ინტერვიუები

10:37 | 15.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "დანაპირებს შევასრულებთ"

18 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა შედგება და ევროპის საუკეთესო 16 გუნდი თავის მეტოქეს შეიტყობს. იტალიის ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი “ინტერი”, კარგა ხანია ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე წარმატებას ვეღარ აღწევს, მიმდინარე გათამაშებაში კი, “ნერაძური” გაცილებით უკეთ გამოსვლას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ამას, გუნდის ფანებს, კლუბის პრეზიდენტი, მასიმო მორატი ჰპირდება.

- მას შემდეგ, რაც “ბარ¬სელონამ” კიევში “დინამო” დაამარცხა, ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეთ და მერვედფინალის კენჭისყრისას, შედარებით რთული მოწინააღმდეგის პირისპირ მოგიწევთ დადგომა...
- ჩვენ საზიზღრად ვითამაშეთ ბარსელონაში, რის გამოც, ჯგუფური ეტაპის მე-2 საფეხურზე დასრულება მოგვიხდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის პირველი სტადიის დასკვნითი შეხვედრა ყაზანის “რუბინთან” მშვენივრად ჩავატარეთ, რაც ფლეი-ოფში ასპარეზობისას ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.
- სეზონის წინ, “ნერაძურის” გულშემატკივრებს დაჰპირდით, რომ გუნდი ნავსს გასტეხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერად წარმატებით გამოვიდოდა...
- კარგად მახსოვს ნებისმიერი ჩემი დანაპირები და შევეცდებით, ჩვენი ერთგული ქომაგები არ გავაწბილოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავამტკიცოთ, ევროპის საკლუბო ელიტაში რომ შევდივართ! ვიმედოვნებ, წელს უკეთ გამოვალთ და ის კოშმარი, რაც ბოლო ორ გათამაშებაში “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედთან” წაგებებს მოჰყვა, აღარ განმეორდება.
- მაინც, რა დაგაკლდათ ინგლისური ბარიერის დასაძლევად?
- მხოლოდ და მხოლოდ იღბალი. ვიმედოვნებ, ამჯერად ფორტუნა ზურგს არ შეგვაქცევს.
- რომელ გუნდს უფრთხით ყველაზე მეტად მერვედფინალში?
- შიშით არც ერთის გვეშინია, სიფრთხილე კი ნებისმიერ მეტოქესთანაა გამოსაჩენი. ძალიან ძლიერად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი “ბორდომ”. გუნდი ტექნიკური და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, კოლექტივი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, თუმცა, არც მის დამრიგებელს და არც მოთამაშეებს გამოცდილება არ აკლიათ. “სევილიას” რაც შეეხება, თუკი ანდალუსიელებს ისე არ მიუდექი, როგორც მადრიდის “რეალს”, ან “მანჩესტერ იუნაიტედს”, წაგება არ აგცდება.

გოჩა კაჭარავა

 

0.117418