ინტერვიუები

10:27 | 27.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მედიაშელ ხუბუტიას მედიელები სწყალობენ

რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში შესვენება დეკემბრის შუა რიცხვებიდან გამოცხადდა. მედიაშის “გაზ მეთანში” მოთამაშე ჩვენებური მცველი აკაკი ხუბუტია პირველი ქართველია, ვინც ამ ქვეყნის მთავარ ლიგაში მოსინჯა ძალები. მას სექტემბრის ბოლო დეკადაში ორმაგი დებიუტი ჰქონდა - კრისტიან პუსტაი ჯერ სათასო შეხვედრაში  ენდო, რომელშიც 120 წუთი შეუცვლელად თამაში მოუწია და მატჩის შემდგომი პენალტიც უნაკლოდ შეასრულა, ხოლო სამიოდე დღეში, 23 წლის ქართველმა მცველმა ჩემპიონატზეც მოირგო ახალი კლუბის მაისური.
აკაკი ხუბუტია ამჟამად საქარ¬თველოში იმყოფება. მასთან საუბარი “მსოფლიო სპორტმა” “გაზ მეთანის” უახლოეს გეგმებზე დაიწყო.

- ნაახალწლევს როდის  იკრიბება “გაზ მეთანი”?
- ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო შეხვედრა 13 დეკემბერს ვითამაშეთ, მაგრამ მეორე დღესვე შინ არ დავუთხოვივართ. მთავარმა მწვრთნელმა ერთი კვირით კიდევ დაგვტოვა და განსატვირთი ვარჯიშები დაგვინიშნა. უკან 9 იანვარს უნდა გავბრუნდე და როგორც წინასწარ არის ცნობილი, ადგილზე რამდენიმე დღით დარჩენის შემდეგ, თურქულ შეკრებაზე გავემგზავრებით. თუ ჩემპიონატის გაგრძელება, წინასწარ დათქმული 20 თებერვლის ნაცვლად, ერთი კვირით აქეთ არ გადმოიწია, მაშინ იმავე ვადით თურქეთიდან ყატარში წავალთ აღდგენით შეკრებაზე.
- ვადების შესაძლო გადმოწევა რითაა გამოწვეული?
- მართალია, რუმინეთის ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ ფიფას და უეფას მოთხოვნაა, რომ იმ წელს როცა მუნდიალის ფინალური სტადია ტარდება, ქვეყნებმა თავიანთი ჩემპიონატები ადრე დაამთავრონ.
- ფაქტია, ლიტვიდან რუმინეთში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. ალბათ, ადაპტაციისათვის გარკვეული პერიოდი დაგჭირდებოდათ.
- საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გუნდში 2 კვირის მისული ვიყავი, როცა მწვრთნელმა თასის მატჩზე სრული დატვირთვით მათამაშა. მერე ჩემპიონატშიც მომცა ზედიზედ 2 თამაში. მოკლედ, ფსიქოლოგიურად შემაგუა ახალ გარემოს. იმას რა სჯობს, როცა მწვრთნელი კარგი თვა¬ლით გიყურებს - ვთვლი, რომ ამ მხრივ გამიმართლა. მოგეხსენებათ, მცველი ვარ და რუმინეთის ჩემპიონატში ჩემი მონაწილეობით გამართული 6 მატჩიდან “გაზ მეთანმა” მხოლოდ ერთში გაუშვა გოლი. დებიუტანტისთვის ამაზე მეტი რა უნდა ინატრო კაცმა.
- სხვა გუნდებისგან ხომ არ გრძნობთ ყურადღებას. რუმინეთიდან შარშან, თქვენს მსურველებს შორის, მედიაშურ გუნდზე გაცილებით სახელოვანი ბუქარესტის “დინამო” აქტიურობდა.
- ჯერ აქ სულ 3 მატჩი ვითამაშე ძირითადში და ჟურნალისტები უკვე კარგი თვალით მიყურებენ. განსაკუთრებით ბოლო 2 ჩავატარე კარგად. ვთვლი, რომ ჯერ სხვა გუნდებზე ფიქრი ადრეა - აქ უნდა ვითამაშო სათანადოდ და სტაბილურად, რომ ვინმემ დამინახოს. იმის გარდა, რომ ამ ბოლო შეხვედრებში (0:0 ალბა იუ¬ლიას “უნირეასთან” და პლოეშტის “ასტ¬რასთან” - ფ.კ.) გოლი არ გაგვიშვია, საგოლე მომენტებიც მქონდა. ამის გამო, ადგილობრივ ტელეარხებზე ხში¬რად მახსენებდნენ. მოხარული ვარ, ლიტვის შემდეგ რომ რუმინეთში აღმოვჩნდი. აქ ყველა უკეთესი პერსპექტივის კუთხით გიყურებს, ჩვენს თამაშებს სულ გერმანელი აგენტები ესწრებიან. მაგალითისთვის, ჩვენს გუნდში 21 წლის მარცხენა ნახევარმცველი, პაულ პარვულესკუ თამაშობს და მის მსურველებად ბუნდესლიგის “შალკე”, “ვერდერი” და “ჰერტა” სახელდება. ვიცი, რომ ყველაფერი მოლაპარაკების სტადიაშია და გერმანელები მასში 1,5-2 მილიონ ევროს იხდიან.
- მწვრთნელი კონკრეტულად ცენტრალური დაცვის რომელი მხრიდან გათამაშებთ?
- ორივე მხრიდან ვთამაშობ. მემარჯვენე ვარ, მაგრამ მარცხენა ფეხს კარგად ვხმარობ და ხშირად უფრო მარცხნიდან მათამაშებენ.
- თუ პირველი წრის შემდეგ ნაჩვენები შედეგებიდან ვიმსჯელებთ, “გაზ მეთანი” ცხრილის შუაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
- 18 გუნდში მე-10 ადგილზე ვართ და ქულებში სხვაობაც არაა ლიდერებთან ისეთი, რომ კიდევ უფრო დაწინაურებაზე ფიქრი უკვე გვიანი იყოს (21 ქულის დამგროვებელი მედიაშური გუნდი პირველადგილოსანს 13 ქულით ჩამორჩება - ფ.კ.). თუმცა, თუ ევროტურნირზე ვერ მოვხვდებით, ამას დიდ წარუმატებლობად არავინ ჩაგვითვლის - რუმინეთში ჩემპიონატის დონე საკმაოდ ამაღლდა და კონკურენცია ისეთია, პირველ 8 გუნდში თუ მოვხვდებით, ურიგო არ იქნება.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

0.119145