უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების ხუთეული გამოაქვეყნა, რომელთაც ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში შესარჩევ ციკლში გოლი გაუტანიათ და 5-კაციან ჩამონათვალში ლევან მჭედლიძე მეორეა.
ევროპის 2008 წლის შესარჩევ ციკლში, 2007 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იმ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერს შოტლანდიას თბილისში 2:0 მოუგო და ანგარიში მჭედლიძემ გახსნა. მაშინ, “ემპოლის” თავდამსხმელი 17 წლისა და 207 დღის იყო. შოტლანდიელები მეორედ დავით სირაძემ დაამწუხრა.
მჭედლიძე მხოლოდ უელსის ნაკრების ფეხბურთელს, გარეთ ბეილს ჩამორჩა, რომელიც ხსენებული ევროპირველობის შესარჩევში 17 წლისა და 83 დღის იყო, როდესაც 2006 წლის 7 სექტემბერს შინ 1:5 წაგებულ მატჩში, სლოვაკებს გოლი გაუტანა.
ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: ებრაელი ფეხბურთელი ბენ საჰარი (17 წელი და 230 დღე), უეინ რუნი (17 წელი და 317) და ექსიუგოლსავიელი ზორან ფილიპოვიჩი (18 წელი და 92 დღე).
საჰარმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, 2007 წელს, 28 მარტს, გოლი ისრაელი-ესტონეთის (4:0) დაპირისპირების დროს გაიტანა.
რუნიმ თავი 2004 წლის ევროშესარჩევში, 2003 წლის 6 სექტემბერს, გასვლაზე მაკედონიასთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში გამოიჩინა.
ფილიპოვიჩმა კი 1972 წლის ევროპის პირველობის შესარჩევ ციკლში, 1971 წლის 9 მაისს, სტუმრად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების კარი აიღო. ხსენებულ მატჩში იუგოსლავიელებმა 2:1 გაიმარჯვეს.