გულშემატკივრის სვეტი

12:44 | 26.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

”მე თქვენ მიყვარხართ, ბატონებო!”

ძალიან უცნაური კაცია ეს ლეო მესი. ყოველ შემთხვევაში, ვერ გაიხსენებთ მისი ხასიათისა და ბუნების მქონე სხვა ვარსკვლავ ფეხბურთელს. მაშინ, როდესაც მთელი საფეხბურთი სამყარო დიდ საზაფხულო განცხრომასაა მიცემული, თუკი არგენტინულ გაზეთ ”ოლეს” დავუჯერებთ, ლეო ინდუვიდუალურად ვარჯიშის დროს მაინც ნახულობს და დღეში მხოლოდ 1-2 საათით აძლევს თავს გართობის უფლებას. და რა არის მისი გართობა?!... საყვარელ ქალთან ერთად აუზში ჭყუმპალაობა, ტკბილეულით პირის ჩაგემრიელება და საყვარელი ფილმების ცქერა. ბარი ლეოს არ უყვარს, არც ლუდხანა და ბევრი ხალხი. ტელეფონიც კი გამორთული აქვს. სწორედ ამიტომაცაა, ბულვარული პრესა მუდამ ლეო მესიზე რომ წუწუნებს – მესისგან სულ ბანალური და ნაკლებად ”ყვითელი” ამბები გვესმისო.
არგენტინელის ერთადერთი სისუსტე ტკბილეულის სიყვარულია და ტკბილეულსაც მოზომილად და მცირე რაოდენობით გეახლებათ. ლეოს ისიც კი უთქვამს: ”შოკოლადი ისე მიყვარს, ჩემი ნება რომ იყოს, შოკოლადის მეტს არაფერს შევჭამდი”. ერთხელ ესპანელმა პაპარაციმ, მისი აზრით ”სკანდალური ფოტო” გადაუღო ლეო მესის. ფეხბურთელი იახტაზე დგას და პირში სიგარეტისმაგვარი თეთრი საგანი უდევს. ჟურნალისტებმა უმალ ასტეხეს ერთი ამბავი – ეგეც თქვენი მესი. თქვენი ნაქები არგენტინელი, თურმე “პაპიროზის მქაჩველი” ყოფილაო. მესის ეს სიცილადაც არ ეყო და ჯიბიდან იქვე დააძრო ჩვენებური ირისის ტიპის მოგრძო, თეთრი ფერის კანფეტი და ჟურნალისტებს ურჩია, სიგარეტი და კანფეტი ერთმანეთისაგან განესხვავებინათ. უფრო მეტიც – ლეომ ”სკანდალური ფოტოების” დამბეჭდავი გაზეთის რედაქციას ერთი დიდი კოლოფი აღნიშნული კანფეტი გაუგზავნა – ამით პირი ჩაიგემრიელეთ და სისულელებს შეეშვითო... გაზეთს ისღა დარჩენოდა, ლეო მესისათვის ბოდიში მოეხადა და ბოდიშის ტექსტი გაზეთის პირველ გვერდზეც კი გაიტანეს.
”რატომ მოსწონს ლეო მესის ყოველთვის ტანდაბალი და ნაკლებად ცნობილი ქალები?” – ამ კითხვას ხშირად გაიგონებთ მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. როგორც ქალს აუჟუჟუნებს თვალებს, ეს, რასაკვირველია, მესის პირადი საქმეა, მაგრამ კითხვები ლეო მესის უცნაურ რომანმებზე მართლაც ჩნდება და ლეოც იძულებულია, ასეთ არაფრისმომცემ თემებზე როყიოდ მაინც ისაუბროს. ”თქვენი ცოლი ლამაზია?” – ეკითხება მესი ერთ-ერთ პორტუგალიელ ჟურნალისტს, რომელმაც გული გაუწვრილა ქალებზე კითხვების დასმით. ”ჩემი ცოლი რატომ გაინტერესებთ?!” – გაიკვირვა შეცბუნებულმა ჟურნალისტმა. ”აი, ხომ ხედავთ, როდესაც ცოლის სილამაზეზე გკითხეთ, წამსვე დაიბენით და განაწყენდით. მე კი ასეთ კითხვებს ათასი ჯურის ადამიანი დღეში რამდენჯერმე მისვამს. ინტერნეტში შესვლასაც კი ვერიდები, მსგავს სისულელეებს რომ არ გადავაწყდე”, – უპასუხა ლეომ პორტუგალიელ მოკალმეს, რომელსაც ამის შემდეგ არგენტინელის სულში ხელი აღარ უფათურებია.
სულ მალე დაიწყება ახალი საფეხბურთო სეზონი და აღარავის გვეპარება ეჭვი, რომ ჩია არგენტინელს ტრავმებმა თუ არ შეუშალა ხელი, წელსაც არაერთი მეკარის დამწუხრება ”მოუწევს.” როგორც უკვე ვთქვით, მესი გაგანია ზაფხულის შესვენების დროსაც კი ვარჯიშობს და შემოდგომის გრილ საღამეობზე ესპანეთის სტადიონებზე რა ქარბორბალას დაატრიალებს, ძნელად წარმოსადგენი ნამდვილად არ უნდა იყოს. მესი ჭეშმარიტად დიდი ვარსკვლავია და მხოლოდ მისი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი თუ იტყვის ამ დიდებულ ფეხბურთელზე და საოცრად თავმდაბალ კაცზე ცუდსა და შემაზარებელს.
”მეცინება კიდეც ხოლმე, როდესაც რომელიმე ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს ჩემი გაკრიტიკების ჟინი წამოუვლის და ხან მიმბაძველს მეძახიან და ხან რას. ამასწინათ პელემ ”მარადონას პაროდიაც” კი მიწოდა. თავიდან სულ ვფიქრობდი ხოლმე, თუ რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ამ ადამიანების გული მოვიგო. ახლა უკვე პატარა ბიჭი აღარ ვარ და ვხვდები, რომ ყოველთვის მეყოლება ადამიანები, რომლებიც გამუდმებულად გამაკრიტიკებენ. გამაკრიტიკებენ მაშინაც კი, მსოფლიოს ჩემპიონიც რომ გავხდე. ამას რომ მივხვდი, ახლა მხოლოდ ღიმილით ვპასუხობ პელეს და მის მეგობრებს. მე თქვენ მიყვარხართ, ბატონებო!” – ლეო მესის ამ სიტყვებს რაიმეს დამატება ალბათ ნამდვილად აღარ სჭირდება!
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

0.114135