საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი მერაბ გიგაური, გეცოდინებათ, ქუთაისის “ტორპედოდან” პოლონურ “იაგელონიაშია” განათხოვრებული. გიგაურს ხშირად არ ეძლეოდა “იაგელონიას” ძირითად გუნდში თამაშის საშუალება, თუმცა კარგი პრესა ჰქონდა (და აქვს) და დუბლებშიც ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.
გიგაურმა “მსოფლიო სპორთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ტორპედოში” დაბრუნება არ სურს - “იაგელონია” ჩემს შეძენას აპირებსო:
- იჯარის ვადა სრულდება. უკვე ცნობილია, სად გააგრძელებთ თამაშს?
- “ტორპედოს” პრეზიდენტს, ბატონ ლევან ფხაკაძეს ჩემი გაყიდვა არ სურს, მე კი საქართველოს ჩემპიონატში ჩამოსვლის წინააღმდეგი ვარ. იმედია, ბატონი ლევანი ხელს შემიწყობს და პოლონელთა შეთავაზებას დათანხმდება.
- ანუ, თანხაზეა შეუთანხმებლობა?
- ზუსტად არც ვიცი, რამდენს იხდის ჩემში “იაგელონია”. ფეხბურთელს ერთხელ ეძლევა შანსი და უნდა გამოიყენოს. ჩემს ადგილზე ყველას პოლონეთში დარჩენა მოუნდებოდა. უბრალოდ, აქედან საქართველოს ჩემპიონატში რომ წახვიდე, გული აგიცრუვდება. აქ ყველაფერია, რაც ფეხბურთელს სჭირდება: კარგი მოედნებია, ხალხი დადის სტადიონზე. მარტო ამაშიც არაა საქმე. ეს ევროპაა და პოლონეთიდან უფრო გეხსნება გზა ძლიერი ჩემპიონატისკენ, ვიდრე საქართველოდან. და ჩემი სურვილია, რომ აქ დავრჩე.
- კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს?
- დიახ. იმედია, შეთანხმდებიან და “იაგელონიაში” დავრჩები. ამ გუნდს შევეწყვე, კარგად მეპყრობიან, ყველასთან მეგობრულად ვარ. “იაგელონია” ჩემი მეორე ოჯახია, ასე რომ, დარჩენა მინდა.
- ასე რადიკალურად რატომ? “ტორპედოც” კარგი გუნდია, თანაც, ტრადიციები აქვს.
-“ტორპედო” ტრადიციული კლუბია, მაგრამ ახლა ჩემი კარიერის ბედი წყდება. “ტორპედოში” გატარებულ დღეებს ყოველთვის კარგად ვიხსენებ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ხელი შემიწყო და ქუთაისში მათამაშა, მაგრამ ახლა სხვა გზაზე ვდგავარ და მინდა, რომ ყველამ გამიგოს. ასეთი შანსი, ალბათ, აღარც მექნება. სხვათა შორის, შარშან “ტორპედოდან” მიშვებდნენ, აქ თამაში არ მოგიწევსო. პირველი ლიგის “ჩხერიმელაში” მიშვებდნენ და არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი კარიერა. ბედად გამოჩნდა “იაგელონიას” ვარიანტი და წავედი. დავამტკიცე, რომ აქ ფეხის მოკიდება შემიძლია და ახლა სურთ, რომ დამიტოვონ. “ტორპედოს” გულშემატკივარი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ მაპატიონ, ახლა ჩემი კარიერის საკითხი წყდება და არა სხვისი.
ილია ნანობაშვილი