დუბაის საჭადრაკო ტურნირის 7 ტურის თავზე მეტად საინტერესო ვითარებაა შექმნილი. 6.0 ქულით წინ ერთბაშად 6 მოჭადრაკე გაიჭრა, ნახევარი ქულით კი მათ 7 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი მიჰყვება.
სამწუხაროდ, მოწინავეთა შორის ვერ ვხედავთ ქართველებს. ჩვენებურთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ბელა ხოტენაშვილს (2492) გააჩნია, რომელსაც 5.0 ქულა მოუგროვდა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-15 ადგილზეა. ასეთივე მონაგარით 32-ე პოზიცია უკავია კონსტანტინე შანავას.
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მიმდინარე ტურნირზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 36. ლევან ფანცულაია (2556) – 4.5 ქულა; 54. მიხეილ მჭედლიშვილი (2640) – 4.0; 76. სოფიკო ხუხაშვილი (2386) – 4.0; 77. მაკა ფურცელაძე (2347) – 4.0;
ცნობისთვის, 5 ტურის თავზე მონაწილეებმა კლასიკური ჭადრაკისგან დაისვენეს და ძალები ბლიცში სცადეს. ამ შემთხვევაში, ჩინებულად ითამაშა მიხეილ მჭედლიშვილმა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა.
მჭედლიშვილმა 6 პარტია მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა და პირველ პოზიციაზე გასულ ემირატელ სალეჰ სალემს (2534) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.
ბლიც-ტურნირი კარგად დაიწყო და 5 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით ლიდერობდა ლევან ფანცულაია, თუმცა, დარჩენილ პარტიებში მხოლოდ ქულის აღება მოახერხა და 6.0 ქულით მე-11 პოზიცია დაიკავა. ასეთივე მონაგარით მე-13 გახლდათ კონსტანტინე შანავა.
შეგახსენებთ, რომ დუბაის ტურნირ შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 15 აპრილამდე გასტანს. არაბული პირველობის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II ადგილი – 7 000; III ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...