მარტვილის "მერანმა" სამტრედიაში ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და შინ პირველი მარცხი იწვნია. "ტორპედო" მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლად ასპარეზობს და დღევანდელ მატჩშიც დაამტკიცა, რომ მისი კარგი გამოსვლა ეროვნულ პირველობაზე შემთხვევითი არაა. მართლაც, რომ კარგი გუნდი ჰყავს ჟერარდ სარაგოსას. თავის მხრივ, "მერანსაც" შინ ოთხიდან ოთხი მატჩი ჰქონდა მოგებული და დიდი მოლოდინი იყო იმისა, რომ "მასპინძლები" არაფერს დაუთმობდნენ მრისხანე მეტოქეს, თუმცა "ტორპედომ", შეიძლება ითქვას, ერთი ამოსუნთქვით მოიგო და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
პირველი სახიფათო მომენტი "ტორპედოს" ფეხბურთელებმა შექმნეს. 14-ე წუთზე ფანცულაია გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა მერანელთა მეკარემ გამოსვლა არ დააგვიანა და ხიფათიც განიმუხტა. მატჩის მეცხრე წუთზე მაინც მიაღწია საწადელს "ტორპედომ" - დავით უბილავამ მოზომილი გადაცემა გაუკეთა მარტვილელთა საჯარიმოში მყოფ თორნიკე კაპანაძეს, ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა თავური დარტყმით ანგარიში გაეხსნა 0-1.
11-ე წუთზე ქუთაისელებმა ერთგვარი შტურმი მოაწყვეს "მერანის" კართან, საბოლოო დარტყმა ნიკა საბანაძესი იყო, მაგრამ "მერანის" მცველებმა მოახერხეს ბურთის საჯარიმოდან გამოტანა.
"მერანს" პირველი ტაიმში ღირებული არაფერი შეუქმნია, ციკოლიას გასვლას თუ არ ჩავთვლით ქვილითაიასთან პირისპირ, თუმცა, არც ამ შეტევას მოჰყოლია ხიფათი.
სამტრედიაში ჩამოსული "ტორპედოს" გულშემატკივრები მეორე გოლს ითხოვდნენ და ფეხბურთელებმაც სწრაფად შეუსრულეს თავიან ერთგულ ქომაგებს სურვილი. შეხვედრის 28-ე წუთზე, გიგაურის ჩაწოდებულ ბურთს ჭელიძემ შეუშვირა თავი და მეკარე უშანსოდ დატოვა, 0:2. 39-ე წუთზე ბაბუნაშვილმა დაარტყა ძლიერად, მაგრამ ბურთი მარტვილელთა მეკარეს ხელებში მიუვიდა.
"მერანისთვის" სასიკეთოდ მეორე ტაიმშიც არაფერი შეცვლილა - მარტვილელები ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას მაგრამ, არაფერი გამოსდიოდათ. 51-ე წუთზე შულაიას ჰქონდა ანგარიში შემცირების შანსი, თუმცა სუსტად დაარტყა და ქვილითაიას არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება.
მატჩის საბოლოო ანგარიში, გიორგი კუხიანიძემ დააფიქსირა. მან შეხვედრის 59-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ძლიერად დაარტყა და "მერანის" კარი მესამედ აიღო.
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (“მერანის” მთავარი მწვრთნელი): “მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი არ გვყავდა. წარმატებისთვის მეტი შრომა და თავდადებაა საჭირო”.
- ეს დღეები აქტუალური თემაა თქვენი კარიერის შესაძლო გაგრძელება სხვა გუნდში. კერძოდ, საუბრობენ "დინამო2"-ში გადასვლაზე...
- ჯერჯერობით აქ ვარ. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ჟერარდ სარაგოსა (“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი): "მერანი” კარგი გუნდია და დღევანდელმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა. მითუმეტეს, მარტვილელებს საშინაო შეხვედრებში ქულები დღემდე არ ჰქონდა დაკარგული".
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:3 (0:2)
6 ოქტომბერი. სამტრედია. ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 800 მაყურებელი
მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ფარულავა, ქარქუზაშვილი, გეგია, ფონიავა, ციკოლია, კერძევაძე, მელიავა (ქაჯაია, 64), შულაია (აშორტია, 77), ბაბუნაშვილი (კვანტალიანი, 54).
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
ტორპედო: ქვილითაია, ცინცაძე, გიგაური, საბანაძე, კუხიანიძე, ფანცულაია, ხიდეშელი (ჭანტურია, 56), მთივლიშვილი (გაბაძე, 75), კაპანაძე (გოროზია, 66), ჭელიძე, უბილავა,
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გოლები: კაპანაძე (9), ჭელიძე (28), კუხიანიძე (59)
გაფრთხილება: კერძევაძე (5), ხიდეშელი (83), გიგაური (84)
მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე
1. | დინამო | 8 | 6 | 1 | 1 | 19:7 | 19 | |
2. | ტორპედო | 8 | 5 | 3 | 0 | 13:4 | 18 | |
3. | ჩიხურა | 8 | 5 | 1 | 2 | 17:11 | 16 | |
4. | გურია | 8 | 4 | 0 | 4 | 8:9 | 12 | |
5. | მერანი | 8 | 4 | 0 | 4 | 11:14 | 12 | |
6. | ვიტ ჯორჯია | 8 | 3 | 2 | 3 | 13:11 | 11 | |
7. | დილა | 8 | 3 | 2 | 3 | 10:10 | 11 | |
8. | მეტალურგი | 8 | 3 | 2 | 3 | 9:14 | 11 | |
9. | ზესტაფონი | 8 | 3 | 1 | 4 | 9:7 | 10 | |
10. | სიონი | 8 | 2 | 2 | 4 | 10:13 | 8 | |
11. | ზუგდიდიi | 8 | 1 | 2 | 5 | 3:13 | 5 | |
12. | სპარტაკი | 8 | 1 | 0 | 7 | 4:13 | 3 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ედემი ელერჯია
ავტორის ფოტო