ფეხბურთი

21:26 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მცხეთა-პარკის” სიხარული

პარასკევ საღამოს, “მცხეთა პარკის” ბინადრებმა, მიმდინარე სეზონში მეორედ გაიმარჯვეს, კახაბრიშვილისა და კალანდიას გოლებით, “ვიტ-ჯორჯიამ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა.

სანამ დღევანდელზე ვიტყოდე, ორი სიტყვით წინა ტურს გავიხსენებ. ზღვისპირელებმა ბოლო ტურში შვეიცარიული “ქსამაქსის” ყოფილი ფეხბურთელის, ირაკლი ჩირიკაშვილის გოლით გორში მოიგეს, თუმცა შეხვედრას მასპინძელთა მხრიდან პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია _ მათი პრეტენზიები მსაჯობის მიმართ იყო მიმართული.

სანაკრებო ბატალიების წინ, ზურაბ ბერიძის მოთამაშეებმა საკუთარ მოედანზე “სპარტაკთან” წააგეს. საინტერესოა, რომ ამ მატჩშიც, ერთადერთი გოლი შვეიცარიულ ფეხბურთს გამოვლილმა გიორგი ივანიშვილმა გაიტანა.

დღეს ოდნავ ქარიან და ღრუბლიან საღამოს, ამინდის მსგავსი მოსაწყენი თამაში იყო. ფეხბურთელები, ძირითადად, გაუაზრებლად მოქმედებდნენ, მხოლოდ იშვიათ მომენტებში შეამჩნევდით გონების ძალით მოქმედებას მოთამაშეთაგან, თუმცა მეტოქის მოედანზე ზუსტად გაკეთებულ კარგ პასთა მცირე რაოდენობა, თამაშის სურათზე გავლენას ვერ ახდენდა.

“ვიტ-ჯორჯიას” შემტევი პოტენციალი ახალგაზრდებისგან შედგებოდა. მათ ბათუმელთა გამოცდილ, მაგრამ ცუდ ფორმაში მყოფთ აჯობეს და დამსახურებულად მოიგეს.

მარცხმა გაანაწყენა “დინამოს” ფან-კლუბის წევრები. გაშვებულ გოლებს, მსაჯთა მიმართ მათი უწმაწური გინება მოჰყვა. შეუძლებელია, 90 წუთის მანძილზე გესმოდეს როგორ გაგინებენ და შენს ფსიქოლოგიაზე გავლენა არ მოახდინოს. ამიტომაც, მხოლოდ სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა გვერდითი არბიტრის მიმართ, რომელიც 90 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ფორმის გინებას ისმენდა საკუთარ თავზე. ისიც შესაძლებელია, მსაჯი შეცდეს, მაგრამ არამგონია, გულშემატკივრებმა ქუჩაში შემხვედრ არბიტრს შეაგინონ.

მე-19 და 28-ე წუთებზე ვნახეთ გოლები. ორი გოლი, ორივე მიხეილ ალავიძის კარში, კახაბრიშვილისა და საბაძის ავტორობით. ერთი შეხედვით, მასპინძელთა ყველაზე სუსტ წერტილს მარცხენა მცველი ლევან საბაძე წარმოადგენდა. დაცვაში თამაშისას მოიკოჭლებდა, ხოლო შეტევისას უკეთესი იყო. ხაზს გავუსვამ მის აქტიურობას პირველი გოლისას. “დინამოს” საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კახაბრიშვილმა დაარტყა, ბურთი გამოვარდა და იმავე კახაბრიშვილმა მეორე დარტყმით პირველი გაიტანა.

მეორეც მალე გავიდა. კახაბრიშვილის გოლიდან დაახლოებით 9 წუთი იქნებოდა გასული, როცა ნიკოლოზ მაისურაძის სტანდარტულს კალანდია გამოეხმაურა, გიორგიმ ახლო მანძილიდან აუღებელი გაიტანა.

პირადად ჩემთვის, გაუგებარია რა ჰქვია იმ თამაშს, რაც ბათუმის “დინამომ” შემოგვთავაზა. არც “ვიტ-ჯორჯიით” აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ ახალგაზრდებისგან უფრო მეტი ცდა და მონდომება იყო, ხოლო მიხეილ კაკალაძითა და დიმიტრი ტატანაშვილით ძლიერი კლუბის შექმნა, თუნდაც ქართულ საკლუბო ფეხბურთის დონეზეც წარმოუდგენელი ჩანს. ტატანა ამერის  ბომბარდირი აღარ არის, არც კაკალაძის გოლით შედიან ქართული კლუბები ევრო ჯგუფებში. მათი დრო წავიდა, ნიჭი და მოტივაცია წარსულში დატოვეს.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბათუმელთა 20 წლის ვალერიან თევდორაძემ, მოძრაობდა და ხშირად სწორადაც მოძრაობდა, თუმცა გუნდის შთაბეჭდილებას “დინამო” ნაკლებად ტოვებდა. ნელი ტემპი არღვევდა კავშირს რგოლებს შორის, რადგან “ვიტ-ჯორჯია” ანგარიშის შენარჩუნებას ჩაშლებით კარგად ახერხებდა.

მატჩის მიწურულს, ამირან მუჯირი სათადარიგო სკამიდან ადგა და სათამაშოდ შევიდა, ველოდებოდი გამოცდილების ხარჯზე ერთ პასს გაახერხებს-თქო. ასეც მოხდა. ტატანაშვილს კარგად უპასა, თუმცა დიმას დარტმა მიზანს აცდა.

დამატებულზე კუხალეიშვილმაც ააცილა, როცა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. შემდეგ კურდღელაშვილმა დაარტყა შორიდან, მაგრამ სუსტად. ალავიძემ მესამე აღარ გაუშვა.

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 2:0 (2:0)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 300

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე (ხვისტანი 73), გეთიაშვილი, მურუსიძე, გახარია, მაისურაძე, კურდღელაშვილი, დადიანი (თათხაშვილი 67), კუხალეიშვილი, კახაბრიშვილი (დავლაშელიძე 79)

მწვრთნელი:ზურაბ ბერიძე

დინამო: ალავიძე, ჩუენსუ (ტეტუნაშვილი 40), მგელაძე (მუჯირი 69), მახარაძე, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, შონია, დიასამიძე (თევდორაძე 46), ჩირიკაშვილი, კაკალაძე, ტატანაშვილი

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი

გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (19), 2:0 კალანდია (28)

გაფრთხილება:  კუხალეიშვილი (39), მაისურაძე (90+2); ჩუენსუ (24), მახარაძე (33), სუხიაშვილი (90)

დიმიტრი შარიქაძე


0.128657