ფეხბურთი

20:35 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე და შეყილაძე სერია B-ს ლიდერებში

იტალიის საფეხბურთო სერია B-ს მე-14 ტურში, “ემპოლიმ”, რომელშიც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ასპარეზობენ, “ვირტუს ლანჩიანოს” უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.

მჭედლიძე მოედანზე 85-ე წუთზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად შევიდა, ხოლო შეყილაძე თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა. “ემპოლის” შემადგენლობაში გოლები მაკარონემ, პუკიარელიმ და ტავანომ გაიტანეს. ამ მოგების შემდეგ, “ემპოლიმ” 27 ქულა დააგროვა და 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 24-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, სადაც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, თავის მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” ვერ მოუგო – 1:1.

მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გოგუამ ითამაშა, რომელიც არ შეუცვლიათ, ხოლო გიორგი ნავალოვსკი ზედიზედ მეორე ტურია 18-კაციან განაცხადში არ შეჰყავთ. “სკა-ენერგიას” რიგებში გოლი გორის “დილას” ყოფილმა ფორვარდმა ნათან ჟუნიორმა გაიტანა. მან ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, ხოლო სტუმრებმა თანაფარდობა 86-ე წუთზე აღადგინეს. ხაბაროვსკელებს 34 ქულა აქვთ და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-8 ადგილზე არიან.

ვლადიკავკაზის “ალანიამ” შინ კალინინგრადის “ბალტიკა” 1:0 დაამარცხა, მაგრამ ტრავმირებული ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა, ჩრდილოეთ ოსეთის გუნდის სამატჩო განაცხადში არც ამჯერად იყვნენ. “ბალტიკაში” ორი ტაიმი გაისარჯა მეკარე გიორგი შელია. “ალანიას” 46 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მერაბ ურიდია ნიჟნეკამსკელების თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. გურამ თეთრაშვილი ვლადივოსტოკელთა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “ლუჩ-ენერგია” 37 ქულით მეშვიდეა, ხოლო “ნეფტეხიმიკი” 14 ქულით – მე-18.

0.124494