ძიუდო

20:05 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მდიდარი მონაგარი ქართველი კაცებისგან

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ესაა საქართველოს კაცთა ნაკრების მონაგარი თბილისის გრან პრის მეორე დღეს. ვერაფერს იტყვი, ბრწყინვალე შედეგია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

73 კილოგრამში მოჭიდავე ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან პოდიუმზე სამი ავიდა. უმედლოდ მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების წევრი ფრიდონ გიგანი დარჩა, რომელმაც ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალით დაასრულა.

73 კილოგრამი წონითი კატეგორიის და მთლიანად საჭიდაო დღის მთავარი მოვლენა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალის განმეორება იყო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა უნგრელი მიკლოშ უნგვარი კიდევ ერთხელ დაამარცხა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ლონდონში ორივე ძიუდოისტი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ამჯერად ერთი წონით მაღლა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შავდათუაშვილი პირველივე წამებიდან დაეუფლა უპირატესობას. მართალია გდება არ შეუსრულებია, მაგრამ მსაჯს შედარებით პასიური მოწინააღმდეგე სამჯერ გააფრთხილებინა.

მეოთხედფინალში ქართველმა ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა უკრაინელ სერგეი დრებოტთან აბსოლუტურად განსხვავებული ტაქტიკით იჭიდავა – ერთი ვაზარი აიღო და უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა. ნახევარფინალში კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოლდოველ წევრთან ვიქტორ სკვორტოვთან შეხვედრისას ბეწვის ხიდზე გაიარა. ძირითადი დრო უილეთოდ გაილია და რომ არა საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე მსაჯის მიერ უკრაინელისთვის მიცემული გაფრთხილება, ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟის ფინალში გადაერთვებოდა. შიდოს ხარჯზე ბრძოლა ოქროს დროში გადავიდა და წარმოუდგენლად დიდხანს გაგრძელდა. მსაჯმა შეხვედრა რამდენიმეჯერ შეაჩერა და ხან ერთი ძიუდოისტის გაფრთხილება დააპირა, ხან მეორესი, მაგრამ მსაჯთა მაგიდა არც ერთ ვარიანტზე არ დაეთანხმა. ფინალის საგზურის ბედი კი შავდათუაშვილის მიერ მე-6 დამატებულ წუთზე შესრულებულმა ილეთმა გადაწყვიტა, რომელიც იუკოდ შეფასდა.

ბადის მეორე მხარეს საქართველოს ნაკრების წევრები ისე გადანაწილდნენ, ორი გამოცდილი ძიუდოისტის, ევროპის პრიზიორების ნუგზარ ტატალაშვილისა და ზებედა რეხვიაშვილის გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. იქამდე ორივე ძიუდოისტმა თითო მეტოქე ჩამოიშორა. ტატალაშვილმა თურქმენ კასიმ პოპულოვს აჯობა სუფთა გდებით, რეხვიაშვილმა კი უკრაინელი დმიტრო კანივეცი ჩამოიშორა ასევე ეფექტური იპონით.

ქართული დაპირისპირება მეხუთე წუთზე ტატალაშვილის მიერ შესრულებული იპონით დასრულდა. არადა ამ ეპიზოდამდე ჭიდაობა რეხვიაშვილს მიჰყავდა და მსაჯს მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა.

ამ შეხვედრის და ლაშა შავდათუაშვილის ფინალში გასვლის გათვალისწინებით, სავარაუდოდ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ქართული განაცხადის საკითხი უკვე გაირკვა, თუმცა მოვლენებს მაინც არ გავუსწრებთ. მით უმეტეს, ევროპირველობამდე კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირია – სამსუნის გრან პრი, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, თურქულ ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრების წევრთა გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ იქნებ უკვე სხვაგვარადაც იყოს.

ნახევარფინალში ნუგზარ ტატალაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი მუსა მოგუშკოვი უილეთოდ ჩამოიშორა. შეხვედრის ბედი შიდომ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯმა შედარებით პასიურ მოგუშკოვს საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე მისცა.

ფინალში კი ტატალაშვილმა მორიგ შიდა სანაკრებო დაპირისპირებაში იმარჯვა – საუკეთესო მეგობარს ერთობ უღიმღამო შეხვედრაში ვაზარით აჯობა.

ზებედა რეხვიაშვილი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ტატალაშვილთან წაგების შემდეგ აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვსა და ვიქტორ სკვორტოვს შთამბეჭდავი სუფთა გდებებით ორ-ორ წუთში მოუმთავრა საქმე.

რაც შეეხება ფრიდონ გიგანს, იგი სპორტის სასახლის ტატამზე მხოლოდ ორჯერ გავიდა. შეჯიბრება გამოცდილი იტალიელი ძიუდოისტის მარკო მადალონის იპონით ძლევით გახსნა. რუსტამ ორუჟოვთან კი ვეღარას გახდა.

81 კილოგრამში პირველ ნომრად რა თქმა უნდა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო განთესილი. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალიც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიპოვა. თუმცა იყო ერთი ბრძოლა, რომელშიც ჭრიკიშვილი სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა და მხოლოდ ერთი გაფრთხილებით იმარჯვა. ეს შეხვედრა მეოთხედფინალში შედგა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრ უშანგი მარგიანთან. შეგახსენებთ, ჭრიკიშვილი და მარგიანი შარშან, წლის ბოლოს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და წონის ლიდერმა მაშინაც თანაბარ ბრძოლაში იმარჯვა.

ამჯერად თანაგუნდელთან დაჭიდებამდე ავთანდილ ჭრიკიშვილმა სომეხი რაფაელ დავთიანი ჩამოიცილა ორწუთნახევარში. ნახევარფინალში მუდმივად ბრძოლისთვის თავის არიდებაზე ორიენტირებული მეტოქე – ირანელი ამირ გასემი ნეჯადი მსაჯს 4 წუთში მოახსნევინა. ფინალში კი ამერიკელ ტრევის სტივენსს ლონდონის ოლიმპიადაზე განცდილი მოულოდნელი მარცხის გამო კიდევ ერთხელ აუღო რევანში, წუთნახევარში შესრულებული ულამაზესი სუფთა გდებით.

უშანგი მარგიანმა ტურნირი საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსის იპონით ძლევით გახსნა. დამამშვიდებელ ეტაპზე გადართვის შემდეგ კი აზერბაიჯანელ ტურალ საფგულიევსა და აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს აჯობა და სადებიუტო გრან პრი ბრინჯაოს მედლით აღნიშნა.

ჩემპიონებმა ნუგზარ ტატალაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოქროს მედლებთან ერთად 300-300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს. ფინალში წაგებულმა ლაშა შავდათუაშვილმა პირად რეიტინგს 180 ქულა შემატა. ზებედა რეხვიაშვილსა და უშანგი მარგიანს კი ბრინჯაოები 120-120 ქულით დაუფასდებათ.

დღესვე, ქართული დროშის ქვეშ გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა ზურაბიანმა (ორივე 81 კგ), ნინო მარტიაშვილმა, შორენა შარაძემ (ორივე 63 კგ) და თეა სუხიტაშვილმაც (70 კგ) იჭიდავეს, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ.

ამათგან ნაკრებს საერთო გუნდური ჩათვლისთვის ქულა მხოლოდ შარაძემ შემატა, რომელმაც გრან პრი მე-7 ადგილით დაასრულა. ძირითად ბადეში იგი მეორე წრიდან ჩაერთო, ებრაელ როტემ შორთან შეხვედრით და მაღთალია მეტოქეს რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც გავიდა. გადამწყვეტი სუფთა გდების შესრულებისას ფეხში შესვლის წესის დარღვევის გამო შორიმ დისკვალიფიკაცია მიიღო.

მეოთხედფინალში შორენა შარაძე ამერიკელ ჰანა მარტინთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ხორვატ ანდრეა დრაკოვიჩთან.

გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ზურაბიანი, ნინო მარტიაშვილი და თეა სუხიტაშვილი კი ტატამზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. პაპუნაშვილი ტურნირს ყაზახ ფარხად რუზუკულოვთან მარცხის გამო გამოეთიშა. ზურაბიანმა იტალიელ ანტონიო ჩიანოსთან წააგო, მარტიაშვილმა – აზერბაიჯანელ ხანიმ ჰუსეინოვასთან, ხოლო სუხიტაშვილმა – ებრაელ იარდენ მაიერსონთან.

თბილისის გრან პრი ხვალ დასრულდება. კაცებში მედლები 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება. ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით კი სულ 15 ძიუდოისტი იჭიდავებს: ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, ბექა ღვინიაშვილი, პაატა ღვინიაშვილი (ოთხივე 90 კგ), იოსებ მსხალაძე, გურამ თუშიშვილი, დავით ლორიაშვილი, რევაზ ჩიკოიძე (ოთხივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე, როსტომ ხახალეიშვილი (ოთხივე +100 კგ), ნინო ოძელაშვილი (78 კგ), ირინე ლეონიძე და ელენე ქებაძე (ორივე +78 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი – 17 საათიდან.

თბილისის გრან პრის ორგანიზატორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და კომპანიები: “აქვა გეო" და "ზედაზენი" არიან. ტურნირის მხარდამჭერია თბილისის მერია.

 

ძიუდო

გრან პრი

თბილისი

21 მარტი

 

კაცები

 

60 კგ

1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

2 იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)

3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

7 გიორგი ბროლაშვილი (საქართველო)

7 პაატა მერებაშვილი (საქართველო)

 

66 კგ

1 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

3 ბატგერელ ბატსეცეგი (მონღოლეთი)

3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

7 შალვა ქარდავა (საქართველო)

7 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

 

ქალები

 

48 კგ

1 ნატალია კონდრატიევა (რუსეთი)

2 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

3 ამელი როსენო (ისრაელი)

3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)

 

52 კგ

1 გილი კოენი (ისრაელი)

2 როსალბა ფორჩინიტი (იტალია)

3 ტატიანა ლევიცკა (უკრაინა)

3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

 

57 კგ

1 ირინა ზაბლუდინა (რუსეთი)

2 იოვანა როგიჩი (სერბეთი)

3 შუშანა გევორქიანი (უკრაინა)

3 კიფაიატ გასიმოვა (აზერბაიჯანი)

 

22 მარტი

 

კაცები

 

73 კგ

1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 ტრევის სტივენსი (აშშ)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 ასაფ ჩენი (ისრაელი)

 

ქალები

 

63 კგ

1 ედვიგ გვენდი (იტალია)

2 იარდენ გერბი (ისრაელი)

3 პარი სურაკატოვა (რუსეთი)

3 ნინა მილოშევიჩი (სლოვენია)

7 შორენა შარაძე (საქართველო)

 

70 კგ

1 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

2 ეკატერინა დენისენკოვა (რუსეთი)

3 ირინა გაზიევა (რუსეთი)

3 ლიორ ვილდიკანი (ისრაელი)

0.11864