კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის კლუბისგან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ითხოვს და ამავდროულად, კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტს, ხავიერ ფაუსსაც აკრიტიკებს.
ცოტა ხნის წინათ, ფაუსმა განაცხადა, რომ ის მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან დაუშვებელია, კლუბმა ფეხბურთელის ხელშეკრულება ყოველ 6 თვეში ერთხელ განაახლოს. სწორედ ამ განცხადების კომენტირება სთხოვეს ჟურნალისტებმა მესის.
“ფაუსს ფეხბურთის არაფერი ესმის. მას უნდა “ბარსელონა” ისე მართოს, როგორც ბიზნესი. სინამდვილეში, “ბარსა” ბიზნესზე გაცილებით მეტია. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, რომელსაც საუკეთესო ხელმძღვანელები უნდა მართავდნენ.
არც მე და “ბარსელონას” არც რომელიმე სხვა წევრს კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოგვითხოვია. ფაუსმა ეს შესანიშნავად იცის.” – აცხადებს ლიონელ მესი.
ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იმ ბრალდებასაც პასუხობს, რომლის თანახმადაც, ის საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით ფინანსურ სარგებელს ღებულობდა: “მამასთან ხშირად ვსაუბრობ. ის ჩემი კომპანიისა და ფონდის პრეზიდენტად რჩება. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია, ის კი მოედანს მიღმა საკითხებითაა დაკავებული. არ მომწონს, თუ როგორ საუბრობენ მამაზე და ფონდზე.” – მესის ამ სიტყვებს, RAC1-ზე დაყრდნობით, Marca ავრცელებს.