საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანმა გიორგი საკანდელიძემ, ირანში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 11-კაციანი ქართული დელეგაცია მაზანდარანში ირანის ჭიდაობის ფედერაციამ მიიწვია და მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებიც ორგანიზატორებმა დაფარეს. მწვრთნელებმა, მარლენ ოსიყმაშვილმა და დავით ოთიაშვილმა თან 9 სპორტსმენი იახლეს. ძირითადად, ნაკრების მეორე-მესამე ნომრები.
“ტურნირი ფილას ეგიდით არ ჩატარებულა, მაგრამ ითქვა, რომ უახლოეს წლებში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში აუცილებლად ჩაჯდება. ამას კარგი ორგანიზებაც შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა ჩემპიონ-პრიზიორებისთვის სოლიდური ფულადი პრიზები დააწესეს. ოქროსმედალოსნებმა 2 ათასი დოლარი მიიღეს, ვერცხლის პრიზიორებმა - 1500, ხოლო ბრინჯაოსნებმა – 1000. გარდა ამისა, საბოლოოდ, გუნდური ქულებიც დათვალეს და საუკეთესო სამეულს 5, 3 და 2 ათასი დოლარი გადასცეს. ირანელთა გარდა, ტურნირში მხოლოდ ჩვენ და სომხეთის 18-კაციანი ნაკრები ვმონაწილეობდით. მასპინძლებმა 16 გუნდი გამოიყვანეს და თითო წონაში 40-45 ირანელი ჭიდაობდა. ჩვენი შემადგენლობა ასეთი იყო: მალხაზ მახარობლიძე (55 კგ), გიორგი ბალიაშვილი (60 კგ), ილია ხუციშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ), დავით ქერაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე (ორივე 96 კგ), გიორგი საკანდელიძე და გიორგი ნიკურაძე (120 კგ). სამეულში შესვლა მხოლოდ საკანდელიძემ შეძლო, თუმცა მთლიანობაში, გუნდის გამოსვლაც დამაკმაყოფილებელია”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” დავით ოთიაშვილმა.
ოთარ მაღლაკელიძე