საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2012 წლის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე, 7-8 ივნისს, აზერბაიჯანის ნაკრებთან სპარინგ-მატჩები გამართა. ორივე შეხვედრა ქართველმა ხელბურთელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. მერაბ მეტრეველის შეგირდებმა, პირველ დღეს 40:25 გაანადგურეს მეტოქე, ხოლო გუშინ 36:25 გაიმარჯვეს.
“მსოფლიო სპორტმა”, ევროპირველობის წინ, ინტერვიუ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მერაბ მეტრეველს სთხოვა.
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირამდე ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეთ. რა დატვირთვა ჰქონდა ამ მატჩებს?
- იმის გამო, რომ ძალზე სუსტი მოწინააღმდეგე გვყავდა, გუნდი ორ ნაწილად გავყავით. პირველ შეხვედრაში პირველმა შემადგენლობამ ითამაშა, ხოლო მომდევნოში - სათადარიგოებმა. ორივე გუნდს სხვადასხვა დავალება ჰქონდა – უწინარესად, რაც შეიძლება ნაკლები ბურთი უნდა გაგვეშვა და სწრაფ კონტრშეტევებზე გვეთამაშა. დავალებას ყველამ კარგად გაართვა თავი.
- თუ ორი დღის შედეგს გადავხედავთ, მეტოქე ორჯერვე დიდი ანგარიშით დაამარცხეთ. ჩანს, მართლაც სუსტები ყოფილან. მაშინ რატომ აირჩიეთ სასპარინგოდ?
- მართლა სუსტი გუნდია, მაგრამ აქ, უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო, რადგან ნებისმიერი თამაში, თამაშია. ძალიან ძნელია ამხანაგურ მატჩში გუნდის ორ ნაწილად გაყოფა, მაგრამ მათზე ძლიერი გუნდი ვერ მოიძებნა. თურქებმა, სამწუხაროდ, უარი გვითხრეს, რადგან კონკურენტი გუნდია და სხვა გეგმა ჰქონდა. თანაც, მოსამზადებლად, სულ რაღაც 3 დღე გვქონდა დარჩენილი. ლეგიონერებიც არ ჩამოსულან და გუნდი სრულად არაა შეკრებილი. არც ერთი გუნდი არ დაგვთანხმდა და ამან გამოიწვია აზერბაიჯანის არჩევა.
- 11-13 ივნისს, ევროპირველობის პირველ შესარჩევ ტურნირს მასპინძლობთ. რამდენად ხართ მომზადებული?
- სტუმრების დასახვედრად მზად ვართ, სასტუმროც კარგი შევურჩიეთ და სპორტის სასახლეც კარგ მდგომარეობაშია. რაც შეეხება გუნდს, დღევანდელ სიტუაციაში მისი შეფასება ძალიან რთულია. ყველაფერი ორ დღეში გაირკვევა, როცა ნაკრები სრულად შეიკრიბება. შემდეგ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი შემართებით გამოვლენ სპორტსმენები მოედანზე და როგორ ითამაშებენ კონკრეტულ მატჩში.
- ჯგუფში იტალიის, ლატვიისა და ფინეთის ნაკრებებს ვხვდებით. რამდენად იცნობთ მათ თამაშს?
- იტალიის თამაშები ნანახი გვაქვს - როცა იანვარში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშეს. ფინეთთან თავად გვითამაშია, 23 იანვარს, “ჩელენჯ ტროფის” ფინალში. რაც შეეხება ლატვიას, მათ 3 წლის წინათ შევხვდით და დღევანდელ შემადგენლობას რომ გადავხედეთ, დიდი ცვლილებები არ არის.
- გამოდის, მეტოქებს მეტ-ნაკლებად იცნობთ. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი რამდენად გვაქვს?
- შანსი 50-50-ზეა, რადგან მაინც საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ვიმედოვნებ, მხარდაჭერაც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ისე კი, მასპინძელ გუნდს უპირატესობა ყოველთვის აქვს.
- ფეხბურთი ახსენეთ და ხომ ვერ გვეტყვით, რატომ დაამთხვიეს მსოფლიოს ჩემპიონატს ზემოაღნიშნული ტურნირი?
- სეზონი ყველგან მთავრდება და სპორტსმენებსაც დასვენება უნდათ, ამიტომ სხვა შანსი არ იყო. შესაბამისად, ხელბურთის ევროპის ფედერაციამ ასე გადაწყვიტა.
- ფინეთს დავუბრუნდეთ. ფინელებმა იანვარში “ჩელენჯ ტროფის” ფინალში დაგამარცხათ. რევანშის აღებას გეგმავთ?
- რა თქმა უნდა, ყველა იმას ვამბობდით, რომ ნეტავ, ფინეთი შეგვხვდესო და ამ მხრივ, გაგვიმართლა კიდეც.
- ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, გერმანიის, ავსტრიისა და ისლანდიის გუნდებს ხვდებით. მათთან გამარჯვების შანსი, საერთოდ თუ გვაქვს?
- გერმანია მსოფლიოში საუკეთესოა. თავისი ლიგით და უამრავი ძლიერი სპორტსმენით გამორჩეული გუნდია, ისლანდიელებმა, სულ რაღაც 4 თვის წინ, ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავეს, ავსტრიელები 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ასე რომ, ძალიან ძლიერი გუნდებია. თუმცა, ჩვენთვის, უპირველესად, ამ ეტაპის დაძლევაა მნიშვნელოვანი, ხოლო თუ რა მოხდება შემდგომ, ამაზე შემდგომში ვიმსჯელებთ.
- საინტერესოა თქვენეული პროგნოზი...
- უკვე ვთქვი - უწინარესი საზრუნავი, რაც შეიძლება მაღალი დონის თამაშის ჩვენება და შემდგომ ეტაპზე გასვლაა. ამით, ყველას ვაჩვენებთ, რომ ქართული ხელბურთი არსებობს და ის ბავშვები, რომლებიც დღესდღეობით ხელბურთს ეუფლებიან, დროს ტყუილად არ ჰკარგავენ.
მაკა თოიძე