კონფედერაციის თასზე მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” 35 წლის მეკარემ ჯიჯი ბუფონმა მატჩისშემდგომ პენალტებში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და “სკუადრა აძურას” მესამე ადგილი მოუტანა.
მართალია გუნდებს ისეთი მოტივაცია არ ჰქონდათ, როგორც ფინალში გასვლის შემთხვევაში ექნებოდათ, მაგრამ თუ მრავლისმნახველი იტალიელებისთვის ეს ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პრესტიჟის მატჩი იყო, ურუგვაელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გახლდათ. მათი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი ამბობდა: ჩვენთვის მე-3 ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმის დასტური იქნება, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების რიცხვში ვართო.
თამაში ადგილობრივი დროით უჩვეულოდ ადრე დაიწყო და სიცხემ თავისი დაღი დაასვა სანახაობრივ მხარეს. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ ყოფილა. იტალიელთა გოლიც ცოტა უცნაური გამოდგა. სამხრეთამერიკელთა საჯარიმოს მარჯვენა კუთხესთან ჯარიმა დაინიშნა. დიამანტიმ შორეული კუთხისკენ დაარტყა, მეკარე მუსლერას ეგონა, რომ სცდებოდა კარს, მაგრამ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა მერე მუსლერას ზურგში და კარის ხაზზე ყველას დავიდე ასტორიმ აჯობა - 0:1.
დიამანტიმ “თავისი” ჯარიმა მაინც გაიტანა. 73-ე წუთზე მან ულამაზესი გოლი მიითვალა, რითაც იტალიელები კიდევ ერთხელ დააწინაურა. თუმცა, მანამდე, მეორე ტაიმის დასაწყისი ნამდვილად ურუგვაელებისა იყო და 58-ზე კავანიმ გაათანაბრა კიდეც, შემდეგ იტალიელთა კიპერმა ბუფონმა ჩაიდინა პატარა სასწაული, როცა პირისპირ გასულ ფორლანს ზედიზედ 2 ურთულესი დატრტყმა აუღო.
დიამანტეს ჯარიმა ვახსენეთ და ხუთ წუთში არანაკლებ ეფექტური საჯარიმო გაიტანა კავანიმ. “ნაპოლის” შემტევმა ოსტატურად შემოავლო ბურთი ცოცხალ კედელს და დუბლიც მიითვალა, თუმცა ამ ეპიზოდში ბუფონმა ნახტომი ოდნავ დააგვიანა.
მერე იყო დამატებითი დრო, რომელშიც ურუგვაელები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ, თუმცა ისიც გავიხსენოთ, რომ “სკუადრა აძურამ” სამიოდ დღის წინათ ურთულესი 120-წუთიანი ნახევარფინალი გადაიტანა ესპანელებთან.
პენალტების სერიაში კი ბუფონმა 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მეკარეა.
ურუგვაი – იტალია 2:2 პენ. 2:3 (0:1, 2:1, 0:0, 0:0)
30 ივნისი. კონფედერაციათა თასი.
მატჩი მე-3 ადგილისთვის. სალვადორი. “არენა ფონტე ნოვა.”
ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, მაქსი პერეირა (ალვარო პერეირა 81), კასერესი, გოდინი, როდრიგესი (გონსალესი 56), გარგანო, არევალო (დიეგო პერესი 107), სუარესი, ფორლანი, კავანი
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
იტალია: ბუფონი, კიელინი, ასტორი (ბონუჩი 96), დე შილიო, დე როსი (აკუილანი 70), მონტოლივო, მაჯო, კანდრევა, ჯილარდინო, დიამანტი (ჯაკერინი 83), ელ შაარავი
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი
გოლები: 0:1 ასტორი (24), 1:1 კავანი (58), 1:2 დიამანტი (73), 2:2 კავანი (78)
თერთმეტმეტრიანები: ფორლანი 0:0 (მეკარე), აკუილანი 0:1, კავანი 1:1, ელ შაარავი 1:2, სუარესი 2:2, დე შილიო 2:2 (მეკარე), კასერესი 2:2 (მეკარე), ჯაკერინი 2:3, გარგანო 2:3 (მეკარე)
გაფრთხილება: მაქსი პერეირა (8), სუარესი (61); კიელინი (55), მონტოლივო (82)
გაძევება: მონტოლივო (110)
მსაჯი: ჯამელ ჰაიმუდი (ალჟირი)