გულშემატკივრის სვეტი

12:09 | 7.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი-91” - ერთი თბილისური გუნდი

გასული საუკუნის 90-იან წლებში, ავჭალელი ბავშვებისათვის ერთადერთი გასართობი ფეხბურთის თამაში და ფეხბურთის ცქერა იყო. სად იყო მაშინ ინტერნეტი და კომპიუტერული თამაშები, სამოგზაურო ტურები და ბავშვთა გასართობი კლუბები... ან ეს ყველაფერი რომც ყოფილიყო, ვის ჰქონდა სამაგისო ფული?! სტადიონი ”სინათლე”, რომელიც დღეს სტადიონ ”ავჭალად” არის გადანათლული, ლამაზიცაა და კეთილმოწყობილიც, მაშინ ერთი მიგდებული ნანგრევები იყო, სადაც კარის ძელსაც კი სეზონში ერთხელ თუ ღებავდნენ, მაგრამ ამას ვინ მიაქცევდა ყურადღებას, როდესაც იცოდნენ, რომ ამ მინდორზე უმაღლეს ლიგაში აღზევებული მათი უბნის გუნდი – ”მერანი-91” თამაშობდა.
შაბათკვირაობით, როდესაც “მერანი” საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში საშინაო თამაშებს ატარებდა, მთელი ავჭალის ბიჭ-ბუჭობა ააგროვებდა მზეზუმზირისა და რომელიმე სპორტული გაზეთისათვის სამყოფ ხურდებს, თამაშის დაწყებამდე (ხშირად რამდენიმე საათით ადრეც კი) დაიკავებდნენ ადგილს “სინათლის” ტრიბუნებზე და იწყებოდა დიდი სჯა-ბაასი იმასთან დაკავშირებით, თუ რას იზამდა იმ დღეს ”მერანი-91”. ახლა, როდესაც ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება კლავიატურაზე აკრეფით შეგვიძლია, წარმოუდგნლად მოჩანს მაშინდელი ავჭალელი ბიჭების გულუბრყვილო მსჯელობები, მაგრამ ის საუბრები იყო ნაღდი, უბოროტო და რაც მთავარია, ფეხბურთის დიდი სიყვარულით განმსჭვალული. ინფორმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო ქართული სპორტული გაზეთების გარდა, იყო ”მერანის” ფეხბურთელთა მონაყოლი. ფეხბურთის ქომაგი ავჭალელი ბიჭები, მათი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს პირადად იცნობდნენ და მათგან ოცოდნენ, თუ რა რთული იყო თამაში ბოლნისში, როგორი კარგი ფეხბურთელები ჰყავდა მაშინდელ ფოთის ”კოლხეთს” და შეეძლო თუ არა ბათუმის ”დინამოს” თბილისის ”დინამოსთან” მოგება. კარგად მახსოვს, დღეს უკვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ცნობილი, ”აბრეზად” წოდებული სულიკო დავითაშვილი, გლდანელ ძმებს - პაატასა და ზაზას როგორ უყვებოდა რუსთავში ჩატარებული გასვლითი თამაშის ამბებს და როგორი პირდაღებულები უსმენდნენ ძმები ”აბრეზას”. მიუხედავად იმისა, რომ ავჭალაში განსაკუთრებული საფეხბურთო ტრადიციები “მერანის” დაარსებამდე არ ყოფილა, ”სინათლე” იმ პერიოდში ერთ-ერთი გამორჩეული სტადიონი იყო, რომელიც გულშემატკივრებით ხშირად ბოლომდე ივსებოდა. ხოლო, როდესაც ”მერანი-91” თბილისისა და ბათუმის ”დინამოებს”, ფოთის ”კოლხეთსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მასპინძლობდა, ტრიბუნებზე ადგილი აღარ იყო და უფროსებისათვის ადგილის დამთმობი პატარა ბიჭები, კარებებსუკან დგებოდნენ ხოლმე.
“სინათლის” სტადიონის მინდორი, როგორც წესი, იყო გადახრუკული და ოღრო-ჩოღრო, ფეხბურთელებს, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ხელი ფორმა ჰქონდათ, გულშემატკივრებს ეცვად ღარიბულად და უბრალოდ, მაგრამ როდესაც ”მერანი” თამაშობდა, მაინც ყოველთვის დიდი ზეიმი იყო და თუ მასპინძელი გუნდი გიმარჯვებდა, შემდეგ ყველაზე ყოჩაღი ქომაგები დაღამებამდე ისხდნენ ტრიბუნებზე და როგორც თავად ამბობდნენ, “თამაშს არჩევდნენ”. მატჩების დროს, რამდენჯერმე ძალიან ცუდი ამბებიც მოხდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მსაჯებს აგინებდნენ და მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრებს უბღვერდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ალალად, უბოროტოდ, ფეხბურთის თანმხლები ემოციის გამოისობით. ერთხელ, როდესაც ”სინათლეზე” ავჭალის გუნდი ხაშურის ”ივერიას” მასპინძლობდა, სატურნირო ცხრილში ისეთი მდგომარეობა იყო შექმნილი, რომ ხაშურელებს გამარჯვება თუ არა, ფრე მაინც სჭირდებოდათ, რათა უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე ეფიქრათ. ნამეტანი დაჩაჩანაკებული იყო ეს ხაშურის გუნდი და “მერანმა” ძალიან ადვილად დაამარცხა. როდესაც თამაში მთავრდებოდა, გამარჯვებით გახარებულმა ერთმა ავჭალელმა კაცმა ხაშურელი ფეხბურთელების მისამართით დამცინავი ფრაზა ისროლა. მის უკან ხაშურელი ბიჭები მსხდარან და წავიდა ერთი გაწევ-გამოწევა. მაგრამ ყველაფერი მაშინაც კი ლამაზად და კოხტად დასრულდა. ხაშურელებს ღვინო ჰქონიათ ჩამოტანილი, ავჭალელებმა სასმელ-საჭმელი მოახლაფორთეს და მეგობრული სუფრა სწორედ იმ კაცის სახლში გაიშალა, რომელსაც ხაშურელების მისამართით უხამსობა წამოსცდა.
ვინც უნდა შემედავოს, მე ღრმად მწამს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქართული საკლუბო ფეხბურთის საერთო დონემ მოიმატა. იმასაც ვხედავ, რომ დღეს ფეხბურთელებს აშკარად უფრო კარგ პირობებში უწევთ თამაში, მაგრამ როდესაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ცხრილს ჩავხედავ, ყოველთვის მაკლია ერთი გუნდი. გუნდი, რომელიც დღეს აღარ არსებობს და გუნდი, რომელმაც იმ ბნელ წლებში ავჭალას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა...

ლევან სეფისკვერაძე
 

0.116801