ჭიდაობა

10:16 | 9.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მედალს ვერც კვირკველია შესწვდა

მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთათვის განკუთვნილი სამი დღე ისე გაილია, საქართველოს ნაკრების წევრებმა კვარცხლბეკზე ასვლა ერთხელაც ვერ შეძლეს. გუშინ მედლების ბოლო, მეშვიდე კომპლექტი გათამაშდა. ხალიჩაზე 74 კილოგრამში მოჭიდავეები გავიდნენ. 6 იმედგაცრუების შემდეგ, ქართველი გულშემატკივრებისთვის ხასიათის გამოკეთება გუნდის ლიდერს, მანუჩარ კვირკველიას შეეძლო, მაგრამ...
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხოლოდ ერთი მეტოქის დამარცხება მოახერხა. კენჭისყრამ პირდაპირ მეორე წრეში მოახვედრა, სადაც კუბელ მაილი რაულ კონსეგრა პანფეს ორ სეტში გაუსწორდა. ამ გამარჯვებით მერვედფინალში გავიდა. იქ კი მოულოდნელად, ხორვატ ნევენ ზუგაჟთან წაიფორხილა. არადა პირველი სეტის შემდეგ წინ იყო. ფინალში ვერც ზუგაჟმა გააღწია და კვირკველიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა.
ჩემპიონი ზუგაჟის მძლეველი თურქი სელჩუკ ჩები გახდა, რომელმაც ფინალში სომეხ არსენ ჯულფალაკიანს მოუგო, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ყირგიზი დანიარ კობონოვი და რუსი იმილ შარაფეტდინოვი დაეუფლნენ.
საერთი გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 10 ქულის მოგროვება მოახერხა, თექვსმეტ ქვეყანას ჩამორჩა და შვედეთთან მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე ადგილი გაიყო. ყველაზე მეტი – 46 ქულა რუსეთმა დააგროვა. შეგახსენებთ, ჩემპიონატის მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ოქროს მედლის მოპოვება მოახერხეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველი, ამბაკო ვაჩაძე (66 კგ) ავიდა.
გუშინვე ჩემპიონატში ქალები ჩაერთნენ და ჩემპიონ-პრიზიორები ორ უმსუბუქეს წონაში გამოავლინეს. დღის და ალბათ მთელი ჩემპიონატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იაპონელი ჰიტომი საკამოტოსგან (48 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეექვსედ მოგება გახდა. ცნობისთვის, საკამოტოს მთელი კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული.
დღეს ხალიჩა მხოლოდ ქალთა სტილს დაეთმობა. ხვალ კი საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და შვიდივე წონის მედლებს სამ დღეში გაითამაშებენ.


მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 8 სექტემბერი
ბერძნულ-რომაული


74 კგ
1 სელჩუკ ჩები (თურქეთი)
2 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)
3 დანიარ კობონოვი (ყირგიზეთი)
3 იმილ შარაფეტდინოვი (რუსეთი)


გუნდური ჩათვლა

1 რუსეთი 46
2 თურქეთი 32
3 აზერბაიჯანი 26
3 სომხეთი 26
5 კუბა 24
5 ბულგარეთი 24
5 ყაზახეთი 24
8 ირანი 22
9 სამხრეთ კორეა 20
10 იაპონია 15
11 უკრაინა 14
12 ხორვატია 13
13 ყირგიზეთი 12
13 უნგრეთი 12
13 აშშ 12
13 პოლონეთი 12
17 საქართველო 10
17 შვედეთი 10
19 ბელარუსი 9
20 უზბეკეთი 7
20 საფრანგეთი 7


ქალთა სტილი

48 კგ
1 ჰიტომი საკამოტო (იაპონია)
2 ლორისა ორჟაკი (რუსეთი)
3 კაროლ ჰუინი (კანადა)
3 შაშა ჟაო (ჩინეთი)

51 კგ
1 ოლექსანდრა კოუტი (უკრაინა)
2 იუ ჰორიუჩი (იაპონია)
3 სოფია მეტსონი (შვედეთი)
3 ზამირა რახმანოვა (რუსეთი)


ოთარ მაღლაკელიძე

 

0.120816