პორტუგალიის ქალაქ პორტოში მიმდინარე სენიორთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ქართველი მოჭადრაკეებიც ინარჩუნებენ.
65 და მეტი ასაკის ქალბატონთა ტურნირში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი (2304) 6.0 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ ვალენტინა კოზლოვსკაიას (2169) ნახევარი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება თამარ ხმიადაშვილს (2083), მას 8 ტურში 4.0 ქულა გააჩნია და მე-5 პოზიციაზეა.
50+ ქალთა პირველობაზე 5.5 ქულით მე-4 საფეხურზეა ციალა ქასოშვილი (2112), ხოლო ნინო გურიელი (2329) 2.5 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა. გამარჯვების უმთავრესი პრეტენდენტი ესტონელი ტატიანა ფომინაა (2188), რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა.
მამაკაცთა 50+ ტურნირში 6.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ინგლისელი კეიტ არკელი (2448), რომელსაც ნახევარი ქულით რუსი ევგენი კალეგინი (2453) და ქართველი ზურაბ სტურუა (2524) ჩამორჩებიან.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტური 17 მარტს შედგება.