სტატიები

13:37 | 25.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

“მეომარი”

რამდენიმე დღის წინ 60 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან ნეესკენსს. ასაკოვან გულშემატკივარს მისი იოჰან კრუიფთან ერთად ტანდემში ხილვის ბედნიერება ჰქონდა და ნეესკენსის თამაში მათთვის დაუვიწყარია. ვფიქრობთ, ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგები ინტერესით გაეცნობიან გასული საუკუნის 60-70-იანი წლების დიდოსტატის მიერ გავლილ საფეხბურთო გზას, შედარებით ახალი თაობის გულშემატკივრებს კი იოჰან ნეესკენსის ასპარეზობის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას შევუქმნით.

იოჰან ნეესკენსის პირველი კლუბი მშობლიური ქალაქის ჰეემსტედეს ამავე სახელის გუნდი გახლდათ. ჩაფსკვნილი, ფიზიკურად მძლავრი, მტკიცე ნებისყოფისა და ხასიათის ჭაბუკი თავდაპირველად ბურთის ფლობის ვირტუოზული ტექნიკით სულაც არ გამოირჩეოდა. მაგრამ იგი ლიდერის თვისებებით იყო დაჯილდოვებული და მინდორზე პრაქტიკულად ნებისმიერი ფუნქციის შესრულება შეეძლო. 1970 წლის ადრიან გაზაფხულზე რინუს მიხელსი სასელექციო მიზნით ჰეემსტედეს ეწვია და იგი ნომინალური ნახევარმცველის საფეხბურთო ინტელექტით მოიხიბლა. 19 წლის იოჰანი მინდორზე კარგად აზროვნებდა, ინტუიტიურად გრძნობდა პოზიციას, რომელიც სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე უნდა დაეკავებინა, წამის მეათედში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა და მძლეოსნების ენაზე თუ ვიტყვით, ერთდროულად სპრინტერისა და სტაიერის ნიჭი ჰქონდა. მიხელსმა ჯერ კიდევ მაშინ აღნიშნა, რომ სათამაშო იმპულსის შეგრძნებით ნეესკენს მხოლოდ მისი სეხნია კრუიფი თუ სჯობდა. ამსტერდამის “დე მეერზე” მისვლისთანავე იოჰანი გენერლად წოდებული მთავარი მწვრთნელის მიერ შემუშავებული “ორგანიზებული ქაოსის” მოდელის შეუცვლელი დეტალი გახდა. რინუს მიხელსი ფეხბურთს საბრძოლო მოქმედებასთან აიგივებდა, ამიტომაც სავსებით გასაგებია, რომ მას ნეესკენსის “არასათამაშო” თვისებებიც მოსწონდა და იოჰანს “ნამდვილ მეომრად” მოიხსენიებდა. სათამაშო არსენალი კი 13 ნომრით მოასპარეზე შუახაზელს მართლაც შესაშური ჰქონდა – კარში დარტყმების სიძლიერითა და სიზუსტით, ვარდნების სიხშირითა და შესრულების ტექნიკით, მინდორზე შესრულებული სამუშაოს მოცულობით ნებისმიერი ფეხბურთელი იოჰანს ძნელად თუ გაუწევდა კონკურენციას. ამასთან, “აიაქსში” გადასვლის პირველსავე წელს ნეესკენსმა ტექნიკური არსენალიც დახვეწა და ჰოლანდიელი ჟურნალისტები მის თამაშს მოფარიკავის ფილიგრანულ ხელოვნებას ადარებდნენ. ნეესკენსისთვის ნებისმიერ მატჩი განსაკუთრებული მოვლენა იყო. იგი ჰოლანდიის ჩემპიონატის აუტსაიდერთან რიგით შეხვედრასა და ჩემპიონთა თასის ფინალს ერთნაირი მონდომებითა და პასუხისმგებლობით უდგებოდა. იმავე ნიდერლანდელ საფეხბურთო მიმომხილველებს თუ დავესესხებით, კრუიფი “ამსტერდამული ლინკოლნის” კომფორტული, ძვირი მასალით დამზადებული სალონი იყო, “იოჰან მეორე” (ეს სახელი ნეესკენსს ამსტერდამელმა გულშემატკივრებმა შეარქვეს) კი მამოძრავებელი ძალა, ძრავა. გუნდის სწორედ ეს ორი შემადგენელი ნაწილი გახლდათ “აიაქსური ლიმუზინის” უმთავრესი დეტალები.
1971 წელს რინუს მიხელსმა ჰოლანდია დატოვა და სამუშაოდ “ბარსელონაში” წავიდა, თუმცა, “გენერლის” ნაცვლად მისული რუმინელი შტეფან კოვაჩის წინამძღოლობით “აიაქსი” როგორც ჰოლანდიაში, ასევე კონტინენტზე დომინირებდა. გუნდი კვლავინდებურად იხვეჭდა ტიტულებსა და რეგალიებს. თანაგუნდელებთან ერთად, 1971-73 წლებში იოჰან ნეესკენსმა სამჯერ ჩემპიონთა თასი მოიგო, თითოჯერ კი ევროპის სუპერთასსა და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 1973 წლის გაზაფხულზე მიხელსმა კრუიფს “კამპ ნოუზე” უხმო და “იოჰან მეორეს” წინაშე ურთულესი ამოცანა წამოიჭრა. ნეესკენსს გუნდის “ტვინი” უნდა შეეცვალა. დაკისრებულ მოვალეობას მან თავი ბრწყინვალედ გაართვა. “მეომარმა” სათამაშო მოქმედებათა დიაპაზონი კიდევ უფრო გააფართოვა და რინუს მიხელსისა და შტეფან კოვაჩის ფორმირების “ვიცე-დირიჟორიდან” იმ უნივერსალად გადასხვაფერდა, რომელსაც მინდვრის შუაგულში ბურთის ართმევაც ევალებოდა, შეტევის ორგანიზებაც და იერიშის დაგვირგვინებაც. ამ ფუნქციებს “იოჰან მეორე” კრუიფის დროსაც ასრულებდა, თუმცა, “დიდი იოჰანის” კატალონიაში წასვლის შემდეგ ნეესკენსის მოქმედებათა არეალი შეუზღუდავი გახდა. კრუიფთან ერთად, “აიაქსი” კოვაჩმაც დატოვა, რომელიც საკაპიტნო ხიდურაზე გეორგ კნობელმა დაიკავა. ამ სპეციალისტმა უცნაური და გულშემატკივართათვის არაადეკვატური პოზიცია დაიკავა. კნობელი არა მარტო “აიაქსის” გამოცდილ ლიდერებს აუმხედრდა, მიხელსისა და კოვაჩის მიერ დანერგილი ზოგიერთი პრინციპის წინააღმდეგაც გაილაშქრა. ცხადია, “იოჰან მეორემ” მცდარი სტრატეგიის წინააღმდეგ გაილაშქრა, თუმცა, არაკომპეტენტურ დამრიგებელთან მას კონფლიქტი არ მოსვლია, ნეესკენსი მხოლოდ თავდადებული თამაშით ცდილობდა კლუბის პრესტიჟის დაცვას და ავტორიტეტის გადარჩენას. “მეომარი” ყოველ მატჩში რამდენიმე ნაწილად “იხლიჩებოდა”. დაცვასაც ეხმარებოდა, ნახევარდაცვაში უშუალოდ თავისი მოვალეობების შესრულებას არ ივიწყებდა და ამასთან, 1973-74 წლების სეზონში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა - 31 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ამასთან პრაქტიკულად მთელი სეზონის განმავლობაში ნეესკენსს ტერფის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მან ყურად არ იღო სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა, ინტენსიური სამკურნალო კურსი არ გაიარა და მინდორზე გასული მოწინააღმდეგესთან ერთად, ტკივილის აუტანელ გრძნობასაც უმკლავდებოდა. “მეომრის” თავდადებამ “აიაქსს” ვერ უშველა. გუნდი ჰოლანდიის ეროვნულ პირველობაზე სუსტად გამოვიდა, ჩემპიონთა თასზე კი მერვედფინალში სოფიის ცსკა-სთან დამარცხდა.
საბედნიეროდ, სეზონის დასრულების შემდეგ “იოჰან მეორემ” ტერფი მოირჩინა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებულ მუნდიალზე ასეულ მილიონობით გულშემატკივარმა ნეესკენსის საუკეთესო თამაში იხილა. მსოფლიო ფეხბურთის ფორუმზე მან ხუთი გოლი გაიტანა (განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელთა კარში შეგდებული ბურთი და ფინალში რეალიზებული პენალტია). 1974 წლის პლანეტის ჩემპიონატზე გამოსვლით ნეესკენსმა სპეციალისტებიც კი გააკვირვა, რომელთაც მას თანამედროვეობის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდეს. ფეხბურთის ქომაგთა სოლიდური ნაწილი კი იმ ტურნირს დღემდე “ორი იოჰანის მუნდიალად” მოიხსენიებს.
1974 წლის შემოდგომაზე მიხელსის, კრუიფისა და ნეესკენსის ტრიო კატალონიის დედაქალაქში კიდევ ერთხელ შეიკრა. “ძველმა ვირტუოზულმა” წყვილმა “ბარსელონაშიც” ბრწყინვალე ტანდემი შექმნა. ეს დუეტი “კამპ ნოუზე” თვალსასეირო საფეხბურთო სპექტაკლებს დგამდა, მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა და მართალია, “ბარსას” აიაქსისნაირი შედეგი არ ჰქონდა, მაგრამ ორი იოჰანის მცდელობით კატალონური გრანდი ესპანეთისა და მთლიანად ევროპის ერთ-ერთ მიმზიდველ და მაღალოსტატურ გუნდად სამართლიანად ითვლებოდა. 1975-76 წლების სეზონის მიხედვით ნეესკენსი ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1978 წელს “იოჰან მეორე” ესპანეთის სამეფო თასს ეუფლება, მომდევნო წელს კი “ბლაუგრანა” საერთაშორისო ასპარეზზე პირველ წარმატებას (თუ ბაზრობათა თასის დაუფლებას არ მივიღებთ მხედველობაში) აღწევს. 16 მაისს ბაზელის “სენტ იაკობის” სტადიონზე “ბარსელონა” თასების თასის ფინალში დიუსელდორფის “ფორტუნას” წინააღმდეგ წარსდგა. კატალონია დიდი იმედით შეხვდა მატჩს. გულშემატკივრები გუნდისგან მხოლოდ მოგებას ითხოვდნენ. გამარჯვებაში დარწმუნებული 30 ათასი “კულესი” ბაზელში ჩავიდა და 120 წუთის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდა “ბლაუგრანას”. კლაუს ალოფსის “ფორტუნა” “კერკეტი კაკალი” აღმოჩნდა, მაგრამ ოვერტაიმში “ბარსამ” იძალა, კარლეს რეშაკისა და ავსტრიელი ბომბარდირის ჰანს კრანკლის გოლებით იმარჯვა.
იმ დროს “მეომარი” 28 წლისა იყო. “იოჰან მეორე” ფიზიკურადაც მშვენივრად გრძნობდა თავს,  გამოცდილება მოემატა და სათამაშო თვისებებიც არ დაუკარგავს, მაგრამ... 1979 წლის ზაფხულში “ბარსელონას” პრეზიდენტად ხოსეპ ნუნიესი აირჩიეს, რომელმაც გუნდის გულშემატკივრები სახტად დატოვა. კატალონელთა საამაყო კლუბის თავკაცმა ნეესკენსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა. “ბარსას” აღშფოთებული ქომაგები “სანტ ჟაუმეს” მოედანზე შეიკრიბნენ. მაისში იქ თასების თასი მიაბრძანეს, ამჯერად კი მოედანზე საპირისპირო განწყობამ დაისადგურა. კატალონელი გულშემატკივრები ლამის ერთხმად გაიძახოდნენ “ნუნიეს წადი, ნეესკენს დარჩი”, მაგრამ მათი ხმა კლუბის თავკაცმა არ შეისმინა და “მეომარს” “კამპ ნოუს” დატოვება მოუწია. “იოჰან მეორეს” მიერ ბარსელონაში მოპოვებულ ტიტულებზე უკვე მოგახსენეთ, გუნდში კი მან 140 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.
1978 წლის არგენტინის მუნდიალზე კრუიფმა თამაში იუარა და “იოჰან მეორეს” კიდევ ერთხელ, ამჯერად ნაკრების ლიდერობა დაეკისრა. “ნარინჯისფერთა” ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები და ეროვნული გუნდის ავსტრიელი დამრიგებელი ერნსტ ჰაპელი 27 წლის კრუიფს არწმუნებდნენ, ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღე, დასავლეთ ნახევარსფეროში ჩასატარებელ შეჯიბრებაზე გუნდსაც ძალიან სჭირდები და თავადაც სახელსა და ავტორიტეტს კიდევ უფრო აიმაღლებო, მაგრამ “დიდი იოჰანი” ვერავინ დაიყოლია. ნეესკენსს კი ამის გაკეთება არც კი უცდია. მან გულშემატკივრებს მოუწოდა, კრუიფის წასვლა ცუდია, მაგრამ ენერგია ნაკრების მხურვალე მხარდასაჭერად მიმართეთ, გარწმუნებთ, მის გარეშეც ბევრს მივაღწევთო. “მეომარი” პატაგონიის სტადიონებზე მომქანცველი სეზონის შემდეგ გაემგზავრა. იოჰანს კვლავ ტერფი აწუხებდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ტრავმას ამჯერადაც არ იმჩნევდა და მინდორზე ორი ფეხბურთელის საქმეს ასრულებდა. რიგით მეთერთმეტე მუნდიალზე ნეესკენსს გოლი არ გაუტანია, თუმცა, წინა მსოფლიოს ჩემპიონატისგან განსხვავებით, ცალკეული სოლო პარტიებით არ შემოფარგლულა და “მოთამაშე-ორკესტრის” ტვირთი იკისრა. “იოჰან მეორე” თავის მეორე მუნდიალზეც მინდვრის შუაგულში კოლოსალური დიაპაზონის სამუშაოს სწევდა. მთელი სეზონის განმავლობაში თითქოს “ბარსელონაში” არ მოქანცულიყო, ისეთი სიმსუბუქით და უშრეტი ენერგიით მიუძღოდა თანანაკრებელებს. ნეესკენსი ერთნაირი წარმატებით ფუშავდა მოწინააღმდეგეთა შეტევას და მოხდენილი პასით პარტნიორები ხელსაყრელ პოზიციაზე გაჰყავდა. “იოჰან მეორემ” არგენტინაშიც აღტაცებაში მოიყვანა გულშემატკივრები და სპეციალისტები, ერნსტ ჰაპელმა კი ტურნირის დასრულების შემდეგ განაცხადა, ნეესკენსისნაირი მებრძოლი სულის და ულევი ენერგიის მქონე ფეხბურთელი არასდროს შემხვედრიაო. ორ გუნდთან (“ფეიენოორდი” და “ჰამბურგი”) ერთად ჩემპიონთა თასის მომგებ სპეციალისტს ნაღდად დაეჯერება. ჰოლანდიური ფეხბურთის “ოქროს ხანის” პირველი ეტაპი სრულდებოდა და მასთან ერთად იოჰან ნეესკენსის სანაკრებო კარიერაც. “იოჰან მეორემ” ნარინჯისფერი მაისური უკანასკნელად 1981 წლის 18 ნოემბერს მოიზომა. 11 წლის განმავლობაში “მეომარი” საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო სახელის სადიდებლად უშიშრად იბრძოდა და საწადელსაც მიაღწია.


გოჩა კაჭარავა

0.119108