კალათბურთი

13:07 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის საუკეთესოები: ზაზა ფაჩულია და ლებრონ ჯეიმსი

ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ “დეტროიტ პისტონზთან” გასულ შეხვედრაში, მან მიმდინარე სეზონისთვის სარეკორდო 3 დაფარება მიითვალა, ამჯერად კი, “მაიამი ჰითთან” ასევე სეზონისთვის საუკეთესო 16 მოხსნა მოაგროვა.

ნბა-ს ლიგის მოქმედ ჩემპიონთან მატჩში, აუტსაიდერ “მილუოკის” შანსი არ ჰქონია. ფლორიდელებმა საშინაო თამაშის პირველი მეოთხედი 33:19 მოიგეს და მატჩის გამარჯვებამდე (96:77) მიყვანა არ გასჭირვებიათ, სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელებად ზაზა ფაჩულია და ლებრონ ჯეიმსი აღიარეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 25:27 წუთში 8 ქულა, 16 მოხსნა (6 შეტევაში) და 4 პასი მიითვალა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართაგან 10-ქულიან ზღვარს რამონ სეშენსი (19), ჯეფ ედრიენი (14) და ბრენდონ ნაიტი (11) ასცდნენ, მაიამელებს კი, როგორც აღვნიშნეთ, ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. მის ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნაა.

“ბაქსმა” 14 მოგების წილ უკვე 61-ე მარცხი განიცადა და საკლუბო ანტირეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ მილუოკელების ყველაზე ცუდი შედეგი 62 მარცხია, ამდენად, თუკი დარჩენილ 7 შეხვედრაში გუნდმა 6-ჯერ არ იმარჯვა, ანტირეკორდს განაახლებს, აღნიშნულისთვის თავის არიდება კი ურთულესი საქმე იქნება.

ფაჩულიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 5 აპრილის დილას ელის, როდესაც თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსს” ესტუმრება. “ხარები” დღეს დილას ზაზას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსს” ესტუმრნენ და 105:92 სძლიეს. სამწუხაროდ, შენგელიას ისევ არ უთამაშია, სტუმართა რიგებში საუკეთესო დი ჯეი აუგუსტინმა კი 23 ქულა მიითვალა. “ბულსი” 43 მოგებით და 32 მარცხით აღმოსაველეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს.

0.102653