ფეხბურთი

15:27 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მათე ღვინიანიძე: “მწვრთნელი ცხოვრებაშიც კარგი ადამიანი უნდა იყოს”

უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში საკუთარ მოედანზე დონეცკის “მეტალურგთან” გამარჯვების (4:2) შემდეგ, “სევასტოპოლის” მცველმა მათე ღვინიანიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერს ინტერვიუ მისცა.

- გრძნობდით, რომ ეს არა უბრალოდ კალენდარული შეხვედრა იყო, არამედ, როგორც ამბობენ, ექვსი ქულისთვის თამაში?

- არ ვიცი, სამი ქულისთვის იყო თუ ექვსისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რომ თამაში თავიდანვე გამოგვდიოდა. საწყენია, რომ  ყველა საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. უფრო მეტის გატანა შეგვეძლო. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, იმ ორ ეპიზოდში კონცენტრაცია დაგვაკლდა. თუმცა, ამ ეპიზოდებს მწვრთნელთან ერთად გავარჩევთ და დასკვნებს გავაკეთებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიტყვი, რომ ჩვენ თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ.

- მატჩის მსვლელობისას იგებდით, მაგრამ შეგნებულად ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გითამაშიათ...

- ასეთ დროს ნებისიმიერი გუნდი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს და ბოლო სამი-ოთხი წუთის განმავლობაში არ რისკავს. ჩვენ კი, წინ წავედით და მადლობა ღმერთს, გავიმარჯვეთ.

- გუნდმა უკვე იცის, რომ გენადი ორბუ მოვალეობის შემსრულებელი კი არა, უკვე მთავარი მწვრთნელია?

- არა, მე არ ვიცოდი. თუმცა, ეს მთავარი არაა. მასთან მუშაობა ძალიან მომწონს. მთავარია, მწვრთნელი ცხოვრებაში არა მხოლოდ მწვრთნელი იყოს, არამედ, კარგი ადამიანიც. მასში კი, ამას ვხედავ. როდესაც მოედანზე გავდივარ, ვგრძნობ, რომ ის უბრალოდ კი არ მკარნახობს, არამედ - როგორც ფეხბურთელი, რომელიც ჩემთან ერთად თამაშობს. მას პატივს ვცემ და იმედი მაქვს, ორბუსთან ერთად “სევასტოპოლი” კარგ შედეგებს აჩვენებს. ჩვენი გულშემატკივრები და ხელმძღვანელობა ხომ სწორედ ამას ელის.

-  ჩემპიონატში უკვე 10 ტურია ნათამაშები. განვლილ პერიოდში, გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებდი?

- უფრო მაღლაც შეგვეძლო ყოფნა და უფრო დაბლაც. რთული შესაფასებელია. გასაგებია, რომ ჩვენს გულშემატკივრებს სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღლა ყოფნა სურთ,. შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.

 

0.114988