ფეხბურთი

19:33 | 28.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მეშვიდეს წინ: "მერანი" ყველაზე რთული გამოცდის წინ

უმაღლესი ლიგის განვლილ 6 ტურში გასულია 82 გოლი, ანუ საშუალოდ ერთ მატჩში 2,3 გოლი. მწირი შედეგიანობაა, თუმცა მივეჩვიეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ხშირია უგოლო ფრეები, ან ერთგოლიანი შეხვედრები. ზოგიერთ მატჩში, კარში დარტყმაც კი იშვიათია, თუმცა საბედნიეროდ, კარგი თამაშებიც გამოერევა ხოლმე.

კვირას მეშვიდე ტურის 5 მატჩი გაიმართება, მეექვსე კი ორშაბათს, ქუთაისში ჩატარდება. ძნელია, ცენტრალური შეხვედრა გამოარჩიო, რადგან სეზონი მაინც ახალი დაწყებულია, თუმცა, თუ კონკრეტულად ერთზე მიდგა საქმე, თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირებას დავასახელებდით. ამ შეხვედრას პირველი არხიც აჩვენებს პირდაპირი ეთერით.

"სიონი" (ბოლნისი)-"ჩიხურა" (საჩხერე) 

29 სექტემბერი. 16:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 

დისკვალიფიცირებული: ლაშა პარუნაშვილი (სიონი).

მსაჯები: გ. ვადაჭკორია; ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია; ო. ხეცაძე.

ეს კლუბები წინა თასის გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "ჩიხურა" დაძაბულ ბრძოლაში (2:0, 0:1) გავიდა ფინალში, რითაც ევროსაგზური გაინაღდა. განგებ ვთქვით "ეს კლუბები" და არა "ეს გუნდები", რადგან მას შემდეგ შემადგენლობები საკმაოდ შეიცვალა. ამ სეზონში "ჩიხურა" უკეთ გამოიყურება და ყველაზე შედეგიანი გუნდია ჩემპიონატში.

დიმიტრი ტატანაშვილი უკვე მერამდენე ქართულ კლუბში ამტკიცებს, რომ კარგი ფორვარდია. საერთოდაც, სოსო ფრუიძეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და ვფიქრობთ, "სიონს" იოლი მატჩი არ ექნება. არადა, ბოლნისელებს ექვსეულში გასვლა თუ სურთ, აქედანვე უნდა მოუმატონ, თორემ მერე გვიან იქნება.

შემადგენლობას როცა ვახსენებთ, არც "სიონია" ჯაბანი – გიორგი კიკნაძეს ჰყავს როგორც 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები, ასევე 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები. ერთი რამ აუცილებლად აღსანიშნავია: "სიონს" ბევრი აკლდება იმით, რომ საკუთარ "თამაზ სტეფანიაზე" ვერ თამაშობს. იქ, მხოლოდ 100 კაციც რომ მივიდეს, მეტოქე უკვე წნეხში ექცევა.        

 

"მეტალურგი" (რუსთავი) – "ზუგდიდი"'M

29 სექტემბერი. 16:00. რუსთავი. "ფოლადი"

დისკვალიფიცირებული: ლუკა გუგუჩია (ზუგდიდი)

მსაჯები: ლ. სილაგავა; ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა; ა. ბალსეჰლო.

რუსთაველებისგან უკეთეს სტარტს ელოდნენ, რეალობა კი ისაა, რომ ბევრ გოლს უშვებენ. შეკრება "ფენერბახჩეს" ბაზაზე, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება – ჯერჯერობით, ეს თვალსისაცემი ვერაა და ისე მოხდა, რომ გელა სანაიას გუნდმა, ჩემპიონატისთვის სპონტანურად მომზადებულ "გურიასთან" წააგო.

რაც შეეხება "ზუგდიდს", მათი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ჯერჯერობით, კლიმენტი წიტაიშვილის გუნდი, სხვების ფონზე, ძალიან სუსტად სულაც არ გამოიყურება. ზუგდიდელებს გოლების გატანა უჭირთ და კიდევ უფრო გაუჭირდებათ დისკვალიფიცირებულ ლუკა გუგუჩიას გარეშე, თუმცა ვნახოთ: მებრძოლი ხასიათი რომ აქვთ, ეს "სიონთან" მატჩშიც დაამტკიცეს.

"დილა" (გორი) – "სპარტაკი" (ცხინვალი)

29 სექტემბერი. 16:00. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

დისკვალიფიცირებული: კახა ალადაშვილი (დილა)

მსაჯები: ჯ. ხორავა; გ. ჩიგოგიძე, ზვ. ერქვანია; ბ. ნინუა.

"დილას" ჩემპიონატში 1 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია, მას შემდეგ კი, სამმა ტურმა განვლო. გიორგი დევდარიანის გუნდი უჩვეულო სერიის შეწყვეტას შეეცდება და თუ მეტოქის ცხრილში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მოგება თითქოს არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა "სპარტაკიც" კარგ ხასიათზე ხვდება თამაშს: მათ "ზესტაფონს" აჯობეს, ხოლო თასზე, ქუთაისში 2:2 დაასრულეს "ტორპედოსთან".

გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას სწრაფად შეცვლა იოლი არაა. "დილას" წაფორხილებაც, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ.  

 “ზესტაფონი" – "გურია" (ლანჩხუთი)

29 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

დისკვალიფიცირებული: ილია კანდელაკი (ზესტაფონი), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია).

მსაჯები: ხ. გაგნიძე; ი. უკლება, დ. ჩიგოგიძე; მ. ბეუქლიშვილი.

გუნდები, რომლებმაც ყველაზე ბოლოს დაიწყეს ჩემპიონატისთვის მზადება. ზედიზედ ორი დასანანი მარცხი განიცადა რატკო დოსტანიჩის "ზესტაფონმა", თანაც, ორივეჯერ ბოლო წუთებზე: "სპარტაკთან" და თასზე "სიონთან". გუნდს ერთადერთი მოგება აქვს და ვინც იმ მატჩს უყურა, დაგვერწმუნება, რომ უცნაურია "ზესტაფონის" ასეთი მდგომარეობა ცხრილში – ვგულისხმობთ "დილასთან" 2:0 მოგებას, სადაც დოსტანიჩის გუნდმა პირწმინდად აჯობა მეტოქეს. "ზესტაფონს" ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა არაა ტემპი, ჟინი და კომბინაციური თამაში.

"გურიას" კი ქება ეკუთვნის. დავით მახარაძის გუნდის ბედი ჰაერში იყო გამოკიდებული, დღეს კი, ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გურულებმა ჩემპიონატში შინ 9 შესაძლებლიდან 9 ქულა აიღეს, მაგრამ უკუშედეგი აქვთ გასვლაზე – ნული ქულა და ასევე ნული გატანილი გოლების გრაფაში. 

ერთიც: "ზესტაფონმა" წინა სეზონში ერთ-ერთი მტკივნეული დარტყმა, სწორედ "გურიასგან" მიიღო, თასის მერვედფინალში გასვლაზე 1:0 მოგების შემდეგ, შინ 2:3 წააგო და გავარდა.     

 

"დინამო" (თბილისი) – "მერანი" (მარტვილი)

29 სექტემბერი. 18:00. თბილისი. "დინამო არენა"

მსაჯები: ი. ცაუნე (ლატვია); ა. ლემკინსი (ლატვია), ი. ტაგიევსი (ლატვია); გ. დოგრაშვილი.

თბილისის "დინამომ", ცუდი სტარტის შემდეგ, იპოვნა თავისი თამაში და გოლების იშტაზე მოვიდა. ჩემპიონატ_თასიანად, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, საერთო ანგარიშით 16:0. შთამბეჭდავია, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ დუშან უჰრინის გუნდი, ამ 4 შეხვედრაში, მოწინავე კლუბებს არ შეხვედრია.

მარტვილის "მერანი" კი, აგერ, უკვე მესამე სეზონია, რიგიანად თამაშობს, ასეთი კარგი სტარტი კი მაინც არ ჰქონია. სიმპათიას იმსახურებს ეს გუნდი და მისი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია, რომელიც, საფეხბურთო წრეში ჩახედული ადამიანების საერთო აზრით, ჭკვიანი და საქმის მცოდნე სპეციალისტია. ამას რა სჯობს – ბოლო წლებში, სხვა თუ არაფერი, ახალგაზრდა მწვრთნელების პროგრესი შეინიშნება.

დღეს "მრეანი" მხოლოდ ქულით ჩამორჩება "დინამოს" და დიდწილად, "დინამო არენაზე" გამოჩნდება ამ გუნდის ძალა. ოღონდ ძალა იმისა, შესწევს თუ არა ლიდერთა ჯგუფში ტრიალი, თორემ საშუალოებში აქამდეც იყო.    

საინტერესოა, რომ შეხვედრას ლატვიელი მსაჯები მოემსახურებიან.

"ტორპედო" (ქუთაისი) – "ვიტ ჯორჯია" (თბილისი)

30 სექტემბერი. 17:00. ქუთაისი. ცენტრალური სტადიონი.

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი; ზ. ფიფია, კ. ტეფნაძე; თ. გვანცელაძე. 

ქუთაისის "ტორპედო" ერთადერთი წაუგებელი გუნდია ჩემპიონატში. ჟერარდ სარაგოსას ახალგაზრდული გუნდი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (3). მართალია, გატანილიც ძალიან ცოტა აქვთ (6), მაგრამ მოდით, შევთანხმდეთ: "ტორპედო" მოსალოდნელზე უკეთ გამოიყურება. ზოგი სულაც კატასტროფას ელოდა ამ გუნდისგან, არიქა, "საბავშვო ბაღი" სირცხვილს ჭამსო. და შედეგი? თურმე, შესაძლებელია საქართველოს ჩემპიონატში ახალგაზრდებზე დაყრდნობა. 

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", მგონი, წინა სეზონისგან განსხვავებით, იზრდება გუნდი. ნელი ტემპით, მაგრამ მაინც. ვიტელები ლიდერებთან კვლავაც ვერ ყოჩაღობენ, თუმცა თავის კბილა გუნდებთან ურიგოდ არ გამოიყურებიან. ცხრილის შუაში არიან და ბოლო 2-3 წელიწადში ესეც სანატრელი ჰქონდათ.   

 

სატურნირო მდგომარეობა

1      დინამო                   6             4             1            1           11:4         13            
2 ჩიხურა 6 4 0 2 13:8 12
3 მერანი 6 4 0 2  9:7  12
4 ტორპედო 6 3 3 0  6:3 12
5 გურია 6 3 0 3  6:8   9 
6 ვიტ ჯორჯია 6 2 2 2  7:5  8
7 დილა 6 2 2 2  7:7  8 
8 მეტალურგი 6 2 2 2  6:9  8 
9 სიონი 6 2 1 3  7:7  7
10 ზუგდიდი 6 1 2 3  3:9   5
11 ზესტაფონი 6 1 1 4  5:7  4
12 სპარტაკი 6 1 0 5  2:8  3

 

მეგოლეები: 4 – დიმიტრი ტატანაშვილი ("ჩიხურა"), 3 – გრიგოლ დოლიძე, ირაკლი მოდებაძე (ორივე - “დილა”), დორინ გოგა ("დინამო"), ლადო ახალაია (“სიონი”), ირაკლი ქობალია ("ზესტაფონი")

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.



0.137978