ინტერვიუები

18:57 | 12.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

მათე ღვინიანიძე: "სევასტოპოლში" ჩამოსვლას სულაც არ ვნანობ"

"როცა აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ "სევასტოპოლი" სერიოზული გუნდი იყო. ეგაა, პირველ წრეში მას ცუდი შედეგები ჰქონდა, მე-2 წრეში კი, სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ მაინც გავვარდით პრემიერლიგიდან. სულ ცოტა დაგვაკლდა ადგილის შენარჩუნებამდე. ვიცი, ძალიან გავაწბილეთ გულშემატკივრები, მაგრამ მათ ვპირდებით, რომ მომდევნო წელს პრემიერლიგაში დავბრუნდებით" - ეს "სევასტოპოლს" 24 წლის ქართველი მცველის, მათე ღვინიანიძის სიტყვებია, რომელიც მან footballnews.com.ua-სთან ინტერვიუში თქვა.  
შეხსენებისთვის, მათე წლეულს ზამთარში გადავიდა გერმანული "მიუნხენ 1860"-დან "სევასტოპოლში", რომელიც იმ პერიოდში ბოლოსწინა ადგილზე იყო და საბოლოოდ, ამ პოზიციაზევე დაასრულა ჩემპიონატი. თუმცა, ღვინიანიძე ამბობს, ჯერ საბოლოოდ არ ვიცი, დავრჩები თუ არა სევასტოპოლშიო.
მათე ღვინიანიძე: გასული სეზონი ორ კლუბში ვითამაშე, თუმცა, ჩემი "საფეხბურთო ტურნედან" სევასტოპოლი უფრო დამამახსოვრდა. "მიუნხენ 1860"-ში 4 წელი გავატარე და აშკარად მჭირდებოდა ადგილის შეცვლა.
- არ ნანობთ, რომ "სევასტოპოლში" გააგრძელეთ კარიერა?
- სულაც არა. მოვხვდი მშვენიერ ქალაქში და ძლიერ კლუბში, რომელსაც ბრწყინვალე გულშემატკივრები ჰყავს. მეგობრულ კოლექტივს  შესანიშნავი სპეციალისტიც წვრთნიდა. კარიერის განმავლობაში, ბევრ დიდ მწვრთნელთან მიმუშავია: კლაუს ტოპმიოლერთან, ექტორ კუპერთან, თემურ ქეცბაიასთან, იური სიომინთან და მათ დავუმატებდი ანგელ ჩერვენკოვსაც ("სევასტოპოლის" ბულგარელი თავკაცი). საერთოდ, სევასტოპოლში თავს ისე ვგრძნობ, როგორ სახლში.
- ვისთან მეგობრობდით გუნდში?
- ბევრთან, თუმცა, ყველაზე უფრო, ჩემნაირ ახალწვეულებთან: სკობასთან, ვორონინთან და დოპილკასთან.
- სევასტოპოლში ყველაზე მეტად რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- ოთხ თვეში ბევრი რამის ნახვა მოვასწარი, თუმცა, ყველაზე მეტად, ჩვენი გულშემატკივრები მომეწონნენ. როცა "მიუნხენ 1860"-ში ვთამაშობდი, საშინაო მატჩებს "ალიანს არენაზე" ვატარებდით, თუმცა, მხარდაჭერა სევასტოპოლშიც ფანტასტიკურია.
- რა გეგმები გაქვთ ახლო მომავალში?
- სევასტოპოლში სათამაშოდ ჩამოვედი. მომავალშიც ამ კლუბში მსურს გამოსვლა, რადგან აქ პროფესიონალური კუთხით პროგრესირება შესაძლებელია. ჩერვენკოვთან მუშაობა ყველას გვსიამოვნებს. მან ოთხ თვეში კარდინალურად შეცვალა სიტუაცია უკეთესობისკენ. ჩერვენკოვი დიდი ადამიანი და ტოპ-მწვრთნელია. მაგრამ თუ ის წავა, მაშინ დავფიქრდები სხვა კლუბების წინადადებებზე. მოუთმენლად ველი, რას გადაწყვეტენ, ანუ დარჩება თუ არა ჩერვენკოვი "სევასტოპოლში".

p.s. უკრაინული წყაროების ცნობით, ჩერვენკოვს სერგეი პუჩკოვი შეცვლის, თუმცა, ეს საკითხი ჯერ ბოლომდე არაა გადაწყვეტილი.    

 

ილია ნანობაშვილი       
 

0.126437