ჭიდაობა

0:38 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე დღე მძიმე ბრინჯაოს ფინიშით

2005 წელს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილი ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რვა წლის შემდეგ, მას ისევ ბუდაპეშტში, უკვე მწვრთნელის ამპლუაში ეძლევა მსოფლიოს ოქროთი გახარების შანსი, მაგრამ ეს შანსი შეჯიბრის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, მინიმალურია. თუკი გუშინ, ნაკრების დებიუტანტებისგან მე-5 ადგილების დაკავება, მაინც კარგ შედეგად ჩავთვალეთ, საქმეში დღეს ჩართული გამოცდილი და ტიტულოვანი მოჭიდავეებისგან აშკარად მეტს ველოდით – ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა.

ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის ერთადერთი ნათელი წერტილი, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი იყო. 19 წლის გორელმა მოჭიდავემ, სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, ევროპირველობაზეც მესამე საპრიზო ადგილი ჰქონდა დაკავებული.

ოქრო-ვერცხლის შანსი პეტრიაშვილმა ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების გამოცდილ და ტიტულუხვ წევრ ჰაჯიმურატ გაცალოვთან წაგებით. ქართველმა მძიმეწონოსანმა, შეხვედრის დაწყებიდან ნახევარ წუთში, მეტოქე ჩოქბჯენში გადაიყვანა და 2:0 დაწინაურდა. უმალ, უპირატესობის გაზრდა გადაწყვიტა და გაცალოვის დატრიალება სცადა, მაგრამ ბეჭებზე აღმოჩნდა და თავი ვეღარ დაიძვრინა. არადა, რომ არა ელემენტარული შეცდომა, მოწინააღმდეგესთან შედარებით გაცილებით გამოუცდელი ახალგაზრდა სპორტსმენი, სავარაუდოდ, მორიგ ეფექტურ გამარჯვებას მიითვლიდა.

ამ ბრძოლამდე, გენო პეტრიაშვილმა ორი შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება მოასწრო – შეჯიბრებაში მეორე წრიდან, მერვედფინალიდან ჩაერთო და ინდოელ ჰიტენდერ ჰიტენდერს 47 წამი აკმარა 8 ქულის ასაღებად. რუმინელ დანიელ ჩინტოანს კი წუთსა და 55 წამში გაუსწორდა – 7:0.

რეპეშაჟის ფინალში, ქართველმა მძიმეწონოსანმა ჩინელ ჟივეი დენგს 4 წუთში 10:3 მოუგო. მძიმე წონის გადამწყვეტ ბრძოლაში კი, გაცალოვმა სამ წუთში შვიდი უპასუხო ქულა აუღო უკრაინის სახელით მოჭიდავე ალენ ზასიევს.

დავით მარსაგიშვილმა ჩემპიონატი ბულგარელი ნიკოლაი პასლარის ძლევით (5:0) გახსნა. ამერიკელ კეით მაიკლ გავინს წუთი და 15 წამი აკმარა - 8:0. ბუდაპეშტურ ხალიჩაზე გამოსვლა კი, მერვედფინალში ირანელ ეხსან ნასერ ლაშგარისთან შეხვედრით დაასრულა. პირველი პერიოდის შემდეგ, მარსაგიშვილი 3:0-ს იგებდა და თითქოს საგანგაშოც არაფერი იყო, მაგრამ მეორე სამწუთეულში დაღლა დაეტყო, ინიციატივა მოწინააღმდეგეს დაუთმო და 18 წამით ადრე, მაშინ, როდესაც უკვე 3:8-ს აგებდა, ბრძოლა შეწყვიტა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე მეოთხედფინალი და მონღოლი ნიამ-ოჩირ ენხსაიხანი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი, პირველ სამწუთეულში 3:0 დაწინაურდა. მეორეში ხინჩეგაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. შემდეგ ისევ ორქულიან ილეთზე წამოეგო, თავად კი ორჯერ თითო ქულა ლაშგარის ხალიჩიდან გაქცევის გამო მიიღო – 4:5. შეხვედრის მიწურულს, გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და ერთი შეხედვით დაასრულა კიდეც, მაგრამ ეპიზოდში მოწინააღმდეგეც აქტიურად იყო ჩართული და მსაჯებმა ხინჩეგაშვილს ქულა აკმარეს, ხოლო ლაშგარის – 2 ქულა. საფინალო სირენამდე 3 წამი რჩებოდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, მაგრამ შედეგი არც ამას მოჰყვა – ირანელს ქულაც წაუმატეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:8.

მეოთხედფინალამდე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო. პერუელ აბელ გერალდ პასტორ ჰერერასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 9:6 იმარჯვა, ხოლო სამხრეთკორეელ სეუნგ-ჩულ ლის 8:0 აჯობა.

ნიამ-ოჩირ ენხსაიხანმა და ეხსან ნასერ ლაშგარიმ, ქართველების ძლევის შემდეგ, მალევე წაიფორხილეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და დავით მარსაგიშვილს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტათ.

18 სექტემბერს, მედლები თავისუფალი სტილით ჭიდაობის ერთადერთ დარჩენილ წონაში, 74 კილოგრამში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს.

 

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

17 სექტემბერი

 

60 კგ

1 ბიკხან გოიგერეევი (რუსეთი)

2 ვლადიმირ ვლადიმიროვ დუბოვი (ბულგარეთი)

3 ბარჯანგ ბარჯანგი (ინდოეთი)

3 მასუდ მაჰმუდ ესმაეილპურჟუიბარი (ირანი)

 

84 კგ

1 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

2 რეინერის სალას პერესი (კუბა)

3 ეხსან ლაშგარი (ირანი)

3 იშტვან ვერები (უნგრეთი)

 

120 კგ

1 ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)

2 ალენ ზასიევი (უკრაინა)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ტაჰა აკგული (თურქეთი)

0.119558