უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიერ დასახელებულ 2013 წლის გუნდში, “ბარსელონას” და არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ლიონელ მესის ადგილი არ მოიძებნა.
ხსენებული ვებგვერდის ინფორმაციით, გამოკითხვაში 6 300 000 გულშემატკივარი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო მაჩევენებლია. აქვე გეტყვით, რომ მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ, წლის გუნდში მერვედ მოხვდა, აქედან ზედიზედ მეშვიდედ. მსგავსი შედეგი ჯერ არავის ჰქონია. რაც შეეხება მესის, 2007 წლიდან მოყოლებული, არგენტინელი პირველად დარჩა უეფას ვებგვერდის მკითხველთა ვერსიით წლის გუნდის მიღმა.
2013 წლის გუნდში მოსახვედრად 40 კანდიდატი იყო წარდგენილი, რომლებიც uefa.com-ის რეპორტიორებმა კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებში თამაშის მიხედვით შეარჩიეს. წლის გუნდში სამი დებიუტანტია: მანუელ ნოეირი, დავიდ ალაბა და მარკო როისი. ალაბა პირველი ავსტრიელია, რომელიც საერთოდ ხსენებულ გუნდში მოხვდა, ხოლო როისი დორტმუნდის “ბორუსიას” პირველი ფეხბურთელია, ვისაც ასეთი პატივი ერგო. ტიაგუ სილვა ერთადერთი არაევროპელია, რომელიც 2013 წლის გუნდში შეიყვანეს.
ხმის მიცემის პროცესის დროს ყველაზე მეტად პორტუგალიელები აქტიურობდნენ. ამ ქვეყნიდან უეფას ოფიციალურ ვეგვერდზე თავისი პოზიცია 137 521-მა ადამიანმა დააფიქსირა. შემდეგ, გერმანია და პოლონეთი მოდიან. ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, უეფასგან 100 000 ევროთი დაჯილდოვდება, ხოლო თავის მხრივ ის ამ თანხას საერთაშორისო “წითელ ჯვარს” გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ წლის გუნდი უეფას ოფიციალური ვებგვერდის მომხმარებლების მიერაა შედგენილი და ამ ორგანიზაციის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.
2013 წლის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”).
მცველები: სერხიო რამოსი (“რეალი”), ტიაგუ სილვა (პსჟ), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”).
ნახევარმცველები: მარკო როისი (“ბორუსია”), მესუთ იოზილი (“რეალი”/“არსენალი”), გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”/“რეალი” ), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”).
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ).