დიდი ამბებია მახაჩყალის “ანჟის” ბანაკში. კლუბის მფლობელ, მილიარდერ სულეიმან კერიმოვს განუკითხაობა მოსწყინდა და ყველა ძვირადღირებული ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს. კერიმოვი გუნდს არ შლის, მაგრამ დიდ რეორგანიზაციას გეგმავს. ის ფეხბურთელებს შეხვდა და განუცხადა, რომ მათთან მუშაობას აღარ აპირებს, თუმცა იზრუნებს მათ სხვა კლუბრებში მოწყობაზე და კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხასაც სრულად გადაუხდის. ახალი მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი იქნება, რომელიც ჰოლანდიელ რენე მელენსტენს შეცვლის.
“ანჟიმ”, რომელიც წლეულს რუსეთის პრემიერლიგაში ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, სეზონი საშინლად დაიწო. 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და ცხრილში მე-13 ადგილზეა. გუნდიდან წავიდა ლეგენდარული გუს ჰიდინკიც. სეზონი ახალი დაწყებულია და ასეთი ჩავარდნა, შესაძლოა, კატასტროფის მაჩვენებელი არც იყოს, მაგრამ აქ მთავარია გუნდში არსებული სიტუაცია. უკვე ყველა ღიად საუბრობს კამერუნელი სამუელ ეტო’ს გაუსაძლის ხასიათზე, მის ისტერიულ წივილ-კივილზე, ფეხბურთელებს შორის დაძაბულ ურთიერთობეებზე და საერთოდ, გაზულუქებული მილიონერების აღვირახსნილობასა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებაზე. გაზეთი “იზვესტია” ცნობილ ამბავსაც იხსენებს, როცა პერმში, “ამკართან” უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ “ანჟის” ვარსკვლავებმა სასტუმროში ისეთი ორგია მოაწყვეს, რომის იმპერიაშიც რომ გაუკვირდებოდათ. მეორე დღეს კი მინდორზე ძლივს დალასლასებდნენ. მათი ანაზღაურებისა და პრემიალურების შესახებაც ხომ ლეგენდები დადის. მოსკოვში ცხოვრობენ და ვარჯიშობენ, მატჩებზე კი მახაჭყალაში კერძო თვითმფრინავებით დაჰყავთ.
კერიმოვმა ძალიან დიდი ფული დახარჯა და პროვინციულ გუნდში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიწვია, თუნდაც რობერტო კარლოსის (რომელიც უკვე წავიდა გუნდიდან), სამუელ ეტო’ოსა და ლასანა დიარას გვარები რად ღირს. იქ არიან ლასინა ტრაორე, ჟუსილეი, მბარკ ბუსუფი და რუსი ვარსკვლავები იური ჟირკოვი, ოლეგ შატოვი და იგორ დენისოვი, რომელიც სწორედ ეტო’ოსთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა გუნდიდან. ამბობენ, “ანჟის” ყველა ცნობილ რუს ფეხბიურთელს მოსკოვის “დინამო” გადაიბირებსო.
სხვათა შორის, მოსკოველთა ამასწინანდელი თბილისში სტუმრობისას, ერთ რუს ჟურნალისტს ვკითხე, დაახლოებით რამდენი იქნება “ანჟის” ბიუჯეტი-მეთქი. მან კი მომიგო: “ანჟის” ბიუჯეტი არ აქვს, იქ არის სულეიმან კერიმოვი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ფულის გადახდა შეუძლიაო. ახლა კი, თურმე გაბრაზებულა და წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 70 მილიონ დოლარამდე “შემცირებას” აპირებს.
მოკლედ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მარტო დიდი ფულით დიდ საქმეს ვერ გააკეთებ. კერიმოვმა სახელიანი მოთამაშეები იყიდა, მაგრამ გუნდი ვერ შექმნა. ახლა ის სტრატეგიას ცვლის, საკლუბო აკადემიის დაარსებას აპირებს და აქცენტს ადგილობრივ მოთამაშეებზე აიღებს.