყოფელი კაცი არ მეგულება, რომელიც ამ ახალგაზრდა არგენტინელზე აუგს იტყვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ”ბარსას” გულშემაკივრების აბსოლუტური უმრავლესობა, ესპანეთის ან ჰოლანდიის ნაკრებებს ქომაგობს და ბოლო წლებში მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებასთან ასე ახლოს ალბათ, არც ერთი ესპანელი ფეხბურთელი არ ყოფილა (სამწუხაროა, რომ ჰოლანდიელი სნეიდერი საერთოდ საუკეთესო სამეულს მიღმა დარჩა, თუმცა, ისიც ძნელია, რომ ამჟამინდელი სამეულის: მესი, ხავიმ, ინიესტა - ღირსეულობაში მცირედითაც კი, შეიტანო ეჭვი). სწორედ აქედან იღებს სათავეს კატალონიელთა გულისწყრომაც.
 მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარება ხომ ციდან არ ცვივა. შეიძლება, ფეხბურთელმა მთელი თავისი კარიერის მანძილზე უმაღლეს დონეზე ითამაშოს (მაგალითად, თუნდაც: რობერტო კარლოსი, ბატისტუტა, დელ პიერო და სხვა...) მაგრამ, საუკეთესოს ტიტულს ყოველთვის სხვები იღებდნენ, რამეთუ სადაც ზიდანის, ფიგუს, ლუის რონალდოსა და მათ მსგავსთა სიკაშკაშეა, იქ ჯენარო გატუზოს ჯიგრიანი გარჯა და ბატისტუტას ფანტასტიკური გოლები აღარავის ახსენდება.
 ფაქტი კი ის არის, რომ ლეო მესიმ საუკეთესოს წოდება ნამდვილად დამსახურებულად მიიღო, მაგრამ ამ აღიარებამ ერთგვარი უხერხულობა საკუთრივ, ჩია არგენტინელსაც კი შეუქმნა. დაჯილდოებიდან ორი დღის შემდეგ, მესიმ აღიარა კიდეც, რომ თანაგუნდელების წინაშე თავს ერთგვარად დამნაშავედაც კი თვლის, იმის გამო, რომ ჯილდო მას მიანიჭეს და არა ხავის ან ინიესტას, რომლებიც ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. არადა, მესი როგორ უნდა დაადანაშაულო იმაში, რომ  2010 წელსაც, 2009 წლის მსგავსად, მართლაც გრიგალივით დაჰქროდა მინდორზე და “ცხოვრებას უწამლავდა” მოწინააღმდეგეებს. თანაგუნდელებს აძლევდა ფენომენალურ პასებს და გოლები გაჰქონდა წარმოუდგენელი პოზიციებიდან. ვინ მოთვლის აღტაცებისაგან დაკრული ტაშით, რამდენი ქომაგის ხელის გული გადაატყავა ამ თავმდაბალმა კაცმა და რამდენი მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს გაუთენა “შავი დღე”. მართლაც, განა მესია ”დამნაშავე” იმაში, რომ კარგად თამაშობს? არადა, გულწრფელად შეგეცოდება ესპანური ფეხბურთის მოტრფიალენიც... აბა გასინჯეთ, როგორია, როდესაც ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონი ხდები, ამარცხებ პლანეტის უძლიერეს ნაკრებებს, ადიხარ საჩემპიონო ოლიმპზე, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ურუგვაელ ფორლანს ასახელებენ, შემდეგ, იმართება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გამოვლენის სხვადასხვა ტიპის ცერემონიალი და იქ, ყველა ჯილდოს არგენტინელი მესი იხვეჭს. ბუნებრივია, იტყვი - ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი ხომ ფეხბურთელებმა გახადეს? განა არ იმსახურებდა რომელიმე ”ფურია როხოელი” საუკეთესოდ დასახელებას? განა ეს ტრიუმფატორთა დაუფასებლობა არაა? სწორედ იმიტომ, უნდა გვესმოდეს ესპანელთა გულსტკივილიცა და დარდებიც, მაგრამ ორი რუსეთისა არ იყოს, არც ორი ჭეშმარიტება არსებობს. ჩვენ განვლილ წელს, ერთად ვუყურეთ მსოფლიოს ჩემპიონატსაც, ევროტურნირებსაც და ევროპის ქვეყნების ეროვნულ პირველობებსაც. ჩვენ ვიცით, ვინ არის ლეო მესი და ვერ დავხუჭავთ თვალს მის გენიალურობაზე. სიმართლე კი, მხოლოდ ერთია - ლეო მესი ნამდვილად საუკეთესოა მსოფლიოში!
 

ლევან სეფისკვერაძე   


 

0.118256