ფეხბურთი

21:26 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

”მერანმა” ”ჩიხურას” შანსი არ დაუტოვა

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის V ტურში მარტვილის ”მერანსა” და საჩხერეს ”ჩიხურას” შორის გამართული მატჩი მართლაც რომ სანახაობრივი გამოდგა. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ლამაზი გოლები, ბევრი საგოლე მომენტი და საინტერესო თამაში იხილა.

  სანამ უშუალოდ მატჩზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ”ჩიხურა” ამ მატჩამდე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი იყო და სპეციალისტების აზრით საჩხერელებს სმტრედიაში ქულები არ უნდა დაეკარგათ, თუმცა..

  ”მერანმა” თავიდანვე შეუტია მეტოქეს და მეორე წუთზე ფლანგზე კიჭი მელიავას შესანიშნავი გარღვევის შედეგად კარგი შანსი ჰქონდა ანგარიში გაეხსნა, მელიავამ ცრუ მოძრაობით თავბრუ დაახვია ”ჩიხურას” მცველებს და გოლიც უნდა გასულიყო, მაგრამ სტუმარი გუნდი მეკარემ კუთხურზე მოიგერია ბურთი.

 თუმცა მარტვილელებმა მაინც შეძლეს სწრაფი გოლის გატანა. შეხვედრის მეათე წუთზე ”მერანის” დებიუტანტმა ბექა ციკოლიამ ადვილად მოატყუა მეტოქე გუნდის  ორი მცველი და მელქაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, ამ უკანასკნელმა ტექნიკურად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში, თევდორაძე უძლური იყო 1:0.

  სწრაფი გოლი ერთგვარი ცივი შხაპი იყო საჩხერელებისთვის, ”ჩიხურამ” შეეცადა სწრაფადვე აღედგინა წონასწორობა, მაგრამ სიჩქარეში ფეხბურთელები უფრო მეტ შეცდომას უშვებდნენ და თითქმის არაფერი გამოსდიოდათ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ  ”ჩიხურა” უნიათოდ გამოიყურებოდა, თავდასხმის ხაზი ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, ალბათ, ამის მიზეზი მეორე ტაიმში რატი წინამძღვრიშვილის მოედნიდან გაყვანა იყო.

  ”ჩიხურას” უფერული თამაში უფრო ”მერანის” ”დამსახურება იყო, გუნდმა უშეცდომოდ ითამაშა და საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა.

  მიუხედავად იმისა, რომ ”მერანი” იგებდა, გუნდი დაცვაში არ ჩამჯდარა, უფრო მეტიც, თამაში ”მერანის” კარნახით მიმდინარეობდა, რასაც 22- წუთზე ციკოლიას გოლი მოჰყვა, რომელსაც ასისტენტობა გამოცდილმა შოთა ბაბუნაიშვილმა გაუწია.

 აღსანიშნავია ისიც, რომ ციკოლიას ამ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ”მერანის” შემადგელობაში, რაც გოლით და საგოლე გადაცემით აღნიშნა.

  მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ”ჩიხურამ” უფრო დიდი ძალით შეუტია მეტოქეს, 24 -წუთზე ”მერანის” საჯარიმო მოედანზე მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს, რითაც კარგად ისარგებლა ჯამბულ ჯიღაურმა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

  ”ჩიხურა” პირველ ტაიმშივე ცდილობდა ანგარიში  გაეთანაბრებინა, თუმცა საკუთარ კარში მიიღო ბურთი, კერძოდ 39-ე წუთზე ”მერანის” ერთ-ერთი კონტრიერიში გამოცდილმა ექსტორპედოელმა შოთა ბაბუნაიშვილმა ლამაზი გოლით დააგვირგვინა.

 44- ე წუთზე ჩიხურა ურტყამდა ”მერანის” კარის მიმართულებით, თუმცა მერანელთა კიპერმა ჯონი შეროზიამ ლამაზ ნახტომში მოიგერია ბურთი.

 ტაიმი ასე მორჩა.

  მეორე ტაიმი საჩხერელთა შეტევებით დაიწყო და 47-ე წუთზე ლაშა ჭელიძეს ანგარიშის შემცირების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, მისი დარტყმული მცირედით აცდა მერანელთა კარს.

59-ე წუთზე ისე „ჩიხურამ“ განახორციელა შეტევა „მერანის“ კართან, ოდიკაძის ჩაწოდებულს გაბედავამ შეუცვალა მიმართულება თუმცა ამჯერადაც კარგად ითამაშა ”მერანის” მეკარემ და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

„ ჩიხურას“ ”მერანმა” კონტრიერიშებით უპასუხა, ჯერ ბაბუნაშვილს ჰქონდა კარგი შანსი, თუმცა, მცველს მოხვდა ბურთი და სტუმრები გადარჩნენ, 74-ე წუთზე კი მელქაძე რჩებოდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა, თევდორაძემ ითამაშა კარგად გამოსვლაზე.

 76 - წუთზე ისევ ოდიკაძეს ჰქონდა ანგარიშის შემცირების შანსი, მაგრამ მეკარემ ამჯერადაც უშეცდომოდ ითამაშა.

  მსაჯმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა, სწორედ დამატებით წუთებზე ოდიკაძის მიერ ჩაწოდებული ბურთი  კუჭუხიძეს მოხვდა ხელზე და მსაჯმა თერთმეტრმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. „მერანის“ ქომაგები და ხელმძღვანელობა მსაჯის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, თუმცა არბიტრმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.

 პენალტი თვითონ ოდიკაძემ შეასრულა ზუსტად. გატანილი ბურთის შემდეგ ფაქტობრივად დრო არ რჩებოდა, მსაჯის მიერ დამატებული 5 წუთიც ამოიწურა და ”მერანმა” მეტად საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

 მატჩის შემდეგ:

მალხაზ ჟვანია: რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით. ხარისხიც კარგი იყო და რაც ყველაზე მთავარია, საგოლე მომენტები კარგად გამოვიყენეთ . ვულოცავ ”მერანის” ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.

 - ბექა ციკოლია. ეს ფეხბურთელი დებიუტანტია, რას იტყოდით მის დებიუტზე?

 - მან ჩემი იმედები გაამართლა. გოლი და საგოლე გადაცემა კარგ თამაშთან ერთად -  უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებდა ფეხბურთელი... ბექა მოსკოვის ”სპარტაკის” აღზრდილია და შარშან გადმოვიდა ჩვენთან. იმედი მაქვს ასე გააგრძელებს.

სოსო ფრუიძე: ”მერანს” ვულოცავ გამარჯვებას, მარტვილელებმა  ეს დაიმსახურეს, იბრძოლეს და შედეგიც სახეზეა. ”ჩიხურამ” ძალიან ცუდად ითამაშა, სწრაფმა გოლმა გაგვტეხა და ბიჭები მეორე ტაიმში ცუდი განწობით გავიდნენ. ”მერანს” წარმატებებს ვუსურვებ.

 

 მერანი - ჩიხურა 3:2 (3:1)

 13 სექტემბერი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტდაიონი. 500 მაყურებელი

 მერანი: შეროზია, ფარულავა, ქარქუზაშვილი, ხუბუა, მელიავა, ფონიავა, ციკოლია (კერძევაძე), მელქაძე ( შულაია), ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, კვანტალიანი (გეგეჭკორი).

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

 ჩიხურა: თევდორაძე, ჭელიძე, ჯიღაური, გაბედავა, წინამძღვრიშვილი (ჩიკვილაძე), დათუნაიშვილი (კვასხვაძე), ბეჭვაია (ლომაშვილი), კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, რეხვიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

გოლები: 1:0 გიორგიმელქაძე (10), 2:0 ბექაციკოლია (22), 2:1 ჯაბაჯიღაური (24), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (40), 3:2 დავითოდიკაძე (91)

გაფრთხილება: ფარულავა (10), გაბედავა (35) გეგეჭკორი (79)

 მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)

1.          ტორპედო                             4            3       1      0        6:3          10       
2. ჩიხურა 5 3 0 2 10:7 9
3. მერანი 5 3 0 2 7:7 9
4. ვიტ ჯორჯია 5 2 2 1 7:3 8
5. მეტალურგი 5 2 2 1 5:6 8
6. დინამო  4 2 1 1 7:4 7
7. სიონი 5 2 1 2 7:5 7
8. დილა 4 2 1 1 6:4 7
9. გურია 5 2 0 3 3:7 6
10. ზესტაფონი 5 1 1 3 5:6 4
11. ზუგდიდი 5 1 1 3 3:9 4
12. სპარტაკი 4 0 0 4 1:6 0

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

ედემი ელერჯია 

ავტორის ფოტო

0.13746