იტალიის თასზე, “ემპოლის” შემადგენლობაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ დუბლი შეასრულა. “ემპოლიმ” “სუდტიროლს” 5:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ქართველმა, თავი 79-ე და 89-ე წუთებზე გამოიჩინა. ირაკლი შეყილაძე “ემპოლის” 18-კაციან განაცხადში არ იყო.
ბელარუსის პრემიერლიგის მე-20 ტურში, გოლი ბრესტის “დინამოს” ქართველმა ლეგიონერმა უჩა გოგოლაძემ გაიტანა. ბრესტელებმა მოგიოლოვის “დნეპრს” უმასპინძლეს და 2:0 გაიმარჯვეს. გოგოლაძემ მონაწილეობა პირველ გოლშიც მიიღო, ხოლო 56-ე წუთზე ორ მცველს გაცდა და ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში, 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 16 მატჩი ჩაატარა და თავი მეორედ გამოიჩინა. “დინამოს” 20 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.
პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) სტარტზე, “ოლივეირენსე”, რომელშიც ავთო ებრალიძე ირჯება, “პენაფიელს” ესტუმრა და 0:1 წააგო. ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს.
გერმანიის მე-3 ბუნდესლიგის მე-3 ტურში, “ჰალეშერმა”, სადაც აკაკი გოგია გამოდის, საკუთარ მოედანზე “ვიესბადენთან” 1:2 წააგო. გერმანული პასპორტის მქონე ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. სამი ტურის შემდეგ, “ჰალეშერს” ქულა არ აქვს და 20 გუნდში მე-19 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურში, “სევასტოპოლმა”, რომელშიც მათე ღვინიანიძე ირიცხება, სტუმრად ზაპოროჟიეს “მეტალურგთან” 2:2 ითამაშა. ქართველი მცველი 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად იყო. გასულ სეზონში, როდესაც “სევასტოპოლი” პირველ ლიგაში თამაშობდა, ღვინიანიძეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და გუნდს ზოგჯერ კაპიტნობდა კიდეც. რაც ახალი სეზონი დაიწყო, მას პირველ გუნდში არ უთამაშია და დუბლშემადგენლობაშია გამწესებული.
ლუცკის “ვოლინმა” გასვლაზე ხარკოვის “მეტალისტთან” 0:4 წააგო. თემურ ფარცვანია დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-15 წუთზე მეტოქემ ზურგის არეში მუხლი მიარტყა და შეცვალეს. “ვოლინს” 4 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზეა.
პირველი ლიგის მე-5 ტურში, “მიკოლაევი” შინ კრემატორსკის “ავანგარდს” დაუზავდა – 0:0. მასპინძლებში ქართველი მარცხენა მცველი გიორგი ჯგერენაია არ შეუცვლიათ. “მიკოლაევს” 8 ქულა აქვს და 16 გუნდში მეოთხეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, ტურკუს “ინტერმა” შინ “იალკაპალოს” ვერ მოუგო – 1:1. მასპინძელთა შორის ირაკლი სირბილაძემ 90 წუთი ითამაშა. “ინტერს” 25 ქულა აქვს და 12 გუნდში ბოლოსწინა ადგილზეა.
იუკონენლიგის მე-20 ტურში, “კაიანიმ” თავის მოედანზე “ჰაკასთან” 1:2 წააგო. მასპინძლებში კახა სამსონიამ შეუცვლელად იასპარეზა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “კაიანი” 11 გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, გარგჟდაის “ბანგამ” სტუმრად “კრუოიასთან” 0:1 წააგო. გარგჟდაელთა შემადგენლობაში ვაჟა ბედოიძემ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად, ირაკლი ღერკენაშვილიც სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ბექა კობიაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ. “ბანგას” 23 ქულა აქვს და 9 გუნდში მეექვსეა.
“ტაურასმა” საკუთარ მოედანზე “ჟალგირისთან” გამანადაგურებელი ანგარიშით, 0:5 წააგო. დამარცხებულებში ირაკლი თვალავაძე 90 წუთი გაისარჯა. “ტაურასი” 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-16 ტურში, დაუგავპილსის “დაუგავამ” “იურმალა” მიიღო და 1:0 აჯობა. მასპინძლებში გიორგი ჩიხრაძე თავიდან ბოლომდე გაისარჯა და 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი “დაიმსახურა”. მამუკა ღონღაძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბიძინა ცინცაძე – 84-ეზე. ამ გამარჯვების შემდეგ, დაუგავპილსელები 30 ქულით 10 გუნდში მე-3 ადგილზე არიან.
რიგის “დაუგავა” შინაურ კედლებში “მეტას” დაუზავდა – 1:1. რიგელთა შემადგენლობაში გიორგი დიაკვნიშვილი 76-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “დაუგავა” 31 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “სკონტოს” 4 ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-2 ტურში, ზაქათალის “სიმურგი”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე თავკაცობს, გასვლაზე “ხაზარ-ლენქორანს” უგოლოდ გაეყარა. ორი ტურის მერე, “სიმურგს” 4 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში, “ოლმალიქმა” შინაურ კედლებში “ლოკომოტივთან” 1:2 წააგო. დამარცხებულებში გიორგი კვესიეშვილმა ორი ტაიმი ჩაატარა. აქამდე, ქართველი მარცხენა მცველი “ბუხარაში” ირჯებოდა და ამჯერად, “ოლმალიქის” ღირსებას იცავს.
მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” გასვლაზე “აკადემიას” 3:0 მოუგო. კიშინიოველთა შორის თორნიკე სტეფნიაშვილი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. “ზიმბრუს” 7 ქულა აქვს და 12-გუნდიან პირველობას ლიდერობს.
ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, “რაპიდი” მიიღო და 2:0 მოუგო. ტირასპოლელები 4 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან.