როგორც მოსალოდნელი გახლდათ, პსჟ-ს აწ უკვე ყოფილი შემტევი, ფრანგი ნახევარმცველი ჟერემი მენეზი კარიერას "მილანში" განაგრძობს.
იტალიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მენეზმა "როსონერისთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ყველაფერს გავაკეთებ, რათა კარგად ვითამაშო და შევეცდები გუნდთან ერთად გულშემატკივრები მოგებული ტურნირებით გავახარო." - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
ჟერემი მენეზს ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და "მილანმა" ფეხბურთელი ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდო. რამდენიმე დღის წინ, იტალიურმა გრანდმა პსჟ-დან კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბრაზილიელი მცველი, ალექსი დაიმატა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს "პარი სენ ჟერმენმა" მენეზი "რომასგან" 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. გასულ სეზონში, 27 წლის ფეხბურთელმა 26 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე