ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (2621) ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ, პირველი ყაიმი გააფორმა, თუმცა, ესეც აქტივში უნდა ჩავუთვალოთ, რადგანაც შავი ფიგურებით პირველ ნომრად განთესილ სერგეი ჟიგალკოს (ბელარუსი, 2675) ეთამაშებოდა.
შედეგად, მჭედლიშვილმა 5.5 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, მისი უახლოესი მდევრები კი ხსენებული ჟიგალკო, იური კუზუბოვი (უკრაინა, 2648), აბიჯეეტ გუპტა (ინდოეთი, 2619), ანტონ ფილიპოვი (უზბეკეთი, 2619) და ოლეგ კორნეევი (ესპანეთი, 2618) არიან, რომლებიც 0.5 ქულით ჩამორჩებიან.
მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით კუზუბოვს ეთამაშება, გუპტა – ჟიგალკოს, ხოლო კორნეევი – ჟიგალკოს.
შეგახსენებთ, რომ უზბეკური ტურნირი ქვეყნის პირველი დიდოსტატის გეორგი აგზამოვის სახელობის გახლავთ და უკვე მერვედ იმართება. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 24 მაისამდე გასტანს. მემორიალის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 4 ათასი ერგება, სულ კი, თანხა 12 მონაწინავეზე გადანაწილდება.