თბილისის “დინამოს” ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ბერძნულ გამოცემა gazzetta.gr-სთან საუბარში განაცხადა, რომ მის თაობაზე გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს ინფორმაცია მეკარე გიორგი ლორიამ მიაწოდა.
“საწყის სამ მატჩში ოფი-მ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. გარკვეული ხნის განმავლობაში გატუზო ჩემს მსგავს ფეხბურთელს ეძებდა. ლორიამ ამის შესახებ მითხრა და ჩემს თაობაზე გატუზოსაც ჰკითხა. ორი საათის განმავლობაში ინფორმაცია შეაგროვეს და გატუზოს პირველი სიტყვები იყო: “კარგი”. ის ძალიან თბილი ადამიანია, რაც ვიგრძენი და ისეთი შთაბეჭდილება შემექნა თითქოს დიდი ხანია ვიცნობ”, - თქვა მერებაშვილმა.
ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ოფი-ში ადაპტაციაში ლორია ეხმარება: “ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში კონკურენციისთვის მზად ვარ. მთავარია, რომ აქ ლორიაა. ჩვენ “დინამოში” ერთად ვიზრდებოდით, ვმეგობრობთ და მისი ყოფნა მეხმარება”.
მერებაშვილის თქმით ისრაელის გუნდები იწვევდნენ, მაგრამ არჩევანი საბერძნეთზე შეაჩერა: “ჰაიფას “მაკაბი”, თელ-ავივის “მაკაბი”, ასევე სხვა ქვეყნების გუნდები მართლაც დაინტერესდნენ, მაგრამ არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი არცთუ კარგადაა ცნობილი და ეს მოთამაშეებს ხელს უშლის. მიხარია, რომ საბერძნეთში მოვხდი და ამის სამი მიზეზი მაქვს. პირველი ის რომ, გუნდში ლორიაა. მეორე გატუზოს ყოფნაა, რომელიც “მილანის” ლეგენდაა, მაგრამ უბრალო ადამიანია. გარდა ამისა, საბერძნეთის ჩემპიონატში მაღალი დონეა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. ჩემთვის ეს კარიერაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რაც მახარებს”.