28 წლის ფრანგი მარიონ ბარტოლო კარიერის განმავლობაში მეორედ გავიდა უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალში. სადღეისოდ რეიტინგსიის 15-ე ნომერი 2007 წელს გადამწყვეტ მატჩში ვინუს უილიამსთან დამარცხდა, წლეულს კი ფინალში 27 წლის ბელგიელის კირსტენ ფლიპკენსის იოლად, 6:1, 6:2 ძლევის შემდეგ გააღწია.
ერთი საათი სათამაშო დროის განმავლობაში ბარტოლიმ მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო რეიტინგში 20-ე საფეხურზე მყოფ ფლიპკენსს. მარიონმა 5 ბრეიკი და ამდენივე ეისი შეასრულა. დღეს ეს მეტოქეები ერთმანეთს კორტზე პირველად შეხვდნენ.
“დაჯერება მიჭირს, ისეთი კარგი თამაში გამომივიდა. მეჩვენება, თითქოს კირსტენი ტრავმით თამაშობდა. იგი უდავოდ ქების ღირსია უიმბლდონზე გამოსვლით. ბედნიერი ვარ, ნახევარფინალში ამგვარი მაღალი კლასის ჩოგბურთის ჩვენებით”, - ფინალში გასვლით მარიონი სიხარულს ვერ მალავდა.
უიმბლდონის გადამწყვეტ მატჩში ბარტოლი მეორე ნახევარფინალში გერმანელი საბინ ლისიცკისა და პოლონელი აგნეშკა რადვანსკას შორის მოგებულს შეხვდება.