როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ძალას იკრებს, ალბათ დიდი “მკრეხელობა” არის ქართულ ფეხბურთზე რომ გადავწყვიტე ორიოდე სიტყვის დაწერა. იმ ქართულ ფეხბურთზე, რომელიც მავანთა აზრით, ლამის ყოველ წელს კვდება, მაგრამ ბევრს არ უნდა იმის აღიარება, რომ ქართული ფეხბურთი უკვდავი (და მარად ტანჯული) იქნება სანამ ფეხბურთის ერთი ქომაგი მაინც დააბიჯებს ჩვენს მიწაზე. ასეთები კი საბედნიეროდ საკმაოდ ბევრნი არიან და მათი გულისტკივილიც საზოგადოა და ყოვლისმომცველი.
როგორც იცით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მომავალ წელს საქართველოს ჩემპიონატში თექვსმეტმა გუნდმა შეიძლება ითამაშოს (გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული) და ეს მაშინ, როდესაც არსებობს ლოგიკურად დასაბუთებული საერთო აზრი, რომ ჩვენი ქვეყნის სიდუხჭირიდან გამომდინარე, საქართველოს ჩემპიონატში 10 და 12 კლუბის თამაშიც კი ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს და არაერთი სეზონი გვახსოვს, როდესაც უსახსრობის გამო ქართულმა კლუბებმა ჩემპიონატი ვერ ჩაამთავრეს.
თუკი ეს ყველაფერი ცხადია და ალბათ უმეტესობა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენს პირველობაში კლუბების რაოდენობის გაზრდა რბილად რომ ვთქვათ არალოგიკური გადაწყვეტილებაა, მაშ რატომ განიხილავენ ამ საკითხს?! მოდით აქვე შევთანხმდეთ, რომ უსაფუძვლო ბრალდებებს არ დავიწყებთ და თუკი ვინმეს რაიმეში დავადანაშაულებთ, ეს ბრალდებები ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული. ამიტომ ჩვენ ამჯერად მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა და საკუთარი საფიქრალის დაფიქსირება შეგვიძლია. საფიქრალი კი იცოცხლეთ, ბევრი გვაქვს...
ვინც ამბობს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატში კლუბების 16-მდე გაზრდის იდეის მთავარი მიზეზი ქართულ ფეხბურთში ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება მეტი რეგიონის ჩართვაა, ის მინიმუმ იდეალისტია მაქსიმუმ კი ვერ ერკვევა რეალობაში. მარტივი ამბავია. ფეხბურთი ფეხბურთია და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მათ უნდა ითამაშინ ვინც ამას იმსახურებს. აქ სხვა ახსნა წესით არ უნდა არსებობდეს. ჩვენი თავი ენაცვალოს საქართველოს ყველა რეგიონს და ყველა ქართულ ქალაქს მსოფლიოს დონის კლუბების ყოლას ვუსურვებთ, მაგრამ წარმატებები კონკურენციის გზით უნდა მიიღწეოდეს და არა იმიტომ, რომ ვთქვათ რაკი კახეთის გუნდები თვითონ ვერ ახერხებენ უმაღლესში ადგილის დამკვიდრებს ავდგეთ და კახური კლუბები მარტივად შევყაროთ (მაპატიეთ ამ ტერმინის ხმარებისათვის) უმაღლეს ლიგაში.
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი საზოგადოების ხშირ შემთხვევაში უცნაური პოზიცია მთელს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც წარმატებული და ფინანსურად წელგამართული გორის “დილასათვის” სახელმწიფო სახსრებით დაფინანსების შეწყვეტას ითხოვდნენ, დღეს არაფერს ამბობენ იმაზე, რომ კონკურენციის პრინციპის სრული უგულველყოფის ხარჯზე, საქართველოს 16 გუნდიანი პირველობა შესაძლებელია სრულ ბარდაგად გადაიქცეს და სეზონის ბოლოს ზოგიერთი უფულო კლუბის გლოვის ზარმა გაგვაყრუოს. არც იმაზე იღებენ ხმას, რომ ასეთი უცნაური მიდგომების გადამკიდე, თბილისის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურას” გარდა ლამის ყველა ქართული კლუბი ბანკროტი გახდა და რომ არა გუბერნიებიდან და სამინისტროებიდან გამოყოფილი კაპიკები, რეგიონებში კლუბების უმეტესობა საერთოდ შეწყვეტდა არსებობას.
და საერთოდ – რა ჩემპიონატში კლუბების გაზრდა აგიტყდათ ხალხო? იქნებ მათ მიხედოთ ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სახეს და 90-იანი წლების კლუბებივით მაისურების შეძენის პრობლემა მაინც არ გააჩნიათ. კლუბების რაოდენობის გაზრდით წინ წაწეული ჩემპიონატი არავის უნახავს - დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებით ჩაოხრებული ჩემპიონატები კი რამდენიც გინდათ იმდენია. საქმე აკეთეთ მეგობრებო, საქმე!