ჭიდაობა

17:20 | 10.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

მახაჩყალაში 8-კაციანი ნაკრებით

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 29-30 მარტს, დორტმუნდში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებას დუშეთის სპორტულ ბაზაზე გაივლის. 19-20 მარტს, მახაჩყალაში გასამართ მსოფლიოს თასზე კი, ქართული გუნდი წონითი კატეგორიების ლიდერთა გარეშე გამოვა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ასევე მეორე-მესამე ნომრებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა იჭიდავა მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე და სამეულში შესვლა ათკაციანი შემადგენლობის ვერც ერთმა წევრმა ვერ შეძლო.
ჯერ კიდევ გუნდის ბელარუსში გამგზავრებამდე იყო დაზუსტებული, რომ მსოფლიოს თასის განაცხადში მინსკში ნამყოფ მოჭიდავეთაგან მხოლოდ მძიმეწონოსან გიორგი საკანდელიძეს შეიყვანდნენ. მის გარდა, +120 კილოგრამში, მსოფლიოს თასზე ლევან ბერიანიძეც იჭიდავებს. სხვა წონებში კი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ თითო მონაწილე ეყოლება. მახაჩყალაში გუნდს მწვრთნელები, დავით ხურცია და დავით ოთიაშვილი ჩაიყვანენ. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, მალხაზ ჯორბენაძე კი ტურნირზე იმსაჯებს.
მსოფლიოს თასი გუნდური პრინციპით ჩატარდება. საქართველოს გარდა, მასში მონაწილეობას 9 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ხალიჩაზე ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი, კუბელი, ირანელი, ბულგარელი, უზბეკი, უკრაინელი, ყირგიზი და უნგრელი მოჭიდავეები გავლენ, თუმცა, შესაძლოა, შეჯიბრამდე დარჩენილ დღეებში ცვლილებებიც მოხდეს. ამ ეტაპზე ყველაზე მოსალოდნელი უნგრეთის ყაზახეთით ჩანაცვლებაა.
10 გუნდი ტრადიციულად 2 ქვეჯგუფში გადანაწილდება და ჯგუფური ეტაპის ჩამთავრების შემდეგ, პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან, მეორეადგილოსნები კი საბოლოო, მესამე საპრიზო ადგილის დასაკავებლად. მახაჩყალის მსოფლიოს თასის საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია. ამ თანხიდან ჩემპიონი ნაკრები 50 ათასს მიიღებს, ფინალში დამარცხებული – 30 ათასს, ბრინჯაოს პრიზიორი – 20 ათასს.
საქართველოს ნაკრები
55 კგ - ბესარიონ გოჩაშვილი
60 კგ - მალხაზ ქურდიანი
66 კგ - შალვა მუზიაშვილი
74 კგ - გელა საღირაშვილი
84 კგ - ბექა ჭელიძე
96 კგ - დავით ქერაშვილი
120 კგ - გიორგი საკანდელიძე და ლევან ბერიანიძე


ოთარ მაღლაკელიძე
 

0.126912