ფეხბურთი

14:51 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე: "იბრაჰიმოვიჩი ჩემი კერპია"

როგორც იცით, ლევან მჭედლიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა "ემპოლი"-"ნოვარას" მატჩში (4:1), როცა საჯარიმოში მოკლე მონაკვეთზე 3 კაცი მოატყუა და ზუსტად დაარტყა. მჭედლიძის გუნდს ერთი ნაბიჯი აკლია სერია A-მდე. საამისოდ ემპოლელებმა "ლივორნოს" უნდა სძლიონ ორი შეხვედრის ჯამში: პირველი თამაში 29 მაისს ემპოლიში გაიმართება, საპასუხო - 2 ივნისს ლივორნოში.

სწორედ ამიტომ, ლევანი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ ჩამოვიდა: წინ გადამწყვეტი თამაშები ელის იტალიაში.

გეცოდინებათ, მჭედლიძის ყოფილი გუნდი "პალერმო" სერია A-დან გავარდა, რაც 2-3 წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა: სიცილიელები ხომ მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში იყვნენ და ევროპის ლიგის ზონაში ხვდებოდნენ.

მჭედლიძემ Palermo24-თან საუბარში აღნიშნა, რომ ყოფილი გუნდის გავარდნის გამო ძალიან დასწყდა გული:

 - სამწუხაროა და საკვირველიც. პალერმოში მშვენივრად ვგრძნობდი თავს. მართალია, ხშირად ვერ ვთამაშობდი და ხელმძღვანელობასთანაც პრობლემა მქონდა, მაგრამ გუნდში კარგი ატმოსფერო იყო. უცნაურია "პალერმოს" სერია B-ში ყოფნა და ვუსურვებ, მალე დაბრუნებულიყოს.

- ბევრი იხსენებს თქვენს გადამწყვეტ გოლს "იუვენტუსის" კარში, როცა “პალერმოში" თამაშობდით.

- აღარც ვფიქრობ იმ გოლზე, თუმცა მახსოვრობის მხრივ პრობლემა არ მაქვს. რაც შეეხება კვირას "ნოვარას" კარში გატანილ გოლს, უბრალოდ, მსურს, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო და მეც სიამოვნება მივიღო თამაშით.

- ლუიჯი კანიმ (“ემპოლის" ყოფილი მწვრთნელი - ავტ.) ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეგადარათ.

- ვამაყობ. იბრაჰიმოვიჩი ჩემი კერპია. მადლობა მწვრთნელს.

- ახლა "ლივორნოსთან" გელით გადამწყვეტი მატჩები...

- კარგად ვთამაშობთ და გვწამს, რომ გამარჯვება შეგვიძლია, თუმცა ისიც ვიცი, რომ "ლივორნო" ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვება იოლი არ იქნება.

 

0.069776