ფეხბურთი

13:40 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ “ფახთაქორს” მოაგებინა, გოგიამ – “ჰალეშერს”, ფეიქრიშვილმა ყაზახეთში გაიტანა

 

უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, კახა მახარაძემ ტაშკენტის “ფახთაქორს” სტუმრად სამარყანდის “დინამოსთან” 2:1 მოაგებინა. ქართველმა ნახევარმცველმა გუნდს თავიდან ბოლომდე უკაპიტნა და 79-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გამარჯვების გოლი გაიტანა. მან 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში მახარაძემ 20 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. “ფახთაქორს” 44 ქულა აქვს და 14 გუნდში მეოთხეა.

“ომალიქი” “ბუნედკორს” ეწვია და 1:4 წააგო. გიორგი კვესიეშვილი სტუმრების განაცხადში არ იმყოფებოდა. “ოლმალიქი” 33 ქულით მეხუთეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-13 ტურში, “ჰალეშერმა” შინ “დარმშტადტს” 1:0 მოუგო და ერთადერთი გოლი აკაკი გოგიამ გაიტანა. გერმანიის მოქალაქე ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე გამოიჩინა. მან თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ჰალეშერს” 19 ქულა აქვს და 20 გუნდში მეცხრეა.

“ატირაუმ”, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენას ლამობს, სტუმრად “ვოსტოკს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულებში მე-2 წუთზე ანგარიში გიორგი ფეიქრიშვილმა გახსნა, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუს” 25 ქულა აქვს და 12 გუნდში მერვეა. 

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში, ბილისტოკის “იაგიელონია”, სადაც ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე გამოდიან, გასვლაზე კიელცეს “კორონასთან” 1:4 დამარცხდა.

ძალამიძე “იაგიელონიას” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 58-ე წუთზე შეცვალეს. ფოფხაძე 18-კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “იაგიელონიას” 15 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.

უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში ლუცკის “ვოლინი” საკუთარ მოედანზე უჟგოროდის “ჰოვერლასთან” 0:1 დამარცხდა. ლუცკელებში თემურ ფარცვანია თამაშში 32-ე წუთიდან ჩაერთო და 89-ე წუთზე “გააყვითლეს”. “ვოლინს” 13 ქულა აქვს და 16 გუნდში მეცამეტეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) რიგის “სკონტო”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად დაუგავპილსის “დაუგავას” უგოლო ფრეზე გაეყარა. ლადო დათუნაშვილი მხოლოდ “სკონტოს” თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი სამატჩო განაცხადში არ იყვნენ. “დაუგავაში” გიორგი ჩიხრაძემ და ბიძინა ცინცაძემ 90-90 წუთი ითამაშეს. პირველი მათგანი 29-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მეორე – 69-ეზე. აქვე გეტყვით, რომ პერტია თავის დროზე დაუგავპილსელთა მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. “სკონტო” 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 56 ქულით ლიდერობს. “დაუგავა” 46 ქულით მესამეა.

ბელარუსის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ბრესტის “დინამომ” მოზირის “სლავია” მიიღო და 3:1 აჯობა. გამარჯვებულებში ქართველმა თავდამსხმელმა უჩა გოგოლაძემ სრულად ითამაშა. ბრესეტელებს 30 ქულა აქვთ და 12 გუნდში მეცხრეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-19 ტურში ვლადიკავკაზის “ალანიამ” შინ ძერჟინსკის “ხიმიკს” 4:0 აჯობა. ოთარ მარცვალაძესა და გოჩა ხოჯავას მასპინძლებში ტრავმების გამო არ უთამაშიათ. “ალანია” 37 ქულით 19 გუნდში მეორეა და პირველ ადგილზე მყოფ სარანსკის “მორდოვიას”, სადაც აკაკი ხუბუტია ირჯება გატანილ –გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება.

კალნინიგრადის “ბალტიკამ” საკუთარ მოედანზე ორენბურგის “გაზოვიკს” 2:0 სძლია. ზურაბ არზიანი ორენბურგელთა სასტარტოში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე გიორგი შელია “ბალტიკას” თადარიგში იმყოფებოდა. “გაზოვიკი” 25 ქულით მე-9 ადგილზეა, “ბალტიკა” 23 ქულით მეთორმეტეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი” შინაურ კედლებში “უფას” დაუზავდა – 1:1. მერაბ ურიდიამ თამაში მასპინძელთა სასტარტოში დაიწყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. მას მე-4 წუთზე მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა. “ნეფტეხიმიკი” 13 ქულით მე-18 პოზიციაზეა.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-12 ტურში კიშინიოვის “ზიმბრუმ” ტირასპოლის “შერიფი” მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. თორნიკე სტეფნიაშვილი კიშინიოველთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “შერიფი”, რომლის სპორტული დირექტორია ვაჟა თარხნიშვილია, 12-გუნდიან ნაციონალ დივიზიას 29 ქულით ლიდერობს. “ზიმბრუ” 20 ქულით მეექვსეა.

ბელცის “ოლიმპია” სტუმრად “ვერისთან” 0:3 დამარცხდა. ბექა ქართველიშვილი ბელცელების სასტარტოში იმყოფებოდა და მეორე ტაიმში შეცვალეს. “ოლიმპია” 5 ქულით მეთერთმეტეა.

0.119421